გენდერული თანასწორობა

არაბი ქალებისთვის გაზაფხული ჯერ არ დამდგარა

ცოტა ხნის წინ, 15 წლის მაროკოელმა ამინა ფილალიმ თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც 23 წლის მეზობელზე იძულებით გაათხოვეს და ამ მეზობელმა გააუპატიურა. ამინამ სტრესს ვერ გაუძლო და საწამლავი დალია. ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა. ძალდატანებით გათხოვება, გაუპატიურება და ოჯახური ძალადობა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ხშირია.

გასულ წელს, ეგვიპტელი ქალები ტაჰრირის მოედანზე, მამაკაცებთან ერთად აპროტესტებდნენ ჰოსნი მუბარაქის ტირანულ მმართველობას, იყენებდნენ სოციალურ ქსელებს ინფორმაციის გასავრცელებლად და აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი მიმდინარე მოვლენებში. დასავლეთში კი არაბული გაზაფხულის დემონსტრაციებს იმედის თვალით უყურებდნენ და ავტორიტარული მთავრობების დამხობის კვალდაკვალ დემოკრატიულ ცვლილებებს ელოდნენ. მაშინ გაჩნდა აზრი, რომ რევოლუციური ტალღა ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობის იდეას წინ წამოსწევდა, თუმცა ახლო აღმოსავლეთი მოდერნიზაციისგან დღემდე შორსაა. მეტიც, რელიგიური ფუნდამენტალიზმი იქ კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ ქალმა დემონსტრანტებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს არაბულ გამოსვლებში, ძნელი სათქმელია, რა პოლიტიკური შედეგები მოჰყვება მათ აქტივობას. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ახლო აღმოსავლეთში ისლამისტები იღებენ მართვის სადავეებს და ქალთა უფლებების უხეში დარღვევა ჩვეულებრივი მოვლენაა.

ყოველდღიურად უამრავი ქალი ხდება ძალადობის მსხვერპლი, როგორც საძინებლის კარს მიღმა, ასევე სახელმწიფო მოხელეების თუ საზოგადოების დაუნდობლობის შედეგად. ეგვიპტის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მამაკაცს მეუღლის ცემა შეუძლია, თუ ამას „კარგი განზრახვით სჩადის”. ქაიროს მეტროში მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის ცალკე ვაგონებია განკუთვნილი; საუდის არაბეთში, იემენსა და მაროკოში ხშირია არასრულწლოვანთა ქორწინება და ადრეულ ასაკში დაწყებული სექსუალური ურთიერთობის შედეგად მიღებული ტრავმები.

საუდის არაბეთში ქალებს არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, იყარონ კენჭი და ატარონ მანქანა. ქუვეითში საკანონმდებლო ორგანოს წევრ ქალებს კოლეგები ხშირად აკრიტიკებენ ხიჯაბის არტარების გამო. სასამართლოში იშვიათია ქალისთვის სამართლიანი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან, უმეტეს შემთხვევაში, მამაკაცს უპირატესობა აქვს კანონის წინაშე.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური გენდერული ბალანსის შარშანდელ კვლევაში ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები სიის ბოლოში არიან. თუ ცალკეული ქვეყნის, მაგალითად, ეგვიპტის ქალთა უფლებების ცენტრის 2008 წლის გამოკითხვას გადავხედავთ, ეგვიპტელ ქალთა 83 პროცენტი გამხდარა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, ხოლო მამაკაცთა 60 პროცენტს უძალადია.

არაბულ გაზაფხულამდე ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები და კამპანიები ხშირად უკავშირდებოდა პირველ პირთა მეუღლეებს. ეგვიპტეში სუზან მუბარაქი ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციას მეთაურობდა და ამ კუთხით ბევრი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი იყო. ტუნისში ლეილა ბენ ალი არაბული ლიგის დაქვემდებარებაში მყოფ არაბ ქალთა ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. სირიის პირველი ლედი ასმა ალ-ასადი და იორდანიის დედოფალი რანია ქალთა საკითხებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს ყველაფერი ზედაპირულ ხასიათს ატარებდა. თუ ეგვიპტელ სეჰირ ალ-მატანინის დავესესხებით – ქალები, როგორც პარლამენტში, ისე მის გარეთ, „მხოლოდ დეკორაციას” წარმოადგენდნენ.

რევოლუციური მღელვარების შემდეგ, ლიბიის ეროვნული დროებითი საბჭოს ხელმძღვანელმა მუსტაფა აბდელ ჯალილმა განაცხადა, რომ კანონები, რომელიც შარიათს ეწინააღმდეგება, ანულირებული იქნებოდა. ჯალილი პოლიგამიის აკრძალვას გულისხმობდა, რაც კადაფის მთავრობის მიერ მართალია ოფიციალურად აკრძალული არ იყო, მაგრამ ხელისუფლება მრავალცოლიანობას გმობდა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კადაფის რეჟიმი „სოციალური რეაბილიტაციის ცენტრებში” ათავსებდა „არამორალურ ქმედებაში” შემჩნეულ თუ სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალებს.

მართალია, ეგვიპტემ არაკანონიერად გამოაცხადა სამხედრო მმართველობის მიერ წამოწყებული „ქალიშვილობის ტესტი”, რომელიც დემონსტრანტი ქალების „უმანკოების შემოწმებას” ისახავდა მიზნად, მაგრამ ეს იმედისმომცემი ნაბიჯი არაა. ეგვიპტის ახალმა მთავრობამ პარლამენტში ქალთა კვოტა გააუქმა. მუბარაქის დროს საკანონმდებლო ორგანოში 64 ადგილი ქალებისთვის იყო განკუთვნილი და მიუხედავად იმისა, რომ ეს თანამდებობა ძირითადად რეჟიმისადმი ლოიალურ სახეებს ეკავათ, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ეს ტენდენცია მაინც ქალთა ემანსიპაციისაკენ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალა. ეგვიპტის დღევანდელ პარლამენტში კი 508 დელეგატიდან მხოლოდ ცხრაა ქალი.

სოციალურ ქსელებში ამინა ფილალის თვითმკვლელობას მღელვარება მოჰყვა. ბევრი იმედოვნებს, რომ მუჰამედ ბუაზიზის შემთხვევის მსგავსად, ამინას ტრაგედია ახალ საპროტესტო ტალღას გამოიწვევს, რომლის მთავარი მოთხოვნაც გენდერული დისკრიმინაციის შეწყვეტა იქნება.

კომენტარები