სამხატვრო აკადემია

არშაკუნის სასახლიდან სამხატვრო აკადემიამდე

ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იან წლებში, სამხატვრო აკადემიის პირველი რექტორი თხოვნით მიმართავდა მაშინდელ, დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას, გაემაგრებინათ აკადემიის შენობა და გადაერჩინათ დანგრევისაგან. როგორც ჩანს, ამ უნიკალური შენობის საძირკველი თუ კონსტრუქცია თავიდანვე პრობლემური იყო მთაწმინდის ფერდობიდან მომდინარე მიწისქვეშა წყლების თუ შესაძლო არასწორი პროექტირების გამო. ფაქტია, რომ ცნობილი რუსი არქიტექტორი გრიგორ ივანოვი, რომელიც 1856-57 წლებში მუშაობდა პროექტზე, რიგ მიზეზთა გამო უკან, პეტერბურგში გაუწვევიათ და შენობის მშენებლობა უკვე მის გარეშე დასრულებულა 1860 წლის ბოლოს.

„შენობა ძალიან ავარიულია. ისტორიული სარკეებიანი დარბაზის ჭერი და ბათქაში იშლება. არქიტექტურული სხეული დეფორმირებულია” – დაასკვნა კულტურული კვლევისა და კოორდინირების ცენტრმა (CRC), რომელმაც სამხატვრო აკადემიის დიდ დარბაზში ორგანიზება გაუწია დისკუსიას თემაზე „სამხატვრო აკადემიის შენობის მდგომარეობა და პერსპექტივები” (დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აღმოსავლური ხელოვნების სპეციალისტმა ირინა კოშორიძემ, რესტავრატორმა ნანა კუპრაშვილმა და პროექტის ხელმძღვანელმა კახა ტრაპაიძემ. მოდერატორი გახლდათ ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია).

საგანმანათლებლო სივრცის და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ყოფილი არშაკუნის სასახლის რეაბილიტაციას ერთი-ორად საპასუხისმგებლოს ხდის. მით უმეტეს, რომ შენობა უნიკალური ორიენტალიზმის სტილის ტიპური ნიმუშია და ეს ერთდროულად ევროპულ და აღმოსავლურ, კერძოდ კი ირანულ სტილს გულისხმობს.

ამ ძეგლის რეაბილიტაცია მეტად სპეციფიკური სამუშაოების ჩატარებას მოითხოვს. აკადემიის პედაგოგები სტუდენტებთან ერთად უკვე თითქმის 10 წელია კომპლექსურად იკვლევენ და მუშაობენ შენობის რეაბილიტაციის პროექტზე. გადაწყვეტილია, რომ ინტერიერის აღდგენაზე იმუშავებენ მათი კოლეგები, ირანელი სპეციალისტები ისპაჰანის უნივერსიტეტიდან, რადგან თავის დროზე, მე-19 საუკუნის 50-იან წლებში, ეს ინტერიერი სწორედ ირანელი ოსტატების ხელითაა შექმნილი. ამ ფაქტზე ხელოვნების ისტორიის ცნობილი მკვლევარი ვახტანგ ბერიძეც წერს თავის „თბილისის ხუროთმოძღვრებაში” (1963წ.): „აქ ვხედავთ მინისა და სტუკოს დეკორაციებს სარკეებიან ფონზე, სტალაქტიტურ ფრიზებსა და მუშარაბიან ღიობებს, ფერწერას კედელსა და მინაზე, მოხატულობას სპარსულენოვანი მედალიონებით. ირანულ-ისლამური მოტივები გამოყენებულია შენობის სარკმელებშიც. ეს აღმოსავლური ინტერიერი ირანელი ოსტატების მიერ უნდა იყოს შესრულებული, რომლებიც იმ დროს თბილისში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ”.

ირანელი ოსტატები ინტერიერზე სამუშაოდ სასახლის მეპატრონეს – ვარდან არშაკუნს მოუწვევია. ის იყო მდიდარი თბილისელი სომეხი, რომელიც თავის დროზე ირანიდან გადმოსახლებულა. გარდა იმისა, რომ მე-19 საუკუნის სასახლეების ინტერიერებში აღმოსავლური სტილი მოდური იყო, ვარდან არშაკუნის იდე ფიქსი ირანში საკუთარი ფესვების ძიება ყოფილა – გადმოცემის მიხედვით, სომეხი არშაკუნიანები საკუთარ თავს პართული წარმოშობის ირანელი არშაკიდების სამეფო დინასტიის სომხური განშტოების შთამომავლებად მიიჩნევდნენ. ირანული სამეფო წარმომავლობისთვის პატივის მისაგებად, ვარდან არშაკუნს თავისი სასახლის ფასადზე ყაჯართა დინასტიის ოფიციალური სიმბოლო – ლომი და მზეც კი გამოუსახავს. ამ გამოსახულებას ჩვენამდე არ მოუღწევია, თუმცა ის შემორჩენილია გასული საუკუნის 10-იანი წლების ფოტოზე.

თავად ვარდან არშაკუნი სასახლის მშენებლობის დასრულებას ვერ მოესწრო, 1862 წელს გარდაიცვალა. სასახლე ერთხანს მისი ოჯახის მფლობელობაში რჩებოდა, მერე კი, 1869-86 წლებში, აქ „ტფილისის საარტისტო წრემ” დაიდო ბინა. 1902 წელს სასახლის ერთი ნაწილის ახალი მფლობელი გამხდარა ნინო ქობულაშვილი, რომლის დავალებითაც ქართველ არქიტექტორს, სიმონ კლდიაშვილს, შენობის მარცხენა ნაწილი გადაუკეთებია, თუმცა აღმოსავლური ინტერიერებისთვის ხელი არ უხლია. 1922 წლიდან კი არშაკუნის ყოფილ სასახლეში სამხატვრო აკადემიაა. გასული საუკუნის 70-იან წლებში შენობას რესტავრაცია ჩაუტარდა, რამაც ფასადზე სრულიად შეუსაბამო საბჭოთა სტილისტიკის კვალი დატოვა.

პროექტზე მუშაობა ექვსი წლის წინ დაიწყო. სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის ფაკულტეტის პროფესორების მიერ მომზადდა ფასადისა და ინტერიერის რესტავრაციის პროექტი, არქიტექტურის ფაკულტეტმა კი კონსტრუქციის პროექტირებაზე იმუშავა. თანამედროვე ტექნოლოგიებით მოხდა შიდა სივრცის აზომვა და ნახაზები 3D ფორმატში შესრულდა ლაზერული სკანერით. საბოლოოდ, პროექტი კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ განიხილა. დისკუსიაზე პროექტის ხელმძღვანელმა, კახა ტრაპაიძემ, პროექტის კონცეფცია გაგვაცნო:

„მთავარია, შენობა მოვარგოთ სასწავლო პროცესს. ამისთვის ფუნქციები შემდეგნაირად უნდა გადავანაწილოთ: ისტორიული ნაწილი საგამოფენო და საპრეზენტაციო სივრცედ დარჩება. აქ იქნება სამი საგამოფენო დარბაზი, ირანული დარბაზები, დიდი ბიბლიოთეკა, საცავი, აკადემიის ფონდები, რასაც სამუზეუმო რეჟიმი, კლიმატკონტროლი სჭირდება. აქ მხოლოდ გასამაგრებელი სამუშაოები ჩატარდება და ყველაფერი პირვანდელი სახით შენარჩუნდება.

სულ ქვედა სართულზე განთავსდება მაღაზია სტუდენტებისთვის, კვების ბლოკი, რესურსცენტრი, ხოლო პირველი სართული ადმინისტრაციას დაეთმობა. განსაკუთრებულ ჩარევას ბოლო სართული და გადახურვა საჭიროებს. თითქმის 50 წლის მანძილზე ხდებოდა მისი გადაკეთება, დაშენებები. ბევრგან ვხვდებით ეგრეთ წოდებულ მკვდარ ადგილებს, საიდანაც წვიმის წყალი არსად გადის. გადახურვას გავანთავისუფლებთ ზედმეტი დაშენებებისგან და გავაერთიანებთ. აქვე მოეწყობა რამდენიმე აუდიტორია და ზამთრის ბაღი. მთელ შენობაში ერთადერთი ახალი ელემენტი იქნება და ისიც 70-იანი წლების საბჭოთა ფასადის ჩასაქრობად გაჩნდება”.

დაახლოებით 6,5 მილიონი ლარი დაიხარჯება რეკონსტრუქციაზე, ხოლო 1 მილიონი შენობის ტექნიკური აღჭურვისთვის. ძეგლის კომპლექსური კვლევისა და პროექტის ხარჯი, 250 000 ლარი, სამხატვრო აკადემიამ თავად გაიღო. ფინანსურ წყაროებს კულტურის სამინისტრო მოიძიებს. თბილისის მერია კი, სავარაუდოდ, გრიბოედოვის ქუჩის ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი – კონსტრუქციების გამაგრება და გადახურვა – უახლოეს მომავალში დაიწყება და 8-9 თვეში დასრულდება. შენობის მთლიან რეაბილიტაციას კი 3 წელი დასჭირდება.

 

კომენტარები