გამოფენა

რაულ ვალენბერგი – ადამიანი, რომელმაც სამყაროს შეცვლა სცადა

შვედი დიპლომატის, რაულ ვალენბერგის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ევროპის სახლში გაიმართა ფოტოგამოფენა და სემინარი, რომელზეც უნგრეთის, შვედეთის და ისრაელის ელჩებმა, სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და ვალენბერგის ინსტიტუტის დირექტორმა მარი ტუმამ მისი ღვაწლის შესახებ ისაუბრეს. მოგვიანებით კი, ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II შეუერთდა და სტუმრებთან ერთად, ვალენბერგის და ჰოლოკოსტის დროს დაღუპულთა მოსახსენიებლად, სანთლების დანთების ცერემონია გაიმართა.

რაულ ვალენბერგი

დაიბადა 1912 წლის 4 აგვისტოს სტოკჰოლმთან ახლოს, ლიდინგეში. მამა – რაულ ოსკარ ვალენბერგი შვედეთის საზღვაო ფლოტში სამხედროდ მსახურობდა და შვილის დაბადებამდე სამი თვით ადრე, სიმსივნით გარდაიცვალა. ბავშვს დედა, მარია სოფია ვაისინგი და ბაბუა – გუსტავ ვალენბერგი ზრდიდნენ. ბაბუამ ჯერ სამხედრო სასწავლებელში, მოგვიანებით კი ფრანგული ენის სასწავლად, საფრანგეთში გაუშვა.

ვალენბერგები წარმოადგენდნენ შვედეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გვარს, რომლის წევრები გავლენიანი ბანკირები, დიპლომატები და საზოგადო მოღვაწეები იყვნენ; რაულის ბაბუაც, წლების განმავლობაში, დიპლომატიურ სამსახურს ეწეოდა ტოკიოში, კონსტანტინოპოლსა და სოფიაში. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს ძალიან უნდოდა, ახალგაზრდა ბანკირის გზას დადგომოდა, მან სხვა არჩევანი გააკეთა – არქიტექტურა. განათლება მიჩიგანის უნივერსიტეტში მიიღო, სწავლა წარმატებით დაამთავრა და 1935 წელს სტოკჰოლმში, მეორე ადგილზეც კი გავიდა, როდესაც ერთ-ერთ პრესტიჟულ კონკურსზე „მოცურავე აუზის” პროექტი წარადგინა. მიუხედავად იმისა, რომ არქიტექტორობა ყოველთვის უნდოდა, უკან დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ შვედეთში ამერიკული დიპლომით სამსახურს ვერ იშოვიდა; მთელი კურსი აქ უნდა გაევლო თავიდან. ამიტომ იმავე წელს, ჰოლანდიის ბანკის ხაიფას (ისრაელი) ფილიალში დაიწყო მუშაობა. ამ დროს ის პირველად შეხვდა გერმანიიდან გამოქცეულ ებრაელებს და სწორედ მათგან მოისმინა ერთი შეხედვით სრულიად დაუჯერებელი, წარმოუდგენელი ისტორიები.

1944

მეორე მსოფლიო ომის დროს, 1944 წელს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იძულებით გადაადგილებულთა საბჭო შექმნა. ორგანიზაციის მიზანი ნაცისტებისგან ებრაელთა გადარჩენა იყო. სწორედ მაშინ, საბჭოს წევრებისთვის შვედეთის მიერ უნგრელ ებრაელთა გადასარჩენად წამოწყებული ოპერაციის შესახებ გახდა ცნობილი – შვედეთის წითელი ჯვრის დელეგატი ვალდემარ ლანგლეტი ბუდაპეშტში შენობებს ქირაობდა „შვედური ბიბლიოთეკის” ან „შვედეთის კვლევითი ინსტიტუტის” სახელით და იქ ებრაელებს ასახლებდა. სწორედ იმ პერიოდში 31 წლის რაულ ვალენბერგი შვედეთის დიპლომატიური მისიის მეორე მდივნად დაინიშნა.

პირველი, რაც მან ბუდაპეშტში გააკეთა, იყო ის, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 4500 შვედური დამცავი პასპორტის დამზადების აუცილებლობაში დაარწმუნა. შვედეთის გერბით დამშვენებული დოკუმენტები ებრაელებს ბანაკებისგან თავის დაღწევაში ეხმარებოდა. გარდა ამისა, ის ჩუმად, პირადად ამზადებდა საბუთების ათასობით ასლს – „არჩევანი არ მაქვს. ამ დავალების შესრულებას დავთანხმდი და სტოკჰოლმში ვერასდროს დავბრუნდები, თუ არ მეცოდინება, რომ იმდენი ებრაელი გადავარჩინე, რამდენის ხსნაც ადამიანის ძალებს არ აღემატებოდა”. მისი თავდადება და შეუპოვარი ხასიათი კარგად ჩანს კიელ გრედეს ფილმში „საღამო მშვიდობისა, ბატონო ვალენბერგ”, სადაც 2 საათის მანძილზე უყურებ ადამიანს, რომელიც თავდაუზოგავად ცდილობს იპოვოს ტყვეთა გადარჩენის გზები, თუნდაც ამისათვის ათასი ტყუილი, ათასი ხიფათი გამოიაროს... მოქრთამოს, დააშანტაჟოს მაღალჩინოსნები, მარტომ იბრძოლოს ბოროტების წინააღმდეგ.

„ერთხელ 800 ებრაელი მუშის მაუთჰაუზენისკენ გამგზავრების ამბავი შევიტყვეთ, – ყვებოდა მისი თანამედროვე, იონი მოსერი, – ვიცოდით, იქიდან ხალხი საკონცენტრაციო ბანაკში უნდა წაეყვანათ. მაშინვე წავედით. ადგილზე მივედით თუ არა, ვალენბერგმა დაიძახა – ხელი ასწიეთ ყველამ, ვისაც შვედეთის პასპორტები გაქვთო. ვიცოდით, რომ არც არავის ჰქონდა. მისი ბრძანებით, ხალხს შევერიე და ყველას ჩავჩურჩულებდი – ხელი სასწრაფოდ ასწიეთ! ასწიეთ ხელები! ისე დამარწმუნებლად გაითამაშა ეს ყველაფერი და გამოიყვანა 800 ადამიანი, რომ ვერც ერთმა ბადრაგმა ხმა ვერ ამოიღო”.

წითელი ჯარების შესვლამდე რამდენიმე დღით ადრე კი, რაულ ვალენბერგმა ბუდაპეშტის გეტოში გამოკეტილი უამრავი ებრაელი იხსნა სიკვდილისგან. ეს მისი ბოლო გმირობა იყო, რის შემდეგაც ვალენბერგზე აღარავის სმენია. თითქოს აორთქლდა, გაქრა.

დაბოლოს

რაულ ვალენბერგი 1945 წლის 17 იანვარს დააპატიმრა ბუდაპეშტში შესულმა საბჭოთა ჯარმა. დადიოდა ხმები, რომ ის ჯაშუშობის ბრალდებით გაამწესეს მოსკოვში, ლუბიანკის ციხეში; საბჭოთა კონტროლის ქვეშ მყოფი „რადიო კოშუტი” კი იმას იმეორებდა, რომ ვალენბერგი ბუდაპეშტის ქუჩებში არეულობისას მოკვდა... საბჭოთა მთავრობა ჯერ ყველაფერს უარყოფდა და შვედეთიდან შემოსულ წერილებს მხრების აჩეჩვით და გაურკვეველი პასუხებით ისტუმრებდა, ბოლოს კი, 1989 წელს, ვალენბერგის ოჯახის წევრები მოსკოვში მიიპატიჟეს და მისი პირადი ნივთები გადასცეს.

ვალენბერგმა 100 ათასამდე ებრაელი გადაარჩინა. მასზე მხატვრული და დოკუმენტური ფილმები გადაიღეს; მისი სახელი დაარქვეს ქუჩებს სხვადასხვა ქვეყნებში; მისი მემორიალები დადგეს ლონდონში, ბუდაპეშტში, სტოკჰოლმში, გიოტებორგში... მის სახელს ატარებს სკოლები ბერლინში, ბრუკლინში, ბუდაპეშტში... მიჩიგანში მისი სახელობის ჯილდო ყოველ წელს გადაეცემათ გამოჩენილ ჰუმანიტარებს. ვალენბერგის სახელობის საერთაშორისო ფონდი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაზე მუშაობს, ხოლო მისი სახელობის ინსტიტუტი ადამიანის უფლებებისთვის იბრძვის. 1981 წელს ის გახდა მეორე ადამიანი, ვისაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა. იერუსალიმში კი კატასტროფის მუზეუმის, იად ვაშემის გასწვრივ არის კეთილმორწმუნეთა გამზირი, რომელიც 600 ხითაა შემოფარგლული. ხეები იმ არაებრაელთა პატივსაცემადაა დარგული, რომლებმაც ებრაელები ნაცისტების კლანჭებიდან იხსნეს. ერთ-ერთი მათგანი რაულ ვალენბერგის სახელს ატარებს.

ხეზე გამახსენდა. ბუდაპეშტში, დოჰანის ქუჩაზე ევროპაში ყველაზე დიდი სინაგოგა დგას. მას ზოგჯერ ასეც ეძახიან – დოჰანის დიდი სინაგოგა. გვერდით ებრაელთა მუზეუმია. აქვეა 1944-45 წლებში, გერმანელთა ბანაკებში დაღუპულ უნგრელ ებრაელთა სასაფლაო. სინაგოგის უკან კი, რაულ ვალენბერგის სახელობის მემორიალური პარკია, სადაც ერთი უცნაური და ძალიან შთამბეჭდავი ხეა – ლითონის ტირიფი. მძიმედ გადმოშლილ ტოტებზე ათასობით ლითონისვე ფოთოლია. როდესაც ახლოს მიხვალ და თითოეულს დააკვირდები, მასზე ადამიანების ამოტვიფრულ სახელებს, დაბადების და გარდაცვალების წლებს ამოიკითხავ. მიუხედავად იმისა, რომ ლითონის ხეს სიცოცხლის არაფერი ეტყობა, მას სიცოცხლის ხეს ეძახიან. ეს ყველაზე უცნაური ხეა, რაც ცხოვრებაში მინახავს.

 

კომენტარები