საბჭოთა რეჟიმი

რამდენიმე ეპიზოდი ნასალდათარის ცხოვრებიდან

0 კომენტარი

სდექ, გაინათე სახე!

ხუთდღიანი შვებულება კარგი სამსახურისთვის მიბოძეს, მაინც რა კრეტინები არიან ეს სალდაფონები? იმდენი მიჩიჩინეს წესდება, წესდებაო, ვიდრე არ დავჯექი და ჩემი მოვალეობები და უფლებები წვრილად ვისწავლე. როგორც ჩანს, ეს იყო ერთადერთი `ენა~, რომელიც საშუალებას მაძლევდა `კანონიერად მემოქმედა~.

ბატარეიის მეთაურს, კაპიტან გრომოვს ვთხოვეთ რამდენიმე ქართველმა ჯარისკაცმა, რომ დღეგამოშვებით ყარაულში გავემწესებინეთ. გრომოვს გაუკვირდა ჩვენი ინიციატივა, რადგან საგუშაგოზე უმრავლესობა უხალისოდ დადიოდა და იქ ბევრად უარესი პირობები იყო, ვიდრე ყაზარმაში. ოცდაოთხსაათიანი საგუშაგო ვადა ყოველ ჯარისკაცზე ასე ნაწილდებოდა: ორი საათი `პოსტზე~, შემდეგ ორი საათი საგუშაგოს შენობაში მორიგეობა, ორი საათი ძილი, მერე ისევ პოსტი და ა.შ. საგუშაგოზე დღეგამოშვებით სიარულს სამი დიდი უპირატესობა ჰქონდა.

პირველი: მთლიანად ვწყდებოდით სამწყობრო, ქიმიურ, ტექნიკურ, სპორტულ თუ პოლიტმეცადინეობებს.

მეორე: თხუთმეტში საღამოს რომ წაგვიყვანდნენ საგუშაგოდ _ თექვსმეტში გადაღლილებს, ყაზარმაში ათ საათზე `ატბოის~ რომ გამოგვიცხადებდნენ, იოლად გვეძინებოდა. თენდებოდა შემდეგი დღე, ე.ი. ჩვიდმეტი რიცხვი და გვეჩვენებოდა, რომ დრო უფრო სწრაფად გადიოდა, ვიდრე ოდესმე. თითქმის სამი დღე თვალსა და ხელს შუა ქრებოდა.

მესამე: დივიზიის ბიბლიოთეკიდან გამომქონდა რამდენიმე წიგნი ან ჟურნალ `ინოსტრანნაია ლიტერატურა~-ს მორიგი ნომერი, გიმნასტურის უბეში ვმალავდი და საგუშაგოზე პროჟექტორის შუქზე ვკითხულობდი ღამღამობით.

ერთხელ `ზამპოლიტმა~ _ მაიორმა აგუზაროვმა მთელი ლექცია ჩამიტარა იმის თაობაზე, რომ `ინოსტრანნაია ლიტერატურა~ მავნე, კაპიტალისტური ლიტერატურაა და ვნების მეტს არაფერს მოგიტანსო. ძლივს დავუმტკიცე, რომ ეს ჟურნალი მოსკოვში გამოდის და წასაკითხად ნებადართულია საბჭოთა მოქალაქეებისათვის. ის მაინც თავისას იმეორებდა: ჯარისკაცმა ეს ჟურნალი არ უნდა იკითხოს, სამხედრო წესდებაა შენთვის უმთავრესი; თუ მაინცდამაინც მხატვრული ლიტერატურა გინდა, იკითხე წიგნები გმირულ საბჭოთა არმიაზეო. მეც ავდექი და წესდება საგულდაგულოდ ვისწავლე. დივიზიის ბიბლიოთეკიდან გამოტანილ ლიტერატურას კი ვმალავდი, რადგან მაიორმა აგუზაროვმა რამდენჯერმე მკაცრად მისაყვედურა: საეჭვოდ ხარ დაინტერესებული საზღვარგარეთული ლიტერატურით. ტოლსტოის და დოსტოევსკის კითხვაც არ მირჩია, გორკის დაეწაფეო.

ასე იყო თუ ისე, კაპიტანმა გრომოვმა ჩვენი თხოვნა `შეისმინა~ _ დღეგამოშვებით საგუშაგოზე დავდიოდით რამდენიმე ქართველი ჯარისკაცი. ჩვენი უფროსობა სერჟანტ საიფერტს დაავალეს. საიფერტი რუსულენოვანი გერმანელი იყო ყაზახეთიდან. ერთხელ საიდუმლოდ გამიმხილა, გერმანული ვიცი, მაგრამ არავის უთხრაო.

ღამით ვდგავარ პოსტზე ავტომატგადაკიდებული. უცებ საშინლად გაწვიმდა. არ ვიცი, თავი სად შევაფარო. ძლივს მოვასწარი წიგნის შენახვა უბეში, კოშკურაზე ავძვერი და წვიმის გადაღებას დაველოდე. ბნელა, არაფერი ჩანს. წყვდიადის სიღრმიდან რაღაც ხმა მომესმა. ავტომატი მოვიმარჯვე:

_ სტოი, კტო იდიოტ?! _ ვიღრიალე საკუთარი შიშის დასაძლევად.

_ ეტო ია, გამიდოვ!

ჰო, ის იყო, ხმის ტემბრზეც ვიცანი, რომ ის იყო, მაგრამ ნასწავლი წესდება უფლებას არ მაძლევდა უფროსი ლეიტენანტი გამიდოვი საგუშაგოზე შემომეშვა, ვიდრე პაროლს არ მეტყოდა. ხომ შეიძლებოდა `მტრის~ ხმა მის ხმაში ამრეოდა?!

_ პაროლ! _ ვიღრიალე.

უკვე არაფრის მეშინია. ნაღდად ვიცი, რომ გამიდოვია, მაგრამ წესდება კიდევ მაძლევს ერთ უფლებას. პაროლი შეიძლება მტერმაც გაიგოს. სიბნელეში მორიგე ოფიცრის ვინაობაში თუ ეჭვი შეიტანა გუშაგმა, უფლება აქვს მორიგე ოფიცერს უბრძანოს, რომ სახე გაინათოს. ამ ბოლო მოთხოვნის შესრულებამდე საგუშაგოს გარკვეული მონაკვეთის ბატონ-პატრონი მხოლოდ გუშაგია. რადგან წესდება ვიცი, ბოლომდე ვიყენებ ჩემს ცოდნას.

_ ოსვეტიტ ლიცო!

გამიდოვი ხან პაროლს, ხან თავის გვარს ღრიალებს, მე ვარო, _ მიმტკიცებს. მეც ვიცი, რომ ის არის, მაგრამ რატომ არღვევს წესდებას? ჰმ, ფარანი არ წამოუღია ხომ?!

პირნათლად ვასრულებ ჩემს მოვალეობას:

_ სტოი, სტრელიატ ბუდუ!

_ გამიდოვი ვარ, გამიდოვი, გამიდოვი ვარ! _ ყვირის, მაგრამ მაინც მოაბიჯებს საგუშაგოზე.

ცა ჩამოიქცა, არაფერი მოჩანს. ისევ ვაფრთხილებ. იგი გზას აგრძელებს, არ მემორჩილება. ვიცი, რომ გამიდოვია, იოტისოდენად არ მეპარება ეჭვი, მაგრამ `უსტავი~ ხომ `უსტავია~, ბოლომდე უნდა შევასრულო! გადმოვიღე ავტომატი და ჰაერში მივუშვი ერთი მოკლე ჯერი.

_ ნე სტრელიაი, ნე სტრელიაი! _ ბუნდოვნად ვხედავ, რომ პირქვე ჩაემხო ტალახში.

ასე დავიჭირე წესდების დამრღვევი ოფიცერი, რომელიც ჯაშუში მეგონა, რადგან სიბნელეში ფარანი არ წამოიღო და სახე არ გაინათა, წესდება დაარღვია.

ავტომატის ხმაზე საგუშაგოდან გამოცვივდნენ. ცოტა ხანში ფარანმომარჯვებული საიფერტი გამოჩნდა სიბნელეში.

_ ეს უფროსი ლეიტენანტი გამიდოვია, შეწყვიტე სროლა!

_ მესმის! _ ყალბი მორიდება გავურიე ხმაში.

ბიჭები სიცილს ძლივს იკავებდნენ. ტალახში ამოვლებული გამიდოვი შიშისგან ენაგადაყლაპული იდგა.

_ ვერ გიცანი, ამხანაგო უფროსო ლეიტენანტო, ნამდვილად ვერ გიცანი!

ამასობაში შემცვალეს. საგუშაგოს ერთსართულიან შენობაში შევედით. გამიდოვი ხაკისფერი მანქანით სადღაც გაუჩინარდა.

ყველა იცინოდა, საიფერტის გარდა. საიფერტს ღიმილის ორი წვეთი უბრწყინავდა თვალებში და იმის დამალვასაც ცდილობდა. საძინებელ ოთახში უქვეშაგებო, ხმელ ტახტზე წამოვგორდი...

ოდნავ გაიისფრდა ცა, წვიმამ გადაიღო და ისე, როგორც გამთენიისას იცის, ძილმა თავი წამართვა.

დილით ოცმეთაური გამიდოვი, ბატარეის უფროსი _ კაპიტანი გრომოვი და პოლიტხელი _ მაიორი აგუზაროვი დაგვადგნენ თავზე. ცარიელი ვაზნები მოაძებნინეს ჯარისკაცებს, ავტომატის მჭიდი შემიმოწმეს, დამითვალიერეს, რამდენი საბრძოლო ვაზნა მაკლდა. დააჯამეს. სწორი გამოვიდა. დამკითხეს. მოვახსენე. იმავე საღამოს დივიზიონის მეთაურმა _ ვიცე-პოლკოვნიკმა კოსტრიგინმა, ყაზარმაში რომ დავბრუნდით, ბრძანა _ დივიზიონის მთელი შემადგენლობა ჩაემწკრივებინათ. მერე ჩემი გვარი გამოაცხადა. სამი ნაბიჯი წინ გადავდგი, მხედრულად შემოვბრუნდი და გავიჭიმე. აი, მაშინ მოხდა ის, რისი დაჯერებაც დღემდე მიჭირს.

ვიცე-პოლკოვნიკმა ორიოდე წუთი ილაპარაკა წესდების ცოდნის აუცილებლობაზე. წუხანდელი, საგუშაგოზე მომხდარი ამბავი გაიხსენა და საზეიმოდ მაუწყა:

_ ზა ბდიტელნუიუ სლუჟბუ პიატ სუტოკ ოტპუსკა!

........

კაკულიამ შემანჯღრია. წერილი გამომიწოდა. გავედი დივიზიის ყველაზე მიყრუებულ ადგილას, აჩონჩხილი საკუჭნაოს უკან, საიდანაც მოჩანდა, სასროლეთის გადატრუსული ველი როგორ ერთვოდა ჰორიზონტს. გავხსენი კონვერტი და დედის წერილის კითხვა დავიწყე. კითხვისას მისი სითბო ვიგრძენი, თითქოს იგი აქვე იყო ან მე ვიყავი მასთან, თუმცა წერილის ავტორის და მკითხველის სიახლოვე იმ წარმოსახულ სინამდვილეში სუნთქავდა, გაურკვეველ სივრცეში რომ გაჩხერილიყო და დედა-შვილს შორის არსებულ მანძილს მყისიერად ამოკლებდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კარინა ყენია

კომენტარები