კრივი

რაც ხდებოდა ხოლმე

მოღუშული დღე იყო. 1969, 31 აგვისტო. წამოწვიმა, გადაიღო, ისევ წამოწვიმა. როკი მარჩიანომ ტაქსი გამოიძახა. ცოტა გვიანია, ცოლმა, ბარბარამ, ბავშვები დააძინა. როკი შევიდა როკო კევინთან, დახედა ცხვირგატეხილ, პატარა იტალიელს, გაეცინა და ოთახიდან გავიდა. შუბლზე აკოცა მეორე ცელქ ბურთს, მერი ჯეინს და ცოლს თვალებით დაემშვიდობა. მალე დავბრუნდები, შენ ბიჭები გააფრთხილე, რომ ხვალ საღამოს მაგარი დრო გავატაროთ, ბაბს, ოქეი? როკი აეროპორტში წაიყვანეს.

მარჩიანოს პატარა თვითმფრინავი Cessna 172 მეგობრების საჩუქარია. 17 წლის წინ, როკომ საჩემპიონო გარჩევაში ჯერსი ჯო უოლკოტს მოუგო. ეს 1952 წლის 23 სექტემბერს მოხდა – 28 წლის მარჩიანო 38 წლის უოლკოტთან ქულებით აგებს, უოლკოტმა როკო პირველ რაუნდში დააგდო და იტალიელი ჯერსის კედელს ვერ შლის. უოლკოტი მეცამეტე რაუნდამდე ძლებს და მეცამეტეში როკომ მარჯვნიდან, ქუჩურად შემოარტყა ჯოს. იმ დარტყმამდე ჯერსი ჯო სამივე მსაჯის დაფაზე (8:4, 7:5, 7:4) იგებდა. მარჩიანო მსოფლიო ჩემპიონია.

როკის გასახდელში ძმაკაცებმა მიაკითხეს. ლუის ტომას ფრატო. იგივე ლიუ ფერელი – რამდენიმე მკვლელობა, ღამის კლუბების ქსელი ჩიკაგოში, კარგი მზარეული და მაფიის ბოსი. ჩარლზ ჯიოე. ფრატოს ძმაკაცი, დანების სპეციალისტი, ექვსი დაუმტკიცებელი მკვლელობა, ფრატოზე უკეთესი მზარეული. ჯიბეში დედიკოს ნაჩუქარი ვარდისფერი ცხვირსახოცი უდევს. მენი დიო. როკოს კლასელი. ოთხჯერ აყვანილი, ოთხჯერ გამოშვებული და 12 მკვლელობაში ეჭვმიტანილი ახალგაზრდა. მუშაობს ლუის ფრატოზე. დააქვს ამანათები და ამანათის მიმღები შემდეგ ამანათს ვეღარ ხსნის. ის მისი ბოლო ამანათია. როგორც სენიორ ფრატო ამბობდა, ხდება ხოლმე.

ძმაკაცებმა როკოს პატარა საჩუქარი გაუკეთეს. ლუისმა მარჩიანოს Cessna 172 აჩუქა. თან ძმისგან, ფრენკი „ცალყურა” ფრატოსგან მოკითხვა გადასცა. ფრენკიმ მასაჩუსეტსში ორი პოლიციელი დაჭრა და როკოს საჩემპიონო გარჩევაზე ვერ მივიდა, იჯდა. ფრენკიმ როკოს მოკითხვა ძმას გამოატანა. სიტყვიერად გამოატანა, წერა არ იცოდა. როკოს ძმაკაცებმა გალახული უოლკოტიც მოინახულეს. ფრატომ ჯოს ყურზე ხელი მოუთათუნა და მარჩიანოსთან დაბრუნდა. როკო, დღეს პატარა კლუბი დავხურეთ, ბევრი გოგოები, მაგარი მუსიკა იქნება, მალე მოდი აზრზე, მოწესრიგდი და მენი დაგელოდება, ჩემი მანქანით მოგიყვანს. როკომ ლუისს უოლკოტზე ანიშნა, ისიც მოდისო. ფრატო შევიდა უოლკოტთან და მოგუდული ხმით უთხრა: დღეს ჩვენთან ერთად ხარ, როკოს გამოყევი და სადაც მოხვალ, იქ ხმა არ ამოიღო, ჩუმად იჯექი და მერე მალე წადი. და დაამატა, გაგიმართლა, ბიჭი, ხდება ხოლმე.

... თვითმფრინავში როკისთან ერთად 22 წლის ფრენკ ფერელია. ფრატოს შვილი. დე მოინში როკოს და ფრატოს ძმაკაცი, ალესიო ვლერიო დაცხრილეს. ჩემპიონი და ფრენკი მარჩიანოს პირადი თვითმფრინავით სწორედ დე მოინში, აიოვაში მიფრინავენ დაკრძალვაზე. მერე როკო ეგრევე უკან დაბრუნდება. 1 სექტემბერს მისი დაბადების დღეა, 46 წლის ხდება. ძმაკაცები მივლენ, იქვე ირბენენ როკოს შვილები და 4 წლის ინგლისური ბულდოგი, ლუი.

მარჩიანო უყვება ფერელს, რომ სკოლიდან ისტორიის მასწავლებლის გალახვის გამო გააგდეს. როკო ფრენსის მარკეჯანო, ჩვენი როკი დაიბადა ბროქტონში, პიერინო მარკეჯანოს და პასკუალინა პიჩუტოს ოჯახში. იტალიელი ემიგრანტები ექვს შვილს ზრდიდნენ –

მომავალი ჩემპიონი, მისი სამი და (ალისია, კონჩეტა და ელიზაბეთი) და ორი ძმა (სონი და პიტერი).

მარჩიანო უყვება ფერელს, რომ მამამ ჯერ ბეისბოლზე შეიყვანა. იქ მწვრთნელი გაეხუმრა, რა საინტერესო ინგლისური გაქვს, შვილო, შენს ინგლისურს სპაგეტის სუნი ასდისო. მარჩიანომ ქოუჩს სახის ძვალი გაუტეხა, ორივე ფეხი მოტეხა და როკო ერთი წლით ჩასვეს. ბეისბოლი მორჩა, დაიწყო კრივი ციხეში, უბანში და მერე ლეგალიზებული კრივი რინგზე.

მარჩიანო უყვება ფერელს, რა ხდებოდა ლეგენდარულ ჯო ლუისთან ჩხუბის წინ (1951, 27 ოქტომბერი). როკომ ჯოს ჩხუბამდე, ბრიფინგზე რამდენიმე სიტყვა უთხრა – მისტერ ლუის, ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო მოკრივე ხართ და თუ მაინც მე მოვიგებ, არაფერი იქნება პირადული. და ფრატოსგან ნასწავლი სიტყვები დაამატა – ხდება ხოლმე. ლუისს გაეცინა. რინგზე ჯოს აღარ ეცინებოდა. როკომ კერპი დააგდო. ორჯერ დააგდო და 27 წლის მარჩიანოსთან დიდი ჯო ლუისის კარიერა დაიხურა.

მარჩიანო უყვება ფერელს, რომ კრივიდან წაუგებელი წავიდა. მძიმე წონაში ერთადერთი წაუგებელი. ბიჭმა პროფესიონალების 49 გარჩევაში მიიღო მონაწილეობა, ყველა მოიგო და 88 პროცენტი ნოკაუტით დაამთავრა. პროფესიული კრივის ისტორიაში ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი – მერე მოდიან მაიკ ტაისონი (78 %) და სონი ლისტონი (78). შორს არის მუჰამედ ალი (66 %).

მარჩიანოს კიდევ ბევრი რაღაც უნდა ეთქვა და ვერ მოასწრო. თვითმფრინავი დაშვების დროს ხეს შეასკდა, როკო, ფერელი და პილოტი ნანგრევებში, ცეცხლში რჩებიან. როკომ იტალიური ამბების მოყოლა ვერ მოასწრო. ვერ თქვა ბოლო სიტყვა ძმაკაცის დაკრძალვაზე. ვერ ჩავიდა საკუთარ დაბადების დღეზე.

ბოლო სიტყვა მარჩიანოზე მუჰამედ ალიმ თქვა 1970 წლის 13 აგვისტოს:

„ბევრი ამბობს, რომ მარჩიანოს გაუმართლა, სუსტ ან ასაკოვან პრეტენდენტებს ხვდებოდა, მაგიტომ არ წააგო და ექვსჯერ შეინარჩუნა მსოფლიო ჩემპიონის ქამარი. როკის გაუმართლა? კი, გაუმართლა, რომ როკი იყო. გამიმართლა მე, რომ როკი ჩემ დროს აღარ ჩხუბობდა. გააკეთეთ დიდი რინგი, შეაგდეთ იქ ყველა დროის ყველა ჩემპიონი და რინგიდან ცოცხალი მხოლოდ როკი ჩამოვა. ჩამოვიდოდა. გვენატრები, ძმაო”.

იქ რომ ლუის ფრატო ყოფილიყო, აუცილებლად იტყოდა – shit happens, ხდება ხოლმე.

კომენტარები