რუსეთის ჯაშუშები

რუსი ჯაშუშები გაერთიანებულ სამეფოში

რუსეთს დღეს იმდენივე ჯაშუში ჰყავს გაერთიანებულ სამეფოში, რამდენიც ცივი ომის დროს. ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლების ნახევარი, სავარაუდოდ, შპიონაჟშია ჩართული, რის შესახებაც ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გამოცემა Daily Telegraph-ს განუცხადეს.

გაერთიანებულ სამეფოში რუსეთის ორმოცი ჯაშუში მუდმივად მუშაობს. მათი უმრავლესობა სახელმწიფოსთან დაკავშირებულ ინფორმაციას აგროვებს, დანარჩენები კი ლონდონში მყოფ რუს ოლიგარქებს და ბრიტანულ კომპანიებს უთვალთვალებენ. თუმცა, გარდა „უწყინარი” შპიონაჟისა, რუსი ჯაშუშები რუსეთის ხელისუფლებისთვის მიუღებელი პირების ლიკვიდაციითაც არიან დაკავებულნი. გასულ თვეში ლონდონში ცნობილ რუს ბანკირს, გერმან გარბუნცოვს ესროლეს. გარბუნცოვი საავადმყოფოშია და მის სიცოცხლეს დღემდე საფრთხე ემუქრება. ბრიტანელი სამართალდამცავები საქმის დეტალებს ჯერ არ ახმაურებენ.

გასულ კვირას ბრიტანულმა გამოცემა Sunday Telegraph-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი ჯაშუშები ლონდონში მყოფი ჩეჩენი სეპარატისტის, ახმედ ზაკაევის მკვლელობას ცდილობდნენ. გაზეთის ცნობით, ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვს თავისი კონკურენტების შავი სია აქვს და მათ თავიდან მოსაშორებლად ჯაშუშებს იყენებს.

რუსი ჯაშუშების დაკავება თითქმის ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. შარშან ბრიტანელმა სამართალდამცავებმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს კატია ზატულივეტერი, რომელსაც ბრიტანეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის წევრთან ჰქონდა რომანი. თუმცა, საბოლოოდ, ზატულივეტერს ეს ბრალდება არ დაუმტკიცდა. უსაფრთხოების სამსახურის დასავლელი ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსეთის ჯაშუშობის „ხარისხმა” მნიშვნელოვნად დაიწია და სულ უფრო ადვილი გამოსარკვევი ხდება, მაგრამ საფრთხეს მაინც წარმოადგენს.

გაერთიანებული სამეფოს უშიშროების სამსახურში ვარაუდობენ, რომ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთი ჯაშუშების რაოდენობას გაზრდის და უკეთ „მიადევნებს თვალს” ოლიმპიადასა და დედოფლის საიუბილეო ცერემონიალს.

გარდა ბრიტანეთით დაინტერესებისა, რუსეთი იქ „მოღვაწე” ჯაშუშებისგან აშშ-ზეც იღებს ინფორმაციას. აშშ-სა და ბრიტანეთს ახლო ურთიერთობა აქვთ და გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოების სამსახურები ხშირად ისეთ მონაცემებს ფლობენ, რომელიც სხვა ქვეყნებისთვის დახურულია.

2007 წელს ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურის MI5-ის დირექტორმა ჯონათან ივანსმა განაცხადა, რომ მიუხედავად ცივი ომის დასრულებისა, ის მაინც ზრდიდა რესურსებს რუსეთის, ჩინეთის და სხვა ქვეყნების ჯაშუშებისგან სამეფოს დასაცავად: „ცოტა გულდასაწყვეტია, რომ ამაზე ბევრი რესურსის ხარჯვა გვიწევს მაშინ, როცა შეგვეძლო, იგივე ძალისხმევა, საერთაშორისო ტერორიზმის საშიშროებასთან საბრძოლველად გამოგვეყენებინა”.

გაერთიანებულ სამეფოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა ბოლო რამდენიმე წელია დაიძაბა. მდგომარეობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2006 წელს ლონდონში ალექსანდრ ლიტვინენკო მოკლეს და მთავარი ეჭვმიტანილის, ანდრეი ლუგოვოის ექსტრადიციასთან დაკავშირებით სირთულეები შეიქმნა.

დასავლეთში ჯაშუშობის მხრივ დღეს მოწინავე ადგილებზე რუსეთი და ჩინეთი არიან. სწორედ ამის გამო, ბევრი სკეპტიკურად უყურებს რუსეთის განცხადებებს ცივი ომის დასრულების შესახებ.

კომენტარები