კონტროლის პალატა

საქართველოს კონტროლის პალატა სახალხო დამცველის მიმართვას გამოეხმაურა

 კონტროლის პალატამ საკუთარ ვებგვერდზე განათავსა ვიდეოგანცხადება, სადაც ნათქვამია, რომ პალატა პოლიტიკურ კორუფციასთან მიმართებაში მოქმედებდა. უწყების თავმჯდომარის მოადგილის, თინა ბოკუჩავას თქმით, აღნიშნული საქმიანობა მომავალშიც გაგრძელდება კანონმდებლობით განსაზღვრულ ჩარჩოებში.

"ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია ამ პროცესში მონაწილე ყველა სუბიექტის მოსაზრება. გარკვეული სიახლეები უკვე დანერგილია ჩვენს საქმიანობაში, მაგალითად, თანამედროვე ტექნიკური საშუალებების გამოყენება, მოქალაქეთა კონსულტანტის პოზიციის შემოღება და სხვა.“ - აღნიშნა ბოკუჩავამ.

უწყების წარმომადგენლის განცხადებით, კონტროლის პალატა აქტიურად თანამშრომლობს სამოქალაქო სექტორთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა კიდევ უფრო დაიხვეწოს საქმიანობის პროცედურები და აისახოს შესაბამისი მეთოდოლოგიის დოკუმენტში.

ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ პოლიტიკური მონიტორინგის სამსახური ახალშექმნილია და მნიშვნელოვანია, მისი საქმიანობის დახვეწა მომავალში კონსტრუქციულ გარემოში მიმდინარეობდეს.

საქართველოს სახალხო დამცველმა კონტროლის პალატას მიმართვა გაუგზავნა, რომელიც შეიცავს რეკომენდაციებს მოქალაქეებისგან ახსნა-განმარტებების  ჩატარების პროცესის თაობაზე.

სახალხო დამცველის განცხადებით, კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მარტში რამდენიმე ასეული მოქალაქისგან ახსნა-განმარტებების ჩატარების პროცესში დაფიქსირდა არაერთი კონკრეტული უფლებადარღვევის ფაქტი. მიმართვაში ნათქვამია, რომ აღნიშნული დარღვევების ნაწილი განპირობებულია საკანონმდებლო ბაზის არასისტემატიზირებულობით, ხოლო ნაწილი უშუალოდ მოხელეთა კანონსაწინააღმდეგო ქცევით. 

სახალხო დამცველმა კონტროლის პალატას მიმართა წინადადებით, დაიწყოს დისციპლინური წარმოება იმ მოხელეთა მიმართ, რომელთა ქმედებებმაც კონკრეტულ შემთხვევებში უკვე ხელყო მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები.

კომენტარები