WTO

საქართველო გლობალურ სავაჭრო ბაზარზე

გლობალური და ევროზონის კრიზისი მსოფლიო ვაჭრობაზე უარყოფით გავლენას 2012 წელსაც მოახდენს – ასეთია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) უახლესი ანგარიშის მთავარი დასკვნა.

WTO-ს შეფასებით, შარშან მსოფლიო ვაჭრობა 2010 წელთან შედარებით 8%-ით შემცირდა, ხოლო წლეულს კიდევ 2%-ით დაიკლებს. ამის მიზეზი იყო ევროპის კრიზისი და სხვა შედარებით მცირე შოკები. ევროკავშირი ბევრი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი და, შესაბამისად, შემოსავლის წყაროა. ამიტომ, ამ ბაზარზე მსუბუქი რეცესიაც კი მსოფლიო ვაჭრობასა და წარმოებაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

ანგარიშის მიხედვით, 2011 წელს მსოფლიო წარმოების ზრდის ტემპი თითქმის განახევრდა. ამას, ევროპის კრიზისთან ერთად, კიდევ ორი სერიოზული მიზეზი ჰქონდა: იაპონიასა და ტაილანდში მომხდარი მასშტაბური ბუნებრივი კატასტროფები და არაბული გაზაფხული.

თუმცა, WTO-ს შეფასებით, მსოფლიო წარმოებას პრობლემები გაცილებით ადრე გაუჩნდა: ორგანიზაციის გათვლებით, წარმოების ზრდის ტემპი ბოლო 20 წლის განმავლობაში საშუალოზე დაბალი იყო. დაგროვილმა პრობლემებმა კი საბოლოოდ 2008 წლის გლობალურ ეკონომიკურ კრიზისში იჩინა თავი. მიუხედავად იმისა, რომ 2008-2009 წლების კრიზისის შემდეგ 3 წელი გავიდა, მსოფლიო ვაჭრობისა და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა ჯერ კიდევ ბუნდოვანია.

WTO-ს შეფასებით, შარშან ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა განვითარებად რეგიონებს ჰქონდათ: ახლო აღმოსავლეთში ეკონომიკა 4.9%-ით, დსთ-ში 4.6%-ით, ხოლო სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში – 4.5%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა მსოფლიოში ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შეინარჩუნა – 9.2%, მისთვის ეს შედეგი საუკეთესო ნამდვილად არ არის: კრიზისამდე ჩინეთის ეკონომიკური ზრდა ორნიშნა რიცხვებში გამოიხატებოდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ბოლო, 2011 წლის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკა შარშან 7%-ით, ანუ წინა წელთან შედარებით, 0.7%-ით უფრო მეტად გაიზარდა. ამავე წელს, საქართველომ 147 ქვეყანასთან ივაჭრა და ბრუნვა 36%-ით გაზარდა. საქსტატისვე მონაცემებით, 2012 წლის იანვარ-მარტში საგარეო ვაჭრობა (წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით) 17%-ით გაიზარდა.

სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობის წილი 28%-ს, ხოლო დსთ-ს ქვეყნებთან – 32%-ს შეადგენს. საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (324 მილიონი აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (282 მილიონი აშშ დოლარი) და გერმანია (163 მილიონი აშშ დოლარი). უმსხვილესი საექსპორტო პროდუქციაა მსუბუქი ავტომობილები (105 მილიონი აშშ დოლარი), ფეროშენადნობები (59 მილიონი აშშ დოლარი) და თხილი (40 მილიონი აშშ დოლარი). უმსხვილესი საიმპორტო პროდუქცია – ნავთობი და ნავთობპროდუქტები (181 მილიონი აშშ დოლარი), მსუბუქი ავტომობილები (154 მილიონი აშშ დოლარი) და ნავთობის აირები (105 მილიონი აშშ დოლარი).

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პროგნოზით, 2013 წელს მსოფლიო ვაჭრობა 5.6%-მდე გაიზრდება. განვითარებად ქვეყნებში ექსპორტი 4.1%-ით, ხოლო იმპორტი 7.8%-ით უნდა გაიზარდოს, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში ზრდის იმავე მაჩვენებლები, საშუალოდ, 1%-ით დაბალი იქნება.

კომენტარები