ტერაქტი

თავდასხმები ნიგერიის ქალაქებში

ნიგერიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ კანოს უნივერსიტეტზე ცეცხლსასროლი იარაღისა და ბომბების გამოყენებით განხორციელებულ თავდასხმას 21 – მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

უცნობმა პირებმა იერიში შენობაზე, რომელსაც ქრისტიანები კვირაობით სალოცავად იყენებენ, მაშინ მიიტანეს, როდესაც ერთ–ერთ აუდიტორიაში ლოცვა აღევლინებოდა.

BBC – ის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა თავდაპირველად ერთმანეთის მიყოლებით უნივერსიტეტის ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქება განახორციელეს. მოგვიანებით კი შენობიდან გამოსული ხალხის წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. ადგილზე სამართალდამცავების მისვლის შემდეგ  უცნობმა პირებმა მიმალვა მოახერხეს.

გამოცემის ცნობით, კიდევ ერთი თავდასხმა ნიგერიის ჩრდილო–აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ მაიდუგურუში, ქრისტე მაცხოვრის ტაძარზე განხორციელდა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს შეჭრილმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხუთი ადამიანი მოკლეს.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას აუღია. BBC – ის ინფორმაციით, უკანასკნელ ხანებში ისლამისტური დაჯგუფება Boko Haram – ის მიერ ნიგერიაში განხორციელებულ აფეთქებებს 180 – მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

კომენტარები