ჯანმრთელობა

ასპირინი კიბოს რისკს ამცირებს

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ ჩატარებულმა სამმა ახალმა კვლევამ დაადასტურა, რომ გრძელვადიანი მოხმარების შემთხვევაში, ასპირინი კიბოს რისკს ამცირებს. გარდა ამისა, აფერხებს მის გავითარებას დანარჩენ ორგანიზმში.

ასპირინის ყოველდღიური მიღება რომ კიბოს რისკს ამცირებს, ეს ამავე ჯგუფის მიერ ჩატარებულმა წინა კვლევებმაც აჩვენა. ამჟამად, პიტერ როთველმა და მისმა გუნდმა აღმოჩენები განავრცეს. წინა კვლევების დროს ადამიანებში, რომლებიც დღიურად 300 მგ-ზე ნაკლებ ასპირინს იღებენ, სამი წლის შემდეგ ნებისმიერი ტიპის კიბოს გაჩენის რისკი 25%-ით შემცირდა. 15%-ით შემცირდა კიბოსგან სიკვდილის რისკიც. დადებითი შედეგი ასპირინის მიღების ხანგრძლივობასთან ერთად იზრდებოდა: 5 წლიანი მოხმარების შემდეგ, სიკვდილის რისკი 37%-ით მცირდებოდა.

მორიგმა კვლევამ აჩვენა, რომ ასპირინი უკვე არსებული კიბოს განვითარებას აფერხებს. ადამიანებში, რომლებიც დღიურად სულ მცირე 75 მგ-ს იღებდნენ, 36%-ით მცირდება მეტასტაზური კიბოს რისკი. მესამე კვლევამ კი დაადასტურა, რომ ასპირინი გავლენას ახდენს მეტასტაზებზე. თუმცა, მოქმედების მექანიზმი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

კვლევის ავტორები იმასაც აღნიშნავენ, რომ გარკვეული რისკები თვითონ ასპირინთან დაკავშირებითაც არსებობს, მაგალითად გასტრო-ინტესტინალური სისხლდენა და დამბლა. ამიტომ, სასურველია, ასპირინის მიღების წინ პაციენტი ექიმს დაეკითხოს.

პირველი და მეორე კვლევა ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა. მესამე კი - ჟურნალში Lancet Oncology.

 

კომენტარები