რუსეთი

პუტინმა რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა

კრემლის დიდ დარბაზში რუსეთის არჩეული პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია გაიმართა. პუტინმა პრეზიდენტის ფიცი მესამედ დადო და განაცხადა, რომ  ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიის დანერგვას, დაიცავს ადამიანთა უფლებებს და უზრუნველყოფს რუსი ხალხის ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებში ჩართულობას.  მანვე თქვა, რომ ”რუსეთი დღეიდან ახალ ფაზაში გადავიდა.”

"ვფიცავ, რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებისას პატივი ვცე და დავიცვა ადამიანის უფლებები და მოქალაქეთა თავისუფლება, შევასრულო და დავიცვა რუსეთის ფედერაციის კონსტიტუცია, ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, უსაფრთხოება და სახელმწიფოს მთლიანობა და ერთგულად ვემსახურო ხალხს." - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის კონსტიტუციაზე ფიცის დადებისას.

რუსეთის პრეზიდენტმა  მადლობა გადაუხადა დიმიტრი მედვედევს და მას მთავრობის სათავეში წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

რუსეთის უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა, მედვედევმა კი  თავის გამოსამშვიდობებლ სიტყვაში აღნიშნა, რომ  პრეზიდენტობისას ხალხის ინტერესების მიხედვით ხელმძღვანელობდა. ”ვმუშაობდი ღიად და სამართლიანად რათა ადამიანები თავისუფალნი ყოფილიყვნენ.” - განაცხადა მან.

ინაუგურაციას, რომელმაც მხოლოდ 8 წუთს გასტანა, სტუმრების სტატუსით ესწრებოდნენ პუტინის ოთხივე კონკურენტი საპრეზიდენტო არჩევნებზე,  ყოფილი  საბჭოთა კავშირის  ლიდერი მიხაილ გორბაჩოვი და რუსეთის პირველი პრეზიდენტის, ბორის ელცინის ქვრივი.

მოგვიანებით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კირილემ მოსკოვის კრემლის ხარების ტაძარში ლოცვა აღავლინა.

ინაუგურაციის პარალელურად მოსკოვის ცენტრში სოციალური ქსელის საშუალებით დაგეგმილი ფლეშ-მობი ”თეთრი ქალაქი” მიმდინარეობდა, რომელიც რუსეთში სამართლიანი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გაიმართა.

ამასთან ერთად, გუშინ ბალოტნაიას მოედანზე ოპოზიციური ძალების მიერ გამართული აქციის მონაწილეებმა დღეს ქალაქის ცენტრში გადაინაცვლეს, რათა პროტესტი გამოეხატათ პუტინის ინაუგურაციისადმი. BBC - ის ინფორმაციით, პოლიციამ 120-მდე აქტივისტი დააკავა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართულ ”მილიონიან მარშს” აქტივისტებსა და ომონს შორის შეტაკება მოჰყვა. დაკავებულია 450-მდე ადამიანი, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერები.

 

კომენტარები