ასტრონომია

ასტრონომიის ოქროს ხანა

ასტრონომია, ბოლო წლების აღმოჩენებისა და საინტერესო მოვლენების სიუხვით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, ოქროს ხანაში იმყოფება. ამის დასადასტურებლად, დღეს მინდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მომხდარი ახალი ამბებისა და აღმოჩენების მხოლოდ მცირედი ჩამონათვალი შემოგთავაზოთ.

დავიწყოთ ჩვენი მშობლიური პლანეტით.

ასტრონომებმა დედამიწაზე სიცოცხლე აღმოაჩინეს

არა, ეს შეცდომა არაა – სწორედაც ჩვენს დედამიწაზეა საუბარი. მეცნიერებმა ძალზე საინტერესო კვლევა ჩაატარეს, რომლის მიზანი იყო სხვა პლანეტიდან დანახულ დედამიწაზე სიცოცხლის ნიშნების, უფრო სწორად, ორგანული ნივთიერების აღმოჩენის შესაძლებლობის დადგენა. როგორი იქნებოდა ჩვენი პლანეტის გამოსხივება სხვა ციური სხეულებისთვის? დედამიწა ირეკლავს მზის სინათლეს, რომლის ნაწილი ხვდება მთვარეზე. თავის მხრივ, მთვარეც ირეკლავს დედამიწის ამ არეკლილ გამოსახულებას და მისი მცირე ნაწილი უკან ბრუნდება – დედამიწა საკუთარ თავს „ხედავს”, ისეთს, როგორსაც დაინახავდა, მაგალითად, ჰიპოთეტური მარსიანელი. სწორედ ეს ძალზე სუსტი სინათლე 8-მეტრიანმა ტელესკოპმა VLT-მ „დაიჭირა”. მასში ასტრონომებმა ოკეანისა და მცენარეული საფარის ნიშნები ამოიცნეს.

ამ კვლევის შედეგები შეიძლება გამოვიყენოთ ეგზოპლანეტებზე ორგანული ნივთიერების ძიებისას, მშენებარე ყველაზე დიდი ტელესკოპის, 39-მეტრიანი E-ELT-ის საშუალებით.

გეოლოგიურად აქტიური მთვარე და მარსი

მთვარეზე ვულკანები არ არის, თუმცა მასზე ახლახან აღმოაჩინეს მიწისძვრის ნიშნები. ეს ზედაპირის ქვეშ არსებულ თხევად მაგმაზე მიუთითებს. მაშ, რატომ არ არის ვულკანები? იმიტომ, რომ მაგმის ნივთიერება იმდენად მკვრივია, რომ ზედაპირზე ვერ ამოდის. ასტრონომებმა თანამგზავრ აპოლოს მიერ ჩამოტანილ მთვარის ნიმუშებზე ექსპერიმენტი ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ ეს ნივთიერება შედგება მძიმე ელემენტებისგან (კერძოდ, ტიტანიუმისგან). მისგან შემდგარი მაგმა ზევით მოძრაობის ნაცვლად, ქვევით, მთვარის ცენტრისკენ მიემართება – ასე ვთქვათ, უკუღმა ვულკანს ქმნის. დროთა განმავლობაში, როდესაც ნივთიერება გაცივდება, ზედაპირისკენ დაიძვრება. თუმცა ეს ძალიან დიდი ხნის შემდეგ მოხდება.

ამავე დროს, მთვარეზე ნაპოვნია ნაპრალები, რომლებიც გეოლოგიურ აქტივობაზე ასევე მიუთითებენ. ადრე ითვლებოდა, რომ მთვარე თანდათანობით იკუმშებოდა. ნაპრალები კი, პირიქით, მის გაფართოებაზე მეტყველებენ. შესაძლოა, ეს ორი ურთიერთსაპირისპირო პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს.

მთვარისგან განსხვავებით და დედამიწის მსგავსად, მარსზე ვულკანები არსებობს. მისი ზედაპირი ასევე განიცდის რყევებს – ახლახან აღმოაჩინეს მიწისძვრის ნიშნებიც. ვულკანურმა ქმედებებმა, შესაძლოა, მარსის ზედაპირის ქვეშ არსებული ყინულის გალღობა გამოიწვიოს და სიცოცხლისათვის აუცილებელი პირობებიც კი წარმოქმნას.

მარსზე ოდესღაც ოკეანე იყო

რადარულმა დაკვირვებებმა მეწამული პლანეტის ზედაპირის ქვეშ ისეთი ფენები აღმოაჩინა, რომლებიც ოკეანის არსებობაზე მიუთითებს. ის იქ 4 მილიარდი წლის წინ უნდა ყოფილიყო. თუმცა გამოცანად რჩება კითხვა: სად წავიდა წყალი? ამაზე პასუხი ჯერ არ არის.

ახალი ტიპის პლანეტა

2009 წლის შემდეგ კოსმოსურმა თანამგზავრმა კეპლერმა 61 პლანეტური სისტემა აღმოაჩინა. ეგზოპლანეტების დეტექტირება უკვე არავის უკვირს. თუმცა ცოტა ხნის წინ აღმოჩენილმა, ზომით დედამიწის მსგავსმა ეგზოპლანეტამ ასტრონომები გააოცა: ის თითქმის მთლიანად წყლითაა დაფარული, ხოლო ატმოსფერო წყლის ორთქლითაა გაჯერებული. ეს პლანეტა მზის სისტემის არცერთ სხეულს არ ჰგავს.

მისი რადიუსი დედამიწისაზე 2.7-ჯერ დიდია, თავის მზესთან 10-ჯერ უფრო ახლოა და მის გარშემო ერთ ბრუნს მხოლოდ დღე-ნახევარს ანდომებს. ზედაპირის ტემპერატურა 230 გრადუსია, გარსი მუდმივად დუღს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ ეგზოპლანეტაზე ტემპერატურისა და წნევის ისეთი პირობები შეიძლება იყოს, რომელიც ნივთიერების ჩვენთვის უცნობი, დედამიწაზე არარსებული ფორმის შექმნას უწყობს ხელს. ასეთი შეიძლება იყოს „ცხელი ყინული” ან „ზეგამტარი წყალი”.

ითვლება, რომ ეს „წყალწყალა” პლანეტა თავისი მზის სისტემის პერიფერიაზე წარმოიშვა, სადაც დიდი რაოდენობით წყალი უნდა ყოფილიყო და შემდგომ „მიუჩოჩდა” თავის ცენტრალურ ვარსკვლავს. ის ჩვენგან 40 სინათლის წლის მანძილზე იმყოფება – კოსმოსური მასშტაბებით, არცთუ ისე შორს.

მოხტუნავე ეგზოპლანეტები

ორმაგი ვარსკვლავები (ორმზიანი სისტემები) გარემოცული არიან თავიანთი პლანეტებით, რომელთაც ერთმანეთს უცვლიან ხოლმე, ასე ვთქვათ, პლანეტებით პინგ-პონგს თამაშობენ. ერთი ასეთი „გადახტომა” მილიონობით წელს გრძელდება, თუმცა საეჭვოა, ასეთ პირობებში სიცოცხლე განვითარდეს, რადგანაც მათზე ხან უკიდურესად ცხელა, ხან კი ძალიან ცივა.

ზოგი პლანეტა ამ „თამაშისას” იკარგება – სამუდამოდ ტოვებს თავის „მშობლებს”, გალაქტიკის უკიდეგანო სივრცეში უჩინარდება და, ასე ვთქვათ, კოსმოსურ პილიგრიმად იქცევა. საბოლოო ჯამში, ეს ბედი საკმაოდ ბევრ პლანეტას ელოდება.

სინათლის ექო

1837 წელს კიჩოს თანავარკვლავედში აფეთქდა ვარსკვლავი, სახელად ეტა კარინა (Eta Carinae ან η Car, როგორც მას ასტრონომები აღნიშნავენ). რამდენიმე წლის განმავლობაში ის ცაზე სიდიდით მეორე ვარსკვლავი იყო, ხოლო შემდეგ მისმა სიკაშკაშემ თანდათანობით იკლო. ამ ვარსკვლავის გამოსხივების ნაწილი სხვა მიმართულებით გავრცელდა, რამდენჯერმე აირეკლა მის გარშემო მყოფი მტვრის ღრუბლიდან და თითქმის 170 წლის შემდეგ მოაღწია დედამიწამდე: შეიძლება ითქვას, ჩვენამდე სინათლის ექო მოვიდა. ხელმეორედ დავინახეთ ის, რაც 170 წლის წინ, თუმცა ბევრად მცირე მასშტაბით. ეს მართლაც უნიკალური მოვლენაა. ეტა კარინას ორმაგი სისტემა ერთ-ერთი ყველაზე დიდი და განსაკუთრებით კაშკაშაა ჩვენს გალაქტიკაში. ის მზეზე 100-ჯერ მასიურია. დაკვირვება საშუალებას მოგვცემს განსაკუთრებით დიდი მასის მქონე ვარსკვლავების ევოლუცია შევისწავლოთ.

გველეშაპი შავი ხვრელები

ჩვენი გალაქტიკის – ირმის ნახტომის – ცენტრში გიგანტური შავი ხვრელი ბინადრობს. მასზე დაკვირვებისას, რენტგენულმა ტელესკოპმა ჩანდრამ უამრავი მცირე სიდიდის ანთება აღმოაჩინა. ამ ნათებებს შავ ხვრელზე ნივთიერების დაცემა იწვევს. მათი სიკაშკაშე მიუთითებს, რომ ხვრელში ყოველდღიურად უამრავი ასტეროიდი და კომეტა ვარდება: გალაქტიკის ცენტრი გველეშაპივით ყლაპავს ამ ციურ სხეულებს, რომლის დროსაც ისინი ასანთის ღერებივით ინთებიან და იწვებიან.

ფარული ფარული ფარული სამყარო

დაბოლოს, ჯერაც ამოუცნობი რჩება ფარული ენერგიისა და ფარული მასის გამოცანა. შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, სამყარო აჩქარებით ფართოვდება, ხოლო კოსმოსში ამოუცნობი, უხილავი ფარული მასა ბინადრობს, რაც ჯერჯერობით აუხსნელია ფიზიკის ჩვენთვის ცნობილი კანონებით, რომლებსაც სკოლებსა და უნივერსიტეტებში ასწავლიან. აშშ-ის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა 17 მილიონი დოლარი გამოყო, მომდევნო 5 წლის მანძილზე, ამ საიდუმლოებით მოცული საკითხის შესასწავლად. შესაძლოა, ჩვენ ახალი ფიზიკის დაბადების მომსწრენიც გავხდეთ.

 

კომენტარები