ინდოეთი

კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტა

ცოტა ხნის წინ ინდოეთი იმ ქვეყნებს შეუერთდა, რომლებსაც შორ მანძილზე მწვდომი ატომური იარაღის გადამზიდი რაკეტა გააჩნიათ. 19 აპრილს დაგეგმილმა ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა: უახლესი ტექნიკით აღჭურვილმა Agni 5-მა 5000 კილომეტრით დაშორებულ დანიშნულების პუნქტს შეუფერხებლად მიაღწია. რაკეტის ტესტირებით ქვეყნის პირველი პირები ძალიან გახარებულები არიან, თავდაცვის მინისტრმა კი ამ ოპერაციას უკვე უწოდა “ისტორიული”.

ინდოეთმა ატომურ პროგრამაზე მუშაობა 1960-იანი წლებიდან დაიწყო. დღემდე არსებული საუკეთესო სარაკეტო სისტემები მას მხოლოდ პაკისტანსა და ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილზე აძლევდა იერიშის მიტანის საშუალებას, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი Agni 5 კი, საჭიროების შემთხვევაში, ინდოეთს აღმოსავლეთ ევროპასა და ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილზე თავდასხმის საშუალებას მისცემს.

17-მეტრიანი რაკეტა, რომლის შექმნაც ინდოეთს 499 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა, მთლიანობაში 50 ტონას იწონის, თუმცა მისი ტრანსპორტირება სპეციალური გადამზიდებით საკმაოდ ადვილია. პირველი ტესტირების შედეგად 5000-კილომეტრიანი დისტანცია მან 1130 წამში დაფარა. მეცნიერების განცხადებით, ატომური იარაღის უახლესი გადამზიდი ინდოეთის სამხედრო ძალებს ბევრად უფრო მოქნილს და მობილურს ხდის. რაკეტის გამოყენება ოფიციალურად 2015 წლიდან იქნება შესაძლებელი, მანამდე კი მის შესამოწმებლად კიდევ რამდენიმე ტესტირებაა დაგეგმილი.

პოლიტოლოგთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ინდოეთმა Agni 5 ჩინეთის სამხედრო ზრდის საპასუხოდ შექმნა. გასულ თვეს ჩრდილოელმა მეზობელმა სამხედრო ხარჯები გააორმაგა, რამაც ყველა აზიური ქვეყანა შეაშფოთა, თუმცა რეგიონში ჩინეთის ეკონომიკური და სამხედრო ჰეგემონია ისე არავის აშინებს, როგორც ინდოეთს. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი სათანადო სამხედრო მზადყოფნისთვის ყველაფერს აკეთებს, ის ჯერ კიდევ ჩამორჩება ჩინეთს, რომლის ატომურ სისტემასაც დარტყმის განხორციელება 6300 კილომეტრის დაშორებით შეუძლია.

ინდოეთის ოფიციალური პირები არ მალავენ, რომ ატომური იარაღი, საჭიროების შემთხვევაში, მეზობელი სახელმწიფოების “დასასჯელად” იქნება გამოყენებული: “ინდოეთს ახლა უკვე შეუძლია, შეაკავოს ჩინეთი ან დასაჯოს წითელი ხაზის გადაკვეთის შემთხვევაში”.

ჩინეთის სამხედრო ზრდის შეჩერებით დაინტერესებული დასავლეთი ინდოეთის მიერ ახალი სარაკეტო სისტემის შექმნას მიესალმა. ობამას ადმინისტრაციამ ინდოელი მეცნიერები შეაქო და ქვეყნის პირველ პირებს ტესტირების წარმატებით დასრულება მიულოცა.

რაც შეეხება NATO-ს, ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ალიანსი ინდოეთს საფრთხედ არ განიხილავს და ატომური პროგრამის საკითხებში მის გაძლიერებას დადებითად აფასებს.

პეკინში უკვე გაკეთდა კომენტარები Agni 5-ს ტესტირებასთან დაკავშირებით. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ “ინდოეთმა და ჩინეთმა უნდა გააგრძელონ თანამშრომლობა სტრატეგიულ საკითხებში”, გარდა ამისა, ორივე მათგანმა უნდა იზრუნოს

რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობაზე. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლიუ ვეიმინმა კი აღნიშნა, რომ: “ჩინეთიცა და ინდოეთიც სწრაფად განვითარებადი სახელმწიფოებია. ჩვენ ბუნებრივად ვართ პარტნიორები და არა მტრები!”.

თუმცა ჩინეთის წამყვანი მედიასაშუალება The Global Times-ი, რომელსაც ოფიციალურად აკონტროლებს ჩინეთის კომუნისტური პარტია, ინდოეთის სამხედრო შეიარაღებაზე მეგობრული ტონით არ საუბრობს – “ინდოეთმა გადაჭარბებულად არ უნდა შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები”, – ნათქვამია სტატიაში. სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი ცენტრალური ტელევიზია CCTV თავის რეპორტაჟებში ინდოეთის სამხედრო ზრდას უმნიშვნელოს უწოდებს და აცხადებს, რომ Agni 5 ჩინეთისთვის რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენს.

ჩინეთსა და ინდოეთს შორის დიპლომატიური დუელი სათავეს 1962 წლიდან იღებს. მაშინ მხარეები ჰიმალაის მთებში მოქცეულ საზღვართან დაკავშირებით ვერ შეთანხმდნენ. ჩინელი და ინდოელი ჯარისკაცები საზღვარზე დღემდე მორიგეობენ, თუმცა ორი ქვეყნის ურთიერთობას დღეს სხვა ფაქტორებიც აუარესებს: ინდოეთს არ მოსწონს ჩინეთის ახლო ურთიერთობები პაკისტანთან, ხოლო ჩინეთი უკმაყოფილებას გამოხატავს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ინდოეთის ეკონომიკური და სამხედრო გააქტიურების გამო.

Agni 5-ის ტესტირებაზე პასუხი არ დაუყოვნებია ინდოეთის ისტორიულ მტერს, პაკისტანს, რომელიც ასევე ფლობს ატომურ იარაღს. ოთხშაბათს პაკისტანმა გამოსცადა საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა Shaheen-1A, რომლის მეშვეობით ბირთვული ქობინების გადატანაა შესაძლებელი. ტესტირების დროს რაკეტა ინდოეთის ოკეანეში ჩაეშვა. ქვეყნის სამხედრო უწყება რაკეტის მოქმედების რადიუსს არ აკონკრეტებს, თუმცა სამხედრო ექსპერტების თქმით, შაჰინ-1A 2500-დან 3000 კილომეტრის რადიუსში მოქმედებს.

პაკისტანსა და ინდოეთს მრავალწლიანი რელიგიური და ტერიტორიული კონფლიქტი აქვთ. მას შემდეგ, რაც 1947 წელს პაკისტანმა ინდოეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვება მოახერხა, ამ ორმა ქვეყანამ სამჯერ იომა. კონფლიქტის მთავარ მიზეზს, ძირითადად, მუსლიმებით დასახლებული ქაშმირის ტერიტორია წარმოადგენს. რეგიონში მდგომარეობა დღემდე კრიზისულია, ამიტომ ინდოეთის სამხედრო გაძლიერება პაკისტანისთვის საკმაოდ მტკივნეული საკითხია.

 ინდოეთში იმედოვნებენ, რომ წარმატებული სამხედრო შეიარაღება გაეროში მათ პოზიციებს გაზრდის და განამტკიცებს. „Agni 5-ის ტესტირება იმის ნიშანია, რომ ინდოეთი მსოფლიო არენაზე ღირსეულ ადგილს იკავებს!” – განაცხადა თავდაცვის საკითხებში ექსპერტმა, პროფესორმა ჰარშ ფანტმა.

კომენტარები