სავიზო რეჟიმი

მიუწვდომელი ვიზები

ევროკავშირის ქვეყნებში გასამგზავრებლად ვიზის აღება საქართველოს მოქალაქეებს უფრო უჭირთ, ვიდრე მეზობელი ქვეყნების მცხოვრებლებს. ასეთ დასკვნამდე მივიდა ორგანიზაცია ევროპული ინიციატივა – ლიბერალური აკადემია თბილისი. მან ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოს და ევროკავშირს შორის ვიზების სფეროში მიღწეული შეთანხმებების შესრულებას და უვიზო მიმოსვლის პერსპექტივებს აანალიზებს.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში 2009-2010 წლის განმავლობაში ვიზების გაცემის მაჩვენებლების მეზობელი ქვეყნების მონაცემებთან შედარებით, „საოცარი” სტატისტიკა გამოიკვეთა.

კერძოდ, 2009 წელს, საქართველოში ევროკავშირის ვიზების გაცემაზე უარი აპლიკანტთა 17,2 პროცენტს ეთქვა. 2010 წელს – 15,1 პროცენტს.

ვიზებზე უარის მხრივ 2010 წელს ესტონეთი „ლიდერობდა”, რომლის საკონსულომ განაცხადების 30 პროცენტზე მეტი არ დააკმაყოფილა. გასულ წელს – ნიდერლანდები (27 პროცენტი).

როგორც ირკვევა, ეს რეგიონის მასშტაბით რეკორდული მაჩვენებელია. აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრ ქვეყნებსა და რუსეთში, მათ შორის ისეთ სახელმწიფოებში, რომლებსაც ევროკავშირთან ურთიერთობა საქართველოზე ბევრად ნაკლებად აქვთ განვითარებული, ვიზებზე უარის მაჩვენებელი მკვეთრად დაბალია.

შარშანდელი მონაცემებით, სომხეთში უარი აპლიკანტთა 10,8 პროცენტს ეთქვა. აზერბაიჯანში – 5, მოლდოვაში – 7, უკრაინაში – 3,4 პროცენტს. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რუსეთსა და ბელარუსშია – 1,2 და 0,9 პროცენტი.

ევროპული ინიციატივის ხელმძღვანელმა ქეთევან ციხელაშვილმა ტაბულასთან ამ ტენდენციის შესაძლო მიზეზებზე ისაუბრა. პირველ რიგში, მისი თქმით, ეს საქართველოდან მიგრაციის მაღალი მაჩვენებელია. მეორე – ევროპის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების დიდი რაოდენობა.

თუმცა, ორგანიზაციის ხელმძღვანელის აზრით, ვერცერთი ზემოჩამოთვლილი მიზეზი საქართველოს ასეთი „გამორჩეული” მდგომარეობის განმსაზღვრელი ვერ იქნება, რადგან ანალოგიური პრობლემები სხვა ქვეყნებისთვისაც აქტუალურია. მაგალითად, არალეგალური მიგრაციის მაჩვენებელი მაღალია მოლდოვაშიც. რაც შეეხება თავშესაფრის მოთხოვნას ევროპაში, ამ მხრივ ავღანეთის შემდეგ მეორე ადგილი რუსეთს უკავია.

„ჩვენ რეკომენდაცია მივეცით საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს, ითანამშრომლონ ამ პრობლემის იდენტიფიცირებისა და გადაჭრის მიმართულებით”, – აცხადებს ციხელაშვილი.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ჩვენს ამდენ მოქალაქეს ეუბნებიან უარს”, – უთხრა ტაბულას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროპული ინტეგრაციის კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არჩილ ყარაულაშვილმა. მისი თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლები ამ მდგომარეობის მიზეზს დამაჯერებლად ვერ განმარტავენ. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხს „მწვავედ აყენებს” ევროკავშირის წინაშე. თუნდაც, ვიზების ფასილიტაციის ხელშეკრულებით შექმნილი ერთობლივი კომისიის ფარგლებში.

„არ შეიძლება, გვქონდეს სავიზო მიმოსვლის ხელშეწყობის შესახებ ხელშეკრულება და იმ ქვეყნებზე უარეს მდგომარეობაში ვიყოთ, რომლებსაც ის არ აქვთ გაფორმებული, მაგალითად ბელარუსზე, სომხეთზე და აზერბაიჯანზე”, – მიიჩნევს ყარაულაშვილი.

მისი თქმით, „ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის ჩვენ მიმართ კარგად განწყობილი, ზედმეტი სიმკაცრით ეკიდება ვიზების გაცემას. ეს გვაოცებს და ვფიქრობთ, რომ მათ საკუთარ პოლიტიკას უნდა გადახედონ”.

ჩატარებული კვლევა ასევე ეხებოდა საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების საკონსულოების მუშაობას (საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზების ფასილიტაციის ხელშეკრულებისა და ევროკავშირის სავიზო კოდექსის შესრულების კუთხით). ეს ხელშეკრულება ძალაში 2011 წლის მარტიდან შევიდა და ამ შეთანხმებით ვიზების მიღების პროცედურა საქართველოს მოქალაქეთა მთელი რიგი კატეგორიებისთვის გამარტივდა – ოფიციალური დელეგაციის წევრებისთვის, ჟურნალისტებისთვის, მეწარმეებისთვის და სხვა. გაიოლდა მრავალჯერადი ვიზის გაცემის პირობებიც. სავიზო მოსაკრებელი 60-დან 35 ევრომდე შემცირდა, მოქალაქეთა 12 კატეგორია კი მოსაკრებლისგან გათავისუფლდა.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს მოქალაქეთა მიერ ვიზების აღება საკმაოდ გამარტივდა, თუმცა „ხანდახან არის გადაცდომებიც” – მოქალაქეებს, რომლებსაც შეღავათები ეკუთვნით, ახდევინებენ მოსაკრებელს, აძლევენ მოკლევადიან ვიზებს ერთწლიანის ნაცვლად და ასე შემდეგ.

საკონსულოების მუშაობას უფრო მკაცრად აფასებს არჩილ ყარაულაშვილი. „ყველა შეხვედრაზე ვაყენებთ საკითხს – სრულფასოვნად ამოქმედდეს სავიზო მიმოსვლის გამარტივების შესახებ შეთანხმება, რადგან უამრავი დარღვევა ხდება”. კერძოდ, ძალიან ხშირად მოქალაქეები აწყდებიან უდიერ დამოკიდებულებას საკონსულოების თანამშრომლების მხრიდან. ასევე „არის შემთხვევები, როდესაც არ ირღვევა იურიდიული ნორმა, მაგრამ ირღვევა შეთანხმების სულისკვეთება. მაგალითად, როდესაც ადამიანს ვიზას ყოველ წელს უპრობლემოდ აძლევდნენ, ახლა კი, გამარტივების შემდეგ, იმაზე მეტ საბუთს სთხოვენ, ვიდრე ადრე. ამის უფლება საკონსულოს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ეს არ არის სამართლიანი დამოკიდებულება”.

ევროკავშირის სავიზო კოდექსი 2010 წელს ამოქმედდა და დოკუმენტი საკონსულოების მუშაობას მთელ რიგ რეგულაციებს უწესებს. მაგალითად, ითვალისწინებს აპლიკანტებისთვის ინფორმაციის სრულად მიწოდებას მათ მშობლიურ ენაზე. ასევე, საკონსულოების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ერთი წლის წინ კი ძალაში შევიდა მუხლი, რომელიც ვიზის გაცემაზე უარის სავალდებულო დასაბუთებასა და გასაჩივრების უფლებას გულისხმობს.

ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით, საქართველოში ევროპული ქვეყნების საკონსულოების მუშაობაში ყველაზე დიდი გამოწვევები სწორედ ამ პირობების შესრულებას უკავშირდება.

კერძოდ, მოუგვარებელია მოქალაქეთა ინფორმირების საკითხი. არსებული 15 საკონსულოდან ვებგვერდი თორმეტს აქვს და ექვსი მათგანი მხოლოდ უცხო ენაზეა. აპლიკანტებისთვის აუცილებელი ინფორმაცია სრულად არ არის წარმოდგენილი არც ვებგვერდებზე და არც საცნობარო დაფებზე. ვიზაზე უარის დასაბუთების ვალდებულების შესახებ ინფორმაცია კი მხოლოდ ორი საკონსულოს ვებგვერდზეა განთავსებული.

მოქალაქეებს ასევე უჭირთ საკონსულოებთან ტელეფონით დაკავშირება და საჭირო ინფორმაციის მიღება. ეს განსაკუთრებულ სირთულეებს რეგიონის მცხოვრებლებს უქმნით. დიდია შანსი, რომ საჭირო ინფორმაციაზე მიუწვდომლობის გამო აპლიკანტს უარი ეთქვას ვიზაზე არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის საბაბით.

ლოდინის პერიოდი საკონსულოში მიმართვიდან მიღებამდე, რომელიც ევროპული კოდექსით ორი კვირით არის განსაზღვრული, სეზონურად სამ და ზოგჯერ რვა კვირასაც აღწევს. ზოგიერთ საკონსულოში მიღებაზე ჩაწერა მოუწესრიგებელია და მოქალაქეები „ცოცხალ რიგში” დგებიან. ხშირად ეს ქუჩაში ხდება მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, კვლევამ ცხადყო, რომ ყველაზე მოწესრიგებული გერმანიის საკონსულოა.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება ზაფხულში იგეგმება და ამ მოლაპარაკებების წინაპირობა უკვე გაფორმებული შეთანხმებების შესრულებაა.

არჩილ ყარაულაშვილის თქმით, იმ რეფორმების უმრავლესობა, რაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისთვის არის აუცილებელი, თბილისმა წარმატებით განახორციელა. მათ შორის – კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, საზღვრის ინტეგრირებული მართვის და დოკუმენტების უსაფრთხოების სფეროში. ყარაულაშვილი დარწმუნებულია, რომ თბილისი უვიზო მიმოსვლის მისაღწევად სამოქმედო გეგმასაც მალე შეასრულებს და გადაწყვეტილება ბრიუსელის პოლიტიკურ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

თავის დროზე, ევროკავშირმა, ბალკანეთის ქვეყნებს უვიზო მიმოსვლისთვის გარკვეული პირობები წაუყენა, მათ შორის ისიც, რომ ვიზებზე უარის შემთხვევები 3 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. არჩილ ყარაულაშვილის მტკიცებით, ევროკავშირის წარმომადგენლები თბილისს ჰპირდებიან, რომ მსგავს მოთხოვნას არ წაუყენებენ. თუმცა საქართველოს ხელისუფლებას ამგვარი სიტყვიერი დაპირება არ აკმაყოფილებს და ვიზების გაცემის პოლიტიკის შეცვლის იმედი აქვს.

 

კომენტარები