ივანიშვილი პოლიტიკაში

ივანიშვილის წინასაარჩევნო მზადება

აპრილს ბიძინა ივანიშვილის პარტია, ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო დაფუძნდა და მის თავმჯდომარედ ადვოკატი მანანა კობახიძე აირჩიეს. იქვე განმარტეს, რომ კობახიძე ამ პოზიციაზე დროებითაა. მას შემდეგ, რაც ქრისტიან-დემოკრატების ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები შევა ძალაში და ივანიშვილს პოლიტიკურ უფლებებს მიანიჭებს, თავმჯდომარე თავად გახდება.

ივანიშვილმა საკუთარი პარტიის საინიციატივო ჯგუფი ჯერ კიდევ თებერვალში წარადგინა. სწორედ ამ ჯგუფის წარმომადგენლები შეადგენენ უმეტესად ქართული ოცნების პოლიტიკურ საბჭოს, რომელიც ახალი პოლიტიკური გაერთიანების აღმასრულებელი ორგანოა. თავის დროზე ივანიშვილის მიერ დაანონსებული „ახალი სახეები” ყრილობაზე, ფაქტობრივად, არ გვინახავს.

მილიარდერმა და მისმა თანამებრძოლებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ არჩევნებში გამარჯვებას აპირებენ. თუმცა დღევანდელი მდგომარეობა მათ ამის თქმის საშუალებას ნაკლებად აძლევს. უკანასკნელი გამოკითხვის მიხედვით (მოსახლეობა თებერვლის ბოლოსა

და მარტის დასაწყისში გამოკითხეს), რომელიც ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარდა, ივანიშვილის კოალიციის რეიტინგი 10%-ია, მმართველი გუნდის კი – 47%.

ივანიშვილის და მისი გუნდის რეიტინგი მილიარდერის პოლიტიკაში გამოჩენიდან დღემდე, ფაქტობრივად, განახევრებულია. ეს გასაკვირი სულაც არ არის: უკანასკნელ წლებში, ქართული პოლიტიკის თავისებურების შესაბამისად, ოპოზიციის ახალ ლიდერებს თავიდან უფრო მაღალი მხარდაჭერა აქვთ. დროთა განმავლობაში კი, ამ ლიდერების მხრიდან დაშვებულ შეცდომებთან ერთად, რეიტინგიც კლებულობს. გამონაკლისი არც ივანიშვილი ყოფილა. მაგალითად, გასულ წელს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ჩატარებული კვლევის მიხედვით, მისი ჯერ კიდევ არარსებული პარტიის რეიტინგი 18% იყო.

შექმნილი ვითარების შესაცვლელად, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, ივანიშვილსა და მის გუნდს სულ რამდენიმე თვე რჩება. ფაქტია, რომ აქამდე მათი კამპანია წარმატებული ნამდვილად არ იყო, შესაბამისად საინტერესოა, თუ რას აკეთებს ივანიშვილი შექმნილი ვითარების გამოსასწორებლად და რამდენად ცვლის იმ მიდგომებს, რამაც მისი რეიტინგის ვარდნა გამოიწვია.

კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომელიც ივანიშვილს ამომრჩეველთა ფართო სპექტრისთვის ალტერნატივის შესათავაზებლად ჰქონდა, პარტიის დაფუძნებისას მისი მიზნებისა და ამოცანების წარდგენა იყო. დეკლარაციის ტექსტი ყრილობაზე ივანიშვილმა თავად წაიკითხა და როგორც შესავალში თქვა, ურჩიეს, ხელისუფლების კრიტიკის ნაცვლად, დეკლარაციაში მხოლოდ პარტიის მიზნებზე ელაპარაკა. თუმცა ამ რჩევას მან არ დაუჯერა. დოკუმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ხელისუფლების კრიტიკასა და არსებული ვითარების

უკიდურესად მუქ ფერებში დახატვას დაეთმო. როგორც ჩანს, ივანიშვილის სამიზნე ჯგუფად, ნებსით თუ უნებლიეთ, კვლავ უმცირესობაში მყოფი რადიკალურად განწყობილი ამომრჩევლები დარჩნენ, რომლებიც მდგომარეობას ასეთსავე მუქ ფერებში ხედავენ.

მილიარდერმა ამომრჩევლებისთვის ვერც საკუთარი პარტიის ტრიბუნიდან შეძლო განსხვავებული ხედვის შეთავაზება, თუმცა იყო რამდენიმე განსხვავებული და ბუნდოვანი წინადადება.

ივანიშვილი სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად, მაგალითად, გლეხთა მეურნეობების კოოპერირების ხელშეწყობას აპირებს, საბიუჯეტო სახსრებით ჯანმრთელობის დაზღვევის საბაზისო პაკეტს კი საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს ჰპირდება, მიუხედავად მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა – როგორც ჩანს, საკუთარი ოჯახის წევრების ჩათვლით. მათ კი, ვისი შემოსავალიც საარსებო მინიმუმს უტოლდება, საშემოსავლო გადასახადის გაუქმების პირობას აძლევს.

აღსანიშნავია, რომ ივანიშვილი, რომელიც საკუთარ თავს ქვეყნის უკანასკნელ თავისუფალ ადამიანს უწოდებს, ამომრჩევლებთან კვლავ შეზღუდულად ურთიერთობს. ყველას ახსოვს – მილიარდერმა საზოგადოებასთან ურთიერთობა ეპისტოლარული გზითა და მედიის უკიდურესად სელექციური შერჩევით დაიწყო და ხალხში პირველად პოლიტიკური მიზნების გაცხადებიდან რამდენიმე თვეში გამოჩნდა. ამ დრომდე მას მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი საჯარო გამოსვლა ჰქონდა. ქართული ოცნების ოფისებიც, რეგიონებში, უმეტესად მის გარეშე იხსნება. როგორც ჩანს, პოტენციურ ამომრჩევლებთან შეხვედრისას თუ საჯარო გამოსვლისას ივანიშვილი თავს კომფორტულად ვერ გრძნობს.

პარტიისა და რეგიონალური ქსელის შექმნის პარალელურად, პოლიტიკური ინფრასტრუქტურის ასაშენებლად ის სხვა მიმართულებებითაც მუშაობს. მაგალითად, სულ მალე მისი ტელეკომპანია მე-9 არხი გავა ეთერში. არხის გუნდი რეგიონების მთლიანად დაფარვას აპირებს – საქართველოში დაახლოებით 40 ბიურო შეიქმნება, სადაც რამდენიმე ათეული გადამღები ჯგუფი იმუშავებს. თავის მხრივ, ივანიშვილის ძმის საკაბელო კომპანია გლობალ TV, რეგიონებში მაუწყებლობის გაფართოების მიზნით, სატელიტური ანტენების დამონტაჟებას იწყებს, რაც მე-9 არხის პოტენციურ აუდიტორიას გაზრდის. კომპანია კლიენტებს დაახლოებით 140 ლარის ღირებულების ანტენისთვის ცხრაწლიან განვადებას სთავაზობს.

ამ პროცესების პარალელურად, გააქტიურდა ახლადშექმნილი ამომრჩეველთა ლიგაც, სადაც გოგა ხაინდრავა, კოკა გუნცაძე, ძმები გაჩეჩილაძეები და სხვები არიან გაწევრიანებული. ისინი უკვე ემზადებიან საპროტესტო აქციების დასაწყებად.

დღესდღეობით ბიძინა ივანიშვილი კვლავ საფრანგეთის მოქალაქედ რჩება და ორმაგი მოქალაქეობის თხოვნით პრეზიდენტისთვის მიმართვას არ აპირებს. ამ პირობებში, ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეობას და არჩევნებში კენჭისყრას მაშინ შეძლებს, როდესაც კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები შევა. ეს ცვლილებები, საქართველოში დაბადებულ ევროკავშირის მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო10 წელია აქ ცხოვრობენ, პოლიტიკურ უფლებებს ანიჭებს. ცვლილებების მიღება ახლო მომავალში, მაისში, ივარაუდება.

კომენტარები