ლონდონი 2012

ლონდონი 2012: კლასიკოსთა მეექვსე ლიცენზია

დღეს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა მოიპოვა ლონდონის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია: მძიმეწონოსანი გურამ ფერსელიძე ფინალში რუს ჰასან ბაროევთან დამარცხდა, თუმცა ოლიმპიადის საგზური მაინც დაიბევა.

ფერსელიძე ბეგი დარჩას გაწვრთნილი ნაკრების მესამე წევრია, რომელმაც ლონდონის საგზური ჰელსინკის საერთაშორისო ტურნირზე მოიპოვა. გუშინ იგივე წარმატებას მიაღწიეს რევაზ ლაშხმა (60კგ) და ვლადიმერ გეგეშიძემ (84კგ).

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ლონდონში 6 ათლეტით წარდგება: ქვეყნის ღირსებას ლაშხის, გეგეშიძისა და ფერსელიძის გარდა მანუჩარ ცხადაია, ზურაბ დათუნაშვილი და სოსო ჯაბიძეც დაიცავენ.

ცნობისათვის: გურამ ფერსელიძე ზაფხულის საიუბილეო XXX ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრების 28-ე წევრი გახდა.

კომენტარები