ივანიშვილი პოლიტიკაში

შეტევა ამერიკაზე

პოლიტიკურ არენაზე გამოჩენის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის პოლიტიკურ სპექტრზე გავლენის მოხდენას აქტიურად ცდილობს და თბილისის მიმართ ვაშინგტონის დამოკიდებულების შესაცვლელად ძალებს არ იშურებს. ეს მცდელობები აშშ-ის მასშტაბითაც კი თვალშისაცემი და შთამბეჭდავი გახდა.

„ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ვაშინგტონს შტურმით იღებს”, – წერს ვაშინგტონში გამომავალი გამოცემა POLITICO და აღნიშნავს, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში ივანიშვილმა რამდენიმე ლობისტური და პიარკომპანია დაიქირავა. მისი „ლობისტური შეტევა” ნამდვილად აღემატება იმ მასშტაბებს, რასაც არათუ ცალკეული პიროვნებები, არამედ ქვეყნების უმრავლესობა მიმართავს ვაშინგტონზე ზეგავლენისთვის.

POLITICO-ს მონაცემებით, ქართველი ბიზნესმენის სასარგებლოდ ლობისტურ საქმიანობაში მთელი რიგი ავტორიტეტული კომპანიებია ჩართული. მათ შორის: Patton Boggs, National Strategies, Downey McGrath Group, Parry Romani Deconcini & Symms და BGR Group.

თითოეული კომპანია, რომელიც უცხოელ კლიენტს ლობირებს, აშშ-ის კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციას იუსტიციის დეპარტამენტში გადის. აღსანიშნავია, რომ ივანიშვილის პრაქტიკულად ყველა რეგისტრირებული ლობისტი მას არა როგორც პოლიტიკოსს და პარტიის ლიდერს, არამედ როგორც ბიზნესმენსა და კერძო პირს ემსახურება. შესაბამისად, მათი კონტრაქტები გაფორმებულია Lobbying Disclosure Act (LDA)-ის ფორმით. ამ შემთხვევაში ლობისტის მიმართ საჯაროობის მოთხოვნა ნაკლებია.

ივანიშვილის ლობისტებიდან ერთადერთი კომპანია, რომელმაც კონტრაქტი Foreign Agent Registration Act (FARA)-ის მიხედვით დაარეგისტრირა (რაც აშშ-ში უცხოელი პოლიტიკოსების ლობისტებისთვის სავალდებულოა), BGR Group-ია. ამ კომპანიასთან კონტრაქტი გასული წლის ზაფხულში ჯერ თავისუფალმა დემოკრატებმა, დეკემბერში კი პირადად ბიძინა ივანიშვილმა გააფორმეს.

თავად ბიზნესმენი არ უარყოფს, რომ მისი ლობისტური კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საქართველოს ხელისუფლების იმიჯის შელახვაა. „წლების განმავლობაში სააკაშვილს ძლიერი ლობისტები ჰყავდა, ჩვენი ფულით თამაშობდა, ცდილობდა ეცრუა და დემოკრატიის ფასადი ეჩვენებინა”, – განუცხადა ივანიშვილმა New York Times-ს. მილიარდერის თქმით, მას შეუძლია, რომ ამერიკული ლობისტური კომპანიების დახმარებით აშშ-ს საქართველოში შექმნილი „რეალური სურათი” დაანახოს.

ამით ივანიშვილმა, ფაქტობრივად, ბრძოლა გამოუცხადა „სააკაშვილის ლობისტებს”, რომელთა შორისაა ერთ-ერთი წამყვანი ლობისტური კომპანია Podesta Group-ი. მასთან კონტრაქტი საქართველოს მთავრობამ მარტში განაახლა და წლის ბოლომდე თბილისი კომპანიას 600 ათას აშშ დოლარს გადაუხდის. გასულ წლებში აშშ-ში საქართველოს ინტერესებს, Podesta Group-თან ერთად, Orion Strategies და რამდენიმე სხვა კომპანია ლობირებდა.

საქართველოს ელჩმა აშშ-ში თემურ იაკობაშვილმა POLITICO-ს განუცხადა, რომ თბილისის მიზანი „ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორთან ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცების ლობირებაა”. მისი თქმით, იმავეს გაკეთება საქართველოში მოქმედ სხვა აქტორებსაც შეუძლიათ. იაკობაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეს მცდელობები „ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესების ლობირებისკენ” იქნებოდა მიმართული.

მარტის ბოლოს აშშ-ის სენატმა საქართველოში ამერიკის ახალი ელჩის, რიჩარდ ნორლანდის კანდიდატურა დაამტკიცა. მანამდე, კანონმდებლების წინაშე გამოსვლისას, ნორლანდმა საქართველოში დაგეგმილი არჩევნების განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. გარდა ამისა, დიპლომატმა კრიტიკული განცხადებები გააკეთა „ოპოზიციური კანდიდატების შეზღუდვისა” და პარტიების დაფინანსების შესახებ ახალი კანონმდებლობის აღსრულებისას შექმნილი პრობლემების გამო. ელჩის კრიტიკა მოჰყვა დემოკრატი სენატორის, ბენ კარდინის კითხვებს, რომელმაც საქართველოში ოპოზიციის მდგომარეობით შეშფოთება გამოთქვა. სენატორისა და ელჩის ამ განცხადებებს ქართული ოცნება მიესალმა.

აპრილის დასაწყისში დემოკრატმა კონგრესმენმა ჯიმ მაკდორმეტმა წარმოადგინა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც საქართველოში დემოკრატია სერიოზული გამოწვევების წინაშეა, ვინაიდან „პოლიტიკურ პარტიებს შორის პოლიტიკური თავისუფლება და სამართლიანი კონკურენცია ილახება”.

მაკდორმეტი საქართველოს ხელისუფლებას ივანიშვილის დევნაში ადანაშაულებდა. მისი დოკუმენტის თანახმად, თუ საქართველოში არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იქნება, აშშ-მა ჩვენი დახმარება უნდა შეწყვიტოს.

აქამდე მაკდორმეტს საქართველოს საკითხებზე აქტიურობით თავი არ გამოუჩენია, მისი ერთადერთი საგარეოპოლიტიკური ინიციატივა

კი სკანდალის მიზეზი გახდა – 2002 წლის ბოლოს იგი ერაყში ჩავიდა და სადამ ჰუსეინს შეხვდა. როგორც ფედერალურმა გამოძიებამ 2008 წელს დაადგინა, ეს ვიზიტი ჰუსეინის სპეცსამსახურებმა დააფინანსეს.

ამერიკული გამოცემა Foreign Policy, რომელიც ასევე მიმოიხილავს ბიძინა ივანიშვილის ლობისტურ აქტიურობას, აღნიშნავს, რომ კონგრესში ქართული დემოკრატიის საკითხებით დაინტერესების ზრდა გამოწვეულია „ვაშინგტონში ივანიშვილის და მისი პარტიის ახალი ექსპანსიური ლობისტური ძალისხმევით”.

კარდინიც და მაკდორმეტიც, რომლებიც კონგრესში საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის ინიციატორები გახდნენ, რადიკალი მემარცხენეების რეპუტაციით სარგებლობენ.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ში ვიზიტისას, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განსაკუთრებული მადლობა მაკდორმეტს გადაუხადა. ის ასევე შეხვდა დემოკრატ კონგრესმენებს დევიდ პრაისს (თავის დროზე ერაყის ომის თავგამოდებულ მოწინააღმდეგეს), სტივ ისრაელს, რესპუბლიკელ სენატორს რიჩარდ ლუგარს და წარმომადგენელთა პალატის წევრის, დევიდ დრაიერის კაბინეტის წარმომადგენლებს.

განსხვავებით ხელისუფლებისგან, რომლის პრიორიტეტიც ორივე პარტიაში გავლენის მქონე ჯგუფებთან ერთდროულად მუშაობაა, ქართული ოცნება იმედებს ძირითადად დემოკრატებზე ამყარებს. იმავდროულად, ლობისტების მეშვეობით, ცდილობს უფრო ზომიერად განწყობილ რესპუბლიკელებზეც გავიდეს.

ხელისუფლების მხილების გარდა, ქართული ოცნება და მისი ლიდერი ცდილობენ აშშ-ს დაუმტკიცონ, რომ ივანიშვილის კოალიცია საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია.

Washington Post-მა იანვრის ბოლოს გამოაქვეყნა ივანიშვილის სტატია, რომელიც ვაშინგტონში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს და ამერიკელ კოლეგასთან მოლაპარაკებებს დაემთხვა. ქართული ოცნების ლიდერი ხელისუფლებას ამხელდა ადამიანის უფლებების დარღვევაში, ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის ხელყოფასა და ოპოზიციის შევიწროებაში.

ამავდროულად, ივანიშვილი ირწმუნება, რომ ის და მისი პოლიტიკური პარტნიორები საქართველოს მიერ დეკლარირებული საგარეოპოლიტიკური კურსის სრულად განხორციელებაზე იღებენ პასუხისმგებლობას. თუმცა ივანიშვილის პოლიტიკურმა აქტიურობამ ოპოზიციის ახალი ლიდერის და მისი კოალიციის როგორც საგარეოპოლიტიკურ ხედვებთან, ასევე ღირებულებებთან დაკავშირებით წარმოშვა კითხვები.

კოალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთ მიზნად საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია გამოცხადდა. თუმცა ივანიშვილმა პარტნიორებად ისეთი ძალებიც მიიწვია, რომლებიც აქამდე ამ საკითხზე სრულიად საწინააღმდეგო შეხედულებებს გამოთქვამდნენ. მაგალითად, ეროვნული ფორუმის ლიდერები კახა შარტავა და გუბაზ სანიკიძე 2007 წელს აცხადებდნენ, რომ NATO-ში ქვეყნის გაწევრიანებით საქართველოს გავლენის ზონებად დაყოფა ემუქრება და ალიანსში შესვლის სურვილი „ქვეყნის ღალატის გზაზე დგომის” ტოლფასია.

აპრილში კოალიციას მრეწველთა ლიდერი გოგი თოფაძე შეემატა, რომელმაც დაადასტურა, რომ კვლავაც საქართველოს NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგია.

გამოცემა The Weekly Standard-ი ყურადღებას ამახვილებს ივანიშვილის კაპიტალის რუსულ წარმომავლობაზე, ასევე მის ფრთხილ რიტორიკაზე რუსეთის მმართველი რეჟიმის მიმართ. იქვე მოყვანილია ივანიშვილის პოლიტიკური პარტნიორების განცხადებები. კერძოდ, გუბაზ სანიკიძის მოსაზრება იმის შესახებ, რომ „სომხური ეკლესია საქართველოს გარეთ უფრო ძლიერია, ვიდრე ქართული და თუ მას შიგნით ისეთივე სტატუსი ექნება, ჩვენ სომხები გადაგვივლიან”. ასევე, უფლებადამცველის და ამჟამად პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ლიდერის, მანანა კობახიძის განცხადება, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება დასავლეთს თავის დემოკრატიულობას „მხოლოდ უმცირესობების, მათ შორის, სექსუალურის დაცვით უმტკიცებს” და „ჩვენი ისტორიულ-მართლმადიდებლური ეთნოფსიქიკის, ზნეობის განადგურებით დემოკრატიის შენებას თუ ცდილობს ვინმე – ასეთი დემოკრატია ვის რად უნდა?”.

„თუ ივანიშვილი და მისი ლობისტები წარმატებას მიაღწევენ, საქართველოში დემოკრატია და უმცირესობების უფლებები დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება”, – დასძენს გამოცემა.

საქართველოს შიდა პოლიტიკაში აშშ-ის როლის გათვალისწინებით, ივანიშვილი იძულებული გახდა, რომ ვაშინგტონში აქტიური ლობირება დაეწყო, – აღნიშნავს ჯეიმსთაუნის ფონდის ანალიტიკოსი ვლადიმირ სოკორი. მისი აზრით, ივანიშვილის კამპანია ერთდროულად რამდენიმე მიზანს ემსახურება – მიაღწიოს ხელისუფლების კრიტიკას და, იმავდროულად, სიმპათიების გამოხატვას ამერიკელების მხრიდან, რასაც ის წინასაარჩევნო კამპანიისას გამოიყენებს. გარდა ამისა, ივანიშვილის მიზანია ამომრჩევლებს შეუქმნას შთაბეჭდილება, თითქოს ვაშინგტონის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. დაბოლოს – მიაღწიოს ოფიციალური ვაშინგტონის დამოკიდებულების შეცვლას საქართველოს ხელისუფლებისადმი.

ივანიშვილისთვის უმთავრესი კი, სოკორის აზრით, ისაა, რომ მოხდეს „აშშ-ის ოფიციალური პირების თანაბრად დისტანცირება არა მხოლოდ პოლიტიკური ძალებისგან, არამედ არჩევნების მოსალოდნელი სტრატეგიული შედეგებისგან”.

ვაშინგტონი აცხადებს, რომ საქართველოში სამართლიანი საარჩევნო პროცესითაა დაინტერესებული, მაგრამ სოკორის აზრით, მხოლოდ პროცესზე კონცენტრირება „ქმნის შთაბეჭდილებას, რომ აშშ გულგრილია არჩევნების სტრატეგიული შედეგების მიმართ”.

მისი აზრით, ის, რომ ვაშინგტონი საქართველოში არცერთ პოლიტიკურ ძალას მხარს არ უჭერს, არ უნდა ნიშნავდეს არჩევნებში მონაწილე ძალების მიზნებისა და პროგრამების მიმართ გულგრილობას. სოკორი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონმა საქართველოს მომავლის გარკვეულ ხედვას უნდა დაუჭიროს მხარი და „საშუალება მისცეს ქართველ ამომრჩეველს, რომ თითოეული მხარის ხედვა ერთმანეთს შეადაროს”.

„აშშ-ის უნიკალური ზეგავლენა საქართველოს შიდა პოლიტიკაზე იქ სტრატეგიული პოლიტიკის შედეგებზე პასუხისმგებლობას გულისხმობს. ასეა ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც ტრანსატლანტიკური ინტერესების თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი”, – აღნიშნავს ვლადიმირ სოკორი.

 

კომენტარები