ქართული ფეხბურთი

U17: გერმანია 1:0 საქართველო

დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა ჩაატარა: ვასილ მაისურაძის გუნდი სლოვენიაში, ლიუბლიანას სტოჟიცეზე გერმანიასთან 0:1 დამარცხდა.

ერთადერთი გოლი მეტოქემ 59-ე წუთზე გაიტანა: მაქსიმილიან მეიერი მოხდენილად შეიჭრა ჩვენი გუნდის საჯარიმოში და მეკარესთან პირისპირ გასულმა ძლიერად დაარტყა - 0:1. სათქმელია, რომ მისი დარტყმის შემდეგ ბურთი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების კაპიტანს ნიკა ჭანტურიას ფეხზე მოხვდა და უმნიშვნელოდ იცვალა მიმართულება.

მეიერის გოლამდე ანგარიშის გახსნის ბრწყინვალე შანსი ჰქონდა დავით ჯიქიას, თუმცა მისი დარტყმული ბურთი გერმანელთა მეკარემ იოლივერ შნიტცლერმა შესანიშნავი ნახტომით მოიგერია. მანვე შესვენებამდე ორჯერ იხსნა გუნდი გოლისგან.

ჩვენმა გუნდმა პირველი ტაიმი გაცილებით უკეთ ჩაატარა და რიგ მომენტებში აჯობა კიდეც მეტოქეს, თუმცა შესვენების შემდეგ გერმანელებმა ტემპს მოუმატეს და ქართველმა ჭაბუკებმაც ნელ-ნელა დათმეს ინიციატივა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ თავდამსხმელი საიდ ბენკარიტი (რამდენჯერმე ძალიან სახიფათოდ შეუტია ადამიას კარს) და ნახევარმცველი ჯულიან ბრანდტი, თუმცა მათ გოლის გატანა ჩვენი გუნდის მცველებმა და მეკარემ არ დაანებეს.

მომდევნო ტურში, 7 მაისს, ვასილ მაისურაძის გუნდი საფრანგეთს დაუპირისპირდება, ჯგუფის მეორე შეხვედრაში კი გერმანია ისლანდიას გაეჯიბრება.

4 მაისი, 2012. ევრო 2012. სლოვენია, ლიუბლიანა, SRC სტოჟიცე. 500

გერმანია 1:0 საქართველო

გოლი: 1:0 მ.მეიერი (59)

გერმანია: ო.შნიტცლერი, პ.იტლერი, ჯ.დუძიაკი, მ.სარი, ნ.შიულე, ნ.ბრანდენბურგერი, ჯ.ბრანდტი (მ.ო.კემპფი 79), ლ.გორეცკა (კაპ), ს.ბენკარიტი, მ.მეიერი (კ.აკპოგუმა 73), მ.დიტგენი (მ.სტენდერა 41)

მწვრთნელი: შტეფან ბიორგერი

საქართველო: ალექსანდრე ადამია, ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, ნიკა ჭანტურია (კაპ), გიგა სამხარაძე, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ვანო წილოსანი, ნიკა ახვლედიანი (ალეკო მზევაშვილი 71), დავით ჯიქია (დათო დარციმელია 65), გიორგი გოროზია (მათე ცინცაძე 63)

მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

გაფრთხილება: ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, ნიკა ჭანტურია

მსაჯები: ი.კრუჟლიაკი (სლოვაკეთი); ბ.კრიჟარიჩი (ხორვატია), მ.ჯუკიჩი (მონტენეგრო)

კომენტარები