საქართველო-ბრიტანეთის ურთიერთობა

დენის მაკშეინი: საქართველოს სტალინისთვის გადაცემით დაშვებულ შეცდომას ბრიტანეთი ახლა ასწორებს

აპრილში, დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 20 წლისთავს აღვნიშნავთ. ბრიტანეთმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს ისტორიაში.

ეს ერი სამ ათასწლეულს ითვლის, იაზონის ოქროს საწმისი ქართველი მწყემსების ჩვევას უკავშირდება – ცხვრის ტყავით, რომელსაც მდინარეში ტოვებდნენ, ისინი ოქროს ნაწილაკებს აგროვებდნენ, უძველესი კოლხეთი კი დღევანდელ საქართველოში მდებარეობდა.

მე-20 საუკუნეში ბრიტანეთმა საქართველოში დაუშვა შეცდომა, როდესაც ლიბერალმა პრემიერმინისტრმა, ლოიდ ჯორჯმა, გეოსტრატეგიული გამჭრიახობა ვერ გამოიჩინა და საქართველო ორ ყველაზე დაუნდობელ თანამემამულეს – სტალინს და მისი საიდუმლო პოლიციის ხელმძღვანელს, ბერიას დაუთმო.

რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობის სამი წელი, 1918-დან 1921 წლამდე, ხანმოკლე, მაგრამ ერთ-ერთი საამაყო პერიოდია საქართველოს ისტორიაში. ევროპელი სოციალ-დემოკრატები შურით შესცქეროდნენ საქართველოს მთავრობას, რომელმაც შემოიღო საყოველთაო საარჩევნო უფლება და ქალებს არჩევანის უფლება მიანიჭა, სიკვდილით დასჯა კი საერთოდ გააუქმა. ამა წლის იანვარში ბრიტანეთის პარლამენტის საგანგებო კომიტეტის დერეფანში მოეწყო ფოტოგამოფენა, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიღწევებთან ერთად იმ ბრიტანელებს ასახავდა (მათ შორის, რამსეი მაკდონალდს), რომლებიც მაშინ საქართველოს სტუმრობდნენ.

მიუხედავად შეშფოთებისა, რომელიც თემთა პალატაში გამოითქვა, ლოიდ ჯორჯმა იმ მცირე სამხედრო ფლოტისა და არმიის გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო, რომლებიც ბრიტანეთს საქართველოში ჰყავდა განლაგებული. თავდაპირველად, ბრიტანეთმა ისინი ანტიბოლშევიკური ძალების დასახმარებლად გაგზავნა – აი ისე, როგორც სულ ცოტა ხნის წინ სამხედრო თვითმფრინავები და გემები კადაფის დიქტატურის წინააღმდეგ აჯანყებულთა დასახმარებლად, ლიბიაში.

ბრიტანეთის არმიის მეთაურებმა, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ, ლოიდ ჯორჯს აცნობეს, რომ ბრიტანეთის გასვლის შემთხვევაში საბჭოელები ქვეყანას დაიპყრობდნენ და ქართულ დემოკრატიას ბოლოს მოუღებდნენ. თუმცა ლიბერალმა პრემიერმინისტრმა, რომლის გეოპოლიტიკური ალღო ახლოსაც ვერ მივიდოდა ადგილობრივი პოლიტიკის მართვის უნართან, საფრთხეში მყოფი საქართველო მიატოვა და ქვეყანა საბჭოთა იმპერიის ნაწილი გახდა.

ეს საკითხი პარლამენტარებმა თემთა პალატაშიც წამოსწიეს, მაგრამ ბრიტანეთს საქართველოს საქმეებში ჩარევის სურვილი განელებოდა, რადგან თავად იდგა ეკონომიკური და უმუშევრობის პრობლემების წინაშე, რომლებიც 1920 წლიდან მოყოლებული სულ უფრო მწვავდებოდა. მას შემდეგ საქართველოს, 80 წლის განმავლობაში, ბრიტანეთთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ჩემი ყოფილი უფროსი, რობინ კუკი, პირველი ბრიტანელი მინისტრი იყო, რომელიც 2000 წელს დამოუკიდებელ საქართველოს ეწვია. მაშინ იგი საგარეო უწყებას ხელმძღვანელობდა. საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას კუკმა რუსეთი გააფრთხილა, რომ კავკასიის რეგიონში დესტაბილიზაცია არ დაეშვა.

საქართველოსა და ბრიტანეთს შორის კავშირების დასამყარებლად ყველაზე მეტი ყოფილმა პარლამენტარმა ბრიუს ჯორჯმა გააკეთა. იგი არჩევნებზე დამკვირვებელთა დელეგაციებს ხელმძღვანელობდა და შევარდნაძის პერიოდში გაყალბების შესახებ მისმა ანგარიშებმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.

ბრიუს ჯორჯმა ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე ინტერპარტიული ჯგუფი შექმნა, რომელსაც ამჟამად მე ვთავმჯდომარეობ. ჯორჯის მსგავსად, საქართველოს მიმართ მუდმივ ინტერესს იჩენს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მალკოლმ რიფკინდი, რომელიც დღესაც ბრიტანულ-ქართული საზოგადოების საპატიო თავმჯდომარეა.

კუკის ვიზიტის შემდეგ კავშირები გამყარდა. ბოლო წლებში თბილისს მაღალი რანგის არაერთი ბრიტანელი პოლიტიკოსი ეწვია, მათ შორის გლენის კინოკი და ჯეფ ჰუნი წინა მთავრობიდან და ჯერალდ ჰოუართი და ლაიამ ფოქსი კოალიციიდან. ლიბერალ-დემოკრატი პოლიტიკოსების დელეგაცია კი საქართველოს მაისში ეწვევა.

ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგა. ყველაზე შესამჩნევი ცვლილება კორუფციის დამარცხებაა. ამისთვის მკვეთრი ნაბიჯები გადაიდგა, მათ შორის, პოლიციის თანამშრომელთა უმეტესობა სამსახურიდან იყო დათხოვილი, მაგრამ ამ რეფორმებმა გაამართლა. მთავრობამ დაიწყო ეკონომიკის ლიბერალიზაცია – შეამცირა გადასახადები და ბიუროკრატია, გააუმჯობესა უმწეოთა სოციალური დაცვა და დაიწყო დემოკრატიის მშენებლობა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავიდანვე მიზნად დაისახა საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება – საქართველოს ევროპული ოცნების ასრულება. საერთაშორისო ინსტიტუტები ქებას არ იშურებდნენ. განსაკუთრებით, მსოფლიო ბანკი, რომლის რეიტინგშიც საქართველო მე-16 ადგილზეა ბიზნესის კეთების მიხედვით. სულ ახლახან, მსოფლიო ბანკმა საქართველოს ანტიკორუფციული რეფორმები პოსტრევოლუციური ქვეყნებისთვის სამაგალითო მოდელად დაასახელა. ბოლო დროს საქართველოში მსხვილი ბრიტანული ინვესტიციები ჩაიდო, განსაკუთრებით BP-ს მიერ. საქართველოს ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმლისტინგში მოხვდა. იმედი მაქვს, რომ საქართველოში მოქმედი ბრიტანული ბიზნესისა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის, ჯუდით გოფის ხელშეწყობით ჩვენი ქვეყნების ლითონის მწარმოებელ კომპანიებს შორის თანამშრომლობა შედგება.

რა თქმა უნდა, საქართველო მსოფლიო ყურადღების ცენტრში 2008 წლის ტრაგიკული მოვლენების დროს მოხვდა. რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის სცენები ცივი ომის ყველაზე დაძაბულ წლებს გაგახსენებდა. დევიდ კამერონი ერთ-ერთი პირველი

პოლიტიკური ლიდერი იყო, რომელიც მაშინ, როგორც ოპოზიციის ლიდერი, რუსულ ბომბებს არ შეუშინდა და თბილისში ჩავიდა ქართველი ხალხისადმი სოლიდარობის გამოსახატად. კამერონის ვიზიტს მალევე მოჰყვა მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ მილიბენდის ვიზიტი. მან, ბრიტანეთის მთავრობის სახელით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი სრული მხარდაჭერა გამოხატა.

ამ ინტერვენციის შემდეგ საქართველოს ორი რეგიონი – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რუსეთს აქვს ოკუპირებული, რუსულმა ჯარმა იქ მყარად მოიკიდა ფეხი. უცნაური განცდაა, როდესაც ქვეყნის დედაქალაქის, თბილისის ჩრდილოეთით ერთი საათის სავალზე, ცივი ომის ეპოქაში ხვდები და ხედავ ბლოკპოსტებს რუსეთის დროშით.

ბრიტანეთი, ალბათ, საქართველოს ყველაზე ახლო მოკავშირეა ევროკავშირის ქვეყნებს შორის, რომლის მთავრობაც NATO-ში საქართველოს გაწევრიანების პროცესის წინ წაწევას ცდილობს ჩიკაგოს სამიტზე. შარშან, მოსკოვში ვიზიტის დროს კრემლში შეხვედრებისას, დევიდ კამერონმა ღიად დასვა საქართველოს ოკუპაციის საკითხი, ამ ვიზიტის შემდეგ კი პრეზიდენტი სააკაშვილი მალევე მიიღო დაუნინგ სტრიტზე. კამერონის მთავრობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდამჭერია.

ბრიტანეთის როგორც წინა, ასევე ახლანდელი მთავრობის დამსახურებაა, რომ საქართველო ერთ-ერთი პრიორიტეტია ბოლო ოცი წლის განმავლობაში. ქართველი მინისტრების საშუალო ასაკი 29 წელია, ბევრს განათლება ბრიტანეთში აქვს მიღებული და მათ შორის პრობრიტანული განწყობები ჭარბობს.

საქართველო პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა გეოპოლიტიკური და ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით. ის მაგალითია კორუფციასთან მებრძოლთათვის, თუნდაც ჩრდილოეთ აფრიკის ახალი რეჟიმებისთვის. ჩვენს საერთო ღირებულებებს უნდა მიეწეროს ის, რომ ბრიტანეთის მთელი პოლიტიკური სპექტრი მხარს უჭერს საქართველოს და ეს მხარდაჭერა, მთავრობების ცვლილებების მიუხედავად, გრძელდება. საქართველო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ ორმხრივი ურთიერთობებითა და ქვეყნების პარლამენტებს შორის კავშირებით, მჯერა, დიპლომატიური ურთიერთობები სულ უფრო გაძლიერდება.

სტატია პირველად

PoliticsHome-ში გამოქვეყნდა

2012 წლის 23 აპრილს.

კომენტარები