ოკუპირებული ტერიტორიები

ნაბიჯი კონფრონტაციისკენ

სოხუმმა და მოსკოვმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეუტიეს. თან სოხუმი არა მხოლოდ ევროპელი დამკვირვებლების წინააღმდეგ გამოდის, არამედ ევროპელ დიპლომატებთან კონტაქტებს დემონსტრაციულად გაურბის.

24 აპრილს გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილი მორიგი შეხვედრა აფხაზური მხარის მიზეზით ჩაიშალა. ეს მექანიზმი, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში ჩამოყალიბდა, მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლას ითვალისწინებს. ასევე ეწყობა მხარეთა რეგულარული შეხვედრები საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით.

ბოლო შეხვედრის ჩაშლის მიზეზი, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო უწყების განმარტებით, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელის, ანჟეი ტიშკევიჩის მხრიდან სოხუმის მიმართ გამოხატული „უპატივცემულობა” და „კონფრონტაციული პოზიცია” გახდა. სოხუმმა პოლონელი გენერალი, რომელიც მისიას გასული წლიდან ხელმძღვანელობს, აფხაზეთში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

ტიშკევიჩის მხრიდან „უპატივცემულობა” იმაში გამოიხატა, რომ მან გალის რაიონის ტერიტორიაზე (სადაც EUMM-ს მოსკოვი და სოხუმი შესვლის ნებას არ აძლევენ) ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მომხდარი მკვლელობების ფაქტებზე რეაგირება არ მოახდინა. ამავდროულად, მისიის ხელმძღვანელის საპასუხო მოთხოვნას EUMM-ის აფხაზეთში დაშვების შესახებ, სოხუმში „შანტაჟი” უწოდეს.

სოხუმის რეჟიმის აღშფოთება იმანაც გამოიწვია, რომ ტიშკევიჩს „ჯეროვანი ყურადღების მიღმა დარჩა” საქართველოს ტერიტორიაზე „არაფორმალური შეიარაღებული ჯგუფების” შექმნა, რის შესახებაც, სოხუმის განცხადებით, „რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსი იტყობინებოდა”.

შეხვედრის ჩაშლის გამო შეშფოთება ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა გამოთქვეს. ევროკავშირის, გაეროს, ეუთოსა და აშშ-ის წარმომადგენლებმა ყველა მხარეს მოუწოდეს, რომ არსებული პროცედურების და მექანიზმების შენარჩუნება უზრუნველყონ.

თავის მხრივ, ოფიციალურმა თბილისმა სოხუმის დემარშის გამო პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. საგარეო უწყების განცხადებით, ეს საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების როლის შესუსტებისკენ მიმართული ქმედებების გაგრძელებაა – მანამდე რუსეთმა საქართველოში გაეროსა და ეუთოს მისიების დახურვას მიაღწია. „ევროკავშირის მისიის წინააღმდეგ აღნიშნული და სხვა ქმედებები ცხადყოფს, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე ნეიტრალური და მიუკერძოებელი საერთაშორისო მისიის არსებობა არ აწყობს”, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ კი ყურადღება გაამახვილა „უკანონო შეიარაღებული ფორმირებების” თაობაზე ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის „აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და სულელურ” განცხადებებზე, რომლებიც, მისი თქმით, „ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტის წინააღმდეგ აგრესიული კამპანიის” საბაბი გახდა.

ჟენევის მოლაპარაკებებზე ევროკავშირის წარმომადგენელთან, ფილიპ ლეფორთან სატელეფონო საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ფაქტობრივად გაიზიარა სოხუმის მოთხოვნები და განაცხადა, რომ აფხაზეთი „ჟენევის დისკუსიების სრულუფლებიანი მონაწილეა” და სოხუმის პოზიციას „თავისი ლოგიკა აქვს”.

თუმცა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ქეთრინ ეშტონმა საქართველოში მისიის ხელმძღვანელს სრული ნდობა გამოუცხადა. ეშტონის პრესსპიკერის განცხადებით, „ევროკავშირის დელეგაციის შემადგენლობის განსაზღვრა სხვა მონაწილის მიერ მიუღებელია”.

სოხუმის მიერ გახმოვანებული პოზიცია გაუგებარია, რადგან EUMM აფხაზეთის ტერიტორიაზე მომხდარი რაიმე ინციდენტის გამოძიებას ვერ შეძლებს, სანამ იქ საქმიანობის შესაძლებლობა არ მიეცემა. სოხუმში საფრთხედ არც აფხაზეთის მოსაზღვრე ტერიტორიაზე რაიმე ფორმალური თუ არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებების შექმნა უნდა აღიქმებოდეს – მის უსაფრთხოებას ხომ რუსული საოკუპაციო ძალები იცავენ.

სოხუმის დემარში უფრო მიზეზების ძებნას და საერთაშორისო თანამეგობრობის შანტაჟს ჰგავს. მით უმეტეს, რომ სოხუმი, რომელიც თითქოს საერთაშორისო იზოლაციიდან გამოსვლით უნდა იყოს დაინტერესებული, თავს უფლებას აძლევს ევროპელ დიპლომატებს უხეში ტონით ესაუბროს.

იმავე დღეს, როდესაც სოხუმის საგარეო უწყებამ ტიშკევიჩი არასასურველ პერსონად გამოაცხადა, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი საქართველოში გერმანიის ელჩს, ორთვინ ჰენიგს შეხვდა. ანქვაბმა ევროპელი დიპლომატების მისამართით არაერთი საყვედური გამოთქვა და ელჩს შეახსენა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის საკითხის მიმართ სოხუმის პოზიცია არ იცვლება. შესაბამისად, „პოლიტიკური ვაჭრობა მიუღებელია” და ევროპამ ჩართულობის სტრატეგიაზე დრო ტყუილად არ უნდა დახარჯოს. ანქვაბმა გერმანელ დიპლომატს კატეგორიული ტონით განუცხადა, რომ აფხაზეთი აღიარებას „არავის ეხვეწება”, მაგრამ თბილისის გავლით ევროპასთან ურთიერთობას აღარ აპირებს.

სოხუმის მთავრობის პრემიერმა ლეონიდ ლაკერბაიამ კი გერმანელ დიპლომატს განუცხადა, რომ აფხაზეთს „არსად ეჩქარება” და თუ ვინმეს სოხუმთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურს, ამაზე თავად უნდა იზრუნოს.

წესით, სოხუმშიც უნდა ესმოდეთ, რომ ამგვარი რიტორიკით სასურველ შედეგს ვერ მიაღწევენ, თუმცა, როგორც ჩანს, აფხაზური რეჟიმი კონფრონტაციაზე შეგნებულად მიდის მოსკოვის წახალისებით და დამკვირვებელთა მისიის წინააღმდეგ დემარშიც ამ მიზანს ემსახურება.

კონფლიქტის ზონაში სიტუაციაზე საერთაშორისო დამკვირვებელთა ზეგავლენის შემცირებისა და არსებული, საკმაოდ მწირი მექანიზმების ჩაშლის მცდელობა პროვოკაციების რისკს ზრდის. მით უმეტეს, კავკასიაში რუსეთის აქტიური სამხედრო სამზადისის ფონზე. ქართული ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების მისამართით გამოთქმული ბრალდებები კი, მოსკოვისა და სოხუმისთვის, ამგვარი პოლიტიკის განსახორციელებლად კარგი საბაბი გახდა.

კომენტარები