ფოტოგრაფია

მარცხენა სარკმელს მიღმა

ფოტოგრაფია მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გატაცებაა. ადამიანებს ყოველთვის სიმართლეს ეუბნება, იმ შემთხვევაშიც, თუ ამის მოსმენა არ უნდათ, რაც დიპლომატისთვის უჩვეულო, ცოტა სახიფათო თვისებაც უნდა იყოს. „ტრავიატა” მისი საყვარელი ოპერაა, ბეთხოვენის მეხუთე სიმფონიის მეორე ნაწილი კი ერთ-ერთ ყველაზე უმშვენიერეს მუსიკალურ კომპოზიციად მიაჩნია მათ შორის, რაც კი დაწერილა. ისევე, როგორც მისი თაობის ბევრ ქალს, უყვარს ჯეინ ოსტინი. გატაცებულია რუსული ლიტერატურითაც – კითხულობს დოსტოევსკის, ასევე ძალიან საინტერესოდ მიაჩნია ტონი მორისონის, ნობელის პრემიის მფლობელი ამერიკელი მწერალი ქალის შემოქმედება. უყვარს ლაშქრობა და მთები.

ჰოლი ჰოლცერ ბასს ჩვენთან იცნობენ როგორც საქართველოში ამერიკის ელჩის, ჯონ ბასის მეუღლეს. ფოტოგრაფია მისთვის უბრალო გატაცებაზე მეტია – ფოტოგამოფენები ადრე ჩიკაგოსა და კატმანდუშიც გაუმართავს. პროფესიით თავადაც დიპლომატი, წელიწადზე მეტია, აქ ცხოვრობს და ამბობს, რომ საქართველო შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის შესანიშნავ სტიმულს აძლევს. „აქ ყველაფერია: მაღალი მთებიც, ურბანული გარემოც... კახეთში მშვენიერი პეიზაჟებია, დავით გარეჯში რომ ჩადიხარ, ისეთი შეგრძნება გიჩნდება, რომ საქართველოში კი აღარ ხარ, სადღაც, უდაბნოში მოხვდი. ცის ის ვარდისფერი, რომელიც აქ ზამთარში არის ხოლმე, უნიკალურია – ასეთს სხვაგან ვერ ნახავთ. ვფიქრობ, ეს მშვენიერი ადგილია ხელოვანი ადამიანისთვის”, – ამბობს ჰოლი ჰოლცერ ბასი.

მისი ფოტოგამოფენა, სახელად „მარცხენა სარკმელს მიღმა”, რომელიც ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში მარტის ბოლოს გაიხსნა, ამ მოსაზრების ნათელი დადასტურებაა. „როდესაც მანქანით თუ ავტობუსით ვმგზავრობ, ჩვეულებრივ, მარცხენა მხარეს ვჯდები. შესაბამისად, მარცხენა ფანჯრიდან ვუყურებ სამყაროს”.

ზოგიერთი ფოტო მართლაც ფანჯრიდანაა გადაღებული. გამოფენა (და დიდი მოგზაურობაც) რვა მინიატურით იწყება. რას არ ნახავთ აქ – ბოთლებს ალექსანდრე ჭავჭავაძის მარნიდან, სამცხე-ჯავახეთის ტყეებს, კახურ შემოდგომას, ბათუმური სახლის ძველ ფანჯარას... არის პორტრეტებიც – ბაქოს ბაზარში აღმოჩენილი სახეების, რომლებიც ორიოდე წლის წინ აზერბაიჯანში ცხოვრების დროს გადაიღო. აქვეა კახელი მოხუცი ქალი, რომელიც ჰოლის თონეში პურის გამოცხობას ასწავლიდა და ინსტალაცია – ბორჯომის ბოთლებით გაწყობილი მაგიდა, რომელიც ქართული სუფრის ერთგვარი რეპრეზენტაციაა.

მათ, ვისთან ერთადაც ხშირად მგზავრობს, ხშირად ესმით ჰოლის „გააჩერე, ამას ფოტო უნდა გადავუღო”... და უკვე იციან, რას შეიძლებოდა ფოტოგრაფი ასე აეღელვებინა. „როცა აქ საცხოვრებლად გადმოვედი, ერთ-ერთი პირველი ვიზიტი სამცხე-ჯავახეთში მქონდა. მაშინ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საოცრად ლამაზი, მაგრამ განსხვავებული დიზაინის ძველმა ბენზინგასამართმა სადგურებმა. ზოგიერთი თანამედროვედ გამოიყურებოდა, ზოგი კი – პირიქით. ამასთან, ყველა მათგანი ძალიან უნიკალური იყო. დღეს ხომ ვისოლის, რომპეტროლის და სხვა ბენზინგასამართი სადგურები ერთნაირია. ადრე ყველა ასეთი სადგური ოჯახების მფლობელობაში იყო, რაც გამოიხატება კიდეც მათ გარეგნულ მრავალფეროვნებაში”. მის კოლექციაში უკვე ორმოცდაათამდე ბენზინგასამართი სადგურის ფოტოა, თუმცა გამოფენაზე მხოლოდ ათია წარმოდგენილი.

გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი ძუძუს კიბოს შესახებ საინფორმაციო კამპანიასა და დაავადების მკურნალობას მოხმარდება. აღსანიშნავია, რომ ჰოლი ჰოლცერ ბასი მეუღლესთან ერთად აქტიურად არის ჩართული ძუძუს კიბოს წინააღმდეგ გამართულ საინფორმაციო კამპანიაში, რადგან ეს დაავადება საქართველოში 14-დან 49 წლამდე ასაკის ქალთა სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია. ფოტოგრაფს მიაჩნია, რომ აღნიშნული სტატისტიკის შეცვლა შესაძლებელია, ამიტომ სურდა, ამ პრობლემაზე გამოფენით უფრო მეტად გაემახვილებინა ყურადღება. ფოტოგამოფენა ოცდაათ აპრილამდე გასტანს.

კომენტარები