ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის აზრით, მიტ რომნის შეხედულებები აშშ-ის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით რეალობას მოწყვეტილია. ნიუ იორკის უნივერსიტეტში გამოსვლისას მან გაიხსენა რომნის ცნობილი განცხადება, რომლის მიხედვით რუსეთი შეერთებული შტატების ნომერ პირველი გეოპოლიტიკური მტერია და თქვა: „იმ შემთხვევაში თუ რომნი პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს, აშშ წარსულში დაბრუნების საფრთხის წინაშე დადგება, რაც უკანასკნელ წლებში მიღწეულ წარმატებებს ხაზს გადაუსვამს.“
ბაიდენმა რომნი აშშ-რუსეთის ურთიერთობების „ცივი ომის“ პერიოდში დაბრუნებისაკენ სწრაფვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ბრძოლაში ჩაბმული რესპუბლიკელების კანდიდატი მოვლენებს 1950 წლის „ცივი ომის“ გადასახედიდან აფასებს.
ვიცე-პრეზიდენტის შეხედულებით, იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც აშშ ბარაკ ობამას პრეზიდენტობამდე ახორციელებდა, ქვეყანა არაერთხელ დარჩენილა მოკავშირეების გარეშე.
ბაიდენის თქმით, ობამას „ფრთხილმა პოლიტიკურმა ნაბიჯებმა“ აშშ-ს საშუალება მისცა შეცდომები გამოესწორებინა. „ჩვენ ურთიერთობები საერთო ინტერესების საფუძველზე დავამყარეთ რუსეთთან, ჩინეთთან, ბრაზილიასთან, თურქეთთან. სწორედ ეს ურთიერთობები უწყობს ხელს აშშ-ს უსაფრთხოებას.“ - აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა.
ბაიდენმა რომნის აგრეთვე, ბრალი დასდო იმაში, რომ მას არ აღელვებს ისეთი საკითხები, როგორიც მაგალითად, აშშ-ს ჯარის ავღანეთიდან გაყვანაა.