ფოკუსი

ბექა გოჩიაშვილი: იქ, სადაც თავისუფლება იზღუდება, მუსიკა ვერ იარსებებს

0 კომენტარი

სკოლიდან გამოდის. გარშემო, როგორ ყოველთვის, ხმაური და ბევრი ხალხია – მერვე ავენიუსა და თაიმს სქვერის რაიონში სხვას რას უნდა ელოდე. ქუჩაში დასარტყამი ინსტრუმენტის ჯოხების ხმაურით მიაბიჯებს და ჰერბი ჰენკოკზე ფიქრობს. თავში მუსიკოსის იმ ვიდეოს კადრებს ატრიალებს, რომელიც კოლექციისთვის სჭირდება. შეიძლება DVD აქ ჰქონდეთ, აი ამ ვიდეომაღაზიაში. შიგნით შედის და სანამ რაიმეს იკითხავდეს, ვიღაც ახმახი ადგება თავზე – „აქ რას აკეთებ, ყმაწვილო?”.

პასუხის გაგონებისთანავე ბავშვს ქეჩოში კიდებს ხელს და ქუჩაში აძევებს – ჰენკოკს და თინეიჯერს სექსშოფში არაფერი ესაქმებათ. ამ უკანასკნელის ადგილი არც ჯულიარდის ხელოვნების სკოლის ჯაზის ფაკულტეტზეა – ჯერ პატარაა. თუმცა ზოგადი ნორმები ორდინარულ ბავშვებს შეიძლება შეეფარდოს, ბიჭი კი ნაკლებად ჰგავს თავისი თაობისა და ასაკის მოზარდებს.

ბექა გოჩიაშვილი დღეს თექვსმეტი წლისაა, თუმცა უკვე თორმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჯაზი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ტექნო ეპოქის შვილმა, სულ რაღაც ექვსი წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ ჯაზი ესწავლა. ეს უცნაურად, დაუჯერებლადაც კი ჟღერს, თუმცა...

„მამაჩემი მუსიკოსია, პიანისტი. ჯაზზე გიჟდებოდა. ორწლინახევრის რომ ვიყავი, აბსოლუტური სმენა აღმომიჩინეს, მამაჩემი რასაც უკრავდა, მეც ზუსტად იმ ტონალობაში ვმღეროდი. სამი წლის ასაკში საწოვარას ვიყენებდი. რა აღარ სცადეს მშობლებმა – წიწაკა წაუსვეს, დამიმალეს, მაგრამ ვერ გადამაგდებინეს. ერთხელ ის მამაჩემმა წამართვა და მითხრა, რომ თუ ჩემი ნივთის დაბრუნება მინდოდა, სკოტ ჯოპლინის ერთ-ერთი კომპოზიციის ნაწყვეტი უნდა გამემეორებინა. მამაჩემი ოთახიდან გავიდა და ინსტრუმენტთან მარტო დამტოვა, ცოტა ხანში კი მუსიკის ხმაზე უკან შემოვიდა – ნაწყვეტი უშეცდომოდ გავიმეორე. იმ დღესვე მთელი კომპოზიციის დაკვრა მასწავლა თავიდან ბოლომდე. ნელ-ნელა ჯაზი გახდა ჩემი საწოვარა. ოთხი წლის ვიყავი, ოსკარ პიტერსონს რომ მოვუსმინე – მისი მუსიკა ჩემს იავნანად იქცა. შემდეგ მამაჩემმა კიტ ჯარეტის კასეტა მომიტანა და მივხვდი – ეს იყო მუსიკა, რომელიც ჩემთან ყველაზე ახლოს იდგა და ჯარეტიც დღემდე ჩემი საყვარელი მუსიკოსია”.

ექვსი წლის ასაკში მშობლებმა თბილისში ჯაზის საუკეთესო პედაგოგთან, ზურა რამიშვილთან მიიყვანეს. ამ უკანასკნელმა ბექას ურჩია, ჯერ კლასიკურ მუსიკაში ევარჯიშა, რადგან ჯაზი მისთვის ადრე იყო. სამი წელი კლასიკას უკრავდა, ცხრა წლის კი რამიშვილთან დაბრუნდა – „შემდეგ ბებე ლორთქიფანიძის კლუბ „მეოცე საუკუნეში” დავიწყე დაკვრა. თერთმეტის რომ გავხდი, ლატვიაში, საულკრასტის ფესტივალზე აღმოვჩნდი, სადაც შემთხვევით ლენი უაიტი გავიცანი. უაიტი ჯაზის სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული

დრამერია, რომელიც ჩიკ კორეასთან ერთად მუშაობს. მაშინ ის უორქშოპს ატარებდა. მე არც ვიცოდი ვინ იყო და უბრალოდ, ჩემთვის დაკვრა დავიწყე. უცებ უაიტმა გამაჩერა და მთხოვა, სხვადასხვა ტონალობებში დამეკრა”. ცოტა ხანში უაიტმა ბექას რეპეტიციაზე მასთან ერთად დაკვრა შესთავაზა. ესეც დათანხმდა, რა თქმა უნდა.

დიდი ხნის განმავლობაში ბექას არსებობა მხოლოდ ჯაზის მოყვარულთა ვიწრო საზოგადოებამ იცოდა, სანამ 2008 წლის ივნისში თბილისს საქმიანი ვიზიტით კონდოლიზა რაისი არ ეწვია. ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ, ის სადილად კოპალაში მივიდა, სადაც ბექას უნდა დაეკრა. ორი-სამი აკორდის აღების შემდეგ კონდოლიზა ახალგაზრდა პიანისტის ნიჭით აღფრთოვანდა – თავადაც პროფესიონალი მუსიკოსია და ბექას შესაძლებლობები არ გამოჰპარვია. მოგვიანებით, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ბექა ყველაზე ნიჭიერი ჯაზმენია, რომელსაც ოდესმე შეხვედრია და მისი ეს ნათქვამი, დამწყები ჯაზმენის წარმატების კატალიზატორად იქცა. ამას მოჰყვა საქართველოში აშშ-ის მაშინდელ ელჩთან, ჯონ ტეფტთან შეხვედრაც, რომლის დახმარებითაც ჯოელ ჰარისონი, აშშ-ის პიანისტთა ასოციაციის პრეზიდენტი გაიცნო. ბექა ბერკლიში აპირებდა ჩაბარებას, მაგრამ ჰარისონის გაცნობის შემდეგ ჯულიარდში სწავლა გადაწყვიტა.

შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით, 2008 წელს ბექა მამამისთან ერთად ნიუ იორკში გაემგზავრა, სადაც ჯულიარდის სკოლისა და მანჰეტენის მუსიკის სკოლის კონკურსებში მიიღო მონაწილეობა. ის ორივეგან მიიღეს.

ასეთი პატარა ბავშვებისთვის ჯულიარდში მოხვედრა რთულია, უფრო სწორად, არარეალურიც კი – სკოლას სტუდენტების მიღების ძალიან მკაცრი წესი აქვს. ბექას ასაკის ბავშვი აქ მოსამზადებელ კოლეჯში თუ ისწავლის, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ამერიკაში ცხოვრობს, იქაურ სკოლაში დადის და ჯულიარდს მხოლოდ შაბათ-კვირას დაუთმობს. კენი ბრაუნი, რომელიც ჯულიარდის ჯაზისა და ფორტეპიანოს ფაკულტეტზე ასწავლის, იმდენად აღფრთოვანდა ბექა გოჩიაშვილის მონაცემებით, რომ მიუხედავად ბიუროკრატიული წინააღმდეგობისა, გადაწყვიტა გამონაკლისი დაეშვა და მოსამზადებელ სკოლაში მიეღო.

მაშინ ბექას დასახმარებლად ჯულიარდის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელს, ნონა შენგელაიას დაუკავშირდნენ. ნონამ არაფერი იცოდა ბიჭის შესახებ და თავიდან მორიგი ამბიციური, მაგრამ არაფრით გამორჩეული ქართველი მუსიკოსი ეგონა, რომელსაც, უბრალოდ, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ხელოვნების სასწავლებელში სურდა მოხვედრა. შენგელაიას ამერიკის ელჩის ატაშემ დაურეკა და ბექას ნიჭის შესახებ მოუყვა, უთხრა ისიც, რომ სწავლას თავად დააფინანსებდნენ, მას მხოლოდ ცამეტი წლის მუსიკოსის შეკედლება ევალებოდა. ამაზე ნონამ უარი განაცხადა, არ სურდა პატარა ბავშვის მოვლის ვალდებულება საკუთარ თავზე აეღო: ქალიშვილები გაიზარდნენ, მეუღლესთან კი ახალი თაფლობის თვე ეწყებოდა – მშვიდი, წყნარი პერიოდი. „ბექას ნახვამდე ზურა რამიშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ მისი სახით შესანიშნავ მუსიკოსს გავიცნობდი. სკეპტიკურად ვუყურებდი ჩემთვის უცნობი ბიჭის შესაძლებლობებს და ზურას ვუთხარი, ის ალბათ ისევე უკრავს, როგორც ჰარლემის ყველა სადარბაზოში უკრავენ-მეთქი. ზურა ცოტა ხანს დაფიქრდა და მიპასუხა – “დამიჯერე, არსად არ უკრავენ ისე, როგორც ბექა უკრავსო. და მართალი აღმოჩნდა”.

ის, რომ ბექა მაინც ნონა შენგელაიასთან აღმოჩნდა, პირველ რიგში, მისი მეუღლის, გია შენგელაიას დამსახურებაა. ჯაზის მოყვარულმა ბიჭის შეკედლება მაშინვე გადაწყვიტა, როგორც კი გაიცნო და მოუსმინა – „ახლა ბექას გარეშე ვერ წარმომიდგენია. უცხო ადამიანების შვილი ისე გახდა ჩემი ოჯახის წევრი, ვერც შევამჩნიე. უმნიშვნელო კონფლიქტიც კი არ მოგვსვლია არასდროს”, – ამბობს დღეს ნონა.

ამასობაში, ბექას დაკვალიანებაში საქართველოს მთავრობაც ჩაერია. და სწორედ აქედან იწყება მის ცხოვრებაში ჯულიარდის ხანა.

„თავიდან ნიუ იორკში ძალიან გამიჭირდა, – ამბობს მუსიკოსი, – იყო ენის პრობლემები, თან გამუდმებით მენატრებოდა დედა და მეგობრები. თუმცა ნონასა და გიას გვერდში დგომით და, რა თქმა უნდა, ჯაზის დახმარებით, ყველაფერი გადავლახე. ვიცოდი, რომ აქ სწავლა ჩემთვის აუცილებელი იყო. როგორც ჩემი, ისე ქართული ჯაზის მომავლისთვის”. თუმცა ბექა მომავალს არ გეგმავს – „არ ვიცი, მომავალში რა იქნება, ჯაზმენის ცხოვრება მის მუსიკას ჰგავს, ის ერთი დიდი იმპროვიზაციაა, სადაც მომავლის დაგეგმვა სისულელეა”...

გენიოსის სტატუსი მისთვის მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებლობას ნიშნავს. ვერ იტანს, როდესაც ეუბნებიან, რომ თავში არ უნდა აუვარდეს, რადგან ამ ფრაზის არსს ვერ ხვდება. ფიქრობს, რომ თავდაჯერებულობა, სითამამე, მისი თანდაყოლილი თვისებებია. ისე, მათი შეძენა სულაც არაა რთული, განსაკუთრებით მაშინ, როცა თექვსმეტი წლის ასაკში ჩიკ კორეასთან ერთად ალბომს წერ...

ნიუ იორკში კორეას მოსასმენად ჯაზკლუბ Blue Note-ში, როი ჰეინსის ოთხმოცდახუთი წლის იუბილეზე მივიდა ნონასთან და გიასთან ერთად. იქ უცნაური სიტუაცია დახვდა – ხალხის უმეტესობა, ლეგენდარული მუსიკოსის მოსმენის მაგივრად, ჭამით და პარტნიორის კოცნით იყო დაკავებული. ბექა კი გაუნძრევლად იჯდა და უსმენდა. ნონა იხსენებს, რომ იმ საღამოს ვარსკვლავი ბექასთვის უკრავდა – მათ შორის უსიტყვო, ქიმიური რეაქცია წარმოიშვა. კონცერტის დასრულების შემდეგ კორეა ახალგაზრდა მუსიკოსს გაეცნო და მაშინვე მიხვდა, ვინ შეიძლებოდა ის ყოფილიყო – „შენ ხომ ის ცამეტი წლის გენიოსი ხარ, რომელზეც ლენი უაიტი ორი წლის წინ მიყვებოდა”. კორეამ მას თავისი პირადი ელექტრონული ფოსტის მისამართი მისცა და ჯაზმენების მეგობრობაც ასე დაიწყო.

გაცნობიდან რამდენიმე თვეში Blue Note-ში ისინი ერთმანეთს კვლავ შეხვდნენ და კორეამ ბექას მასთან ერთად დაკვრა შესთავაზა. ერთ-ერთ კონცერტზე სამი-ოთხი კომპოზიციის დაკვრის შემდეგ ჩიკ კორეა მაგიდასთან მივიდა, ბექას მხარზე ხელი დაადო და სტუმრებს უთხრა, ეს ბიჭი მონსტრია და დაიმახსოვრეთო. რამდენიმე დღეში კი, ისევ კონცერტის დროს, როდესაც პოლ მოტიანთან და ედი გომესთან ერთად უკრავდა, ჩიკ კორეა სამი თემის შემდეგ მიკროფონთან მივიდა და თქვა: „აქ არის ერთი ბიჭი, რომელიც ექვსი წლიდან მისმენს. ის ისეთი ნიჭიერია, რომ ახლა, დროა, მე მოვუსმინო მას”. ამ სიტყვების შემდეგ ჯაზმენმა ბექა სცენაზე მიიხმო, თავად კი მისი ადგილი დაიკავა. იმ საღამოს ბექამ პოლ მოტიანთან და ედი გომესთან ერთად თხუთმეტი წუთი დაუკრა და იქ შეკრებილი ხალხის მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა.

თუმცა ახალგაზრდა მუსიკოსს აპლოდისმენტებით უკვე დიდი ხანია, ვერ გააკვირვებ. როგორც მისი პედაგოგი, ზურა რამიშვილი აღნიშნავს, ბექას იმპროვიზაციის უნიკალური ნიჭი, სვინგის არაჩვეულებრივი შეგრძნება და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თანამედროვე ხედვა აქვს, რაც მუსიკოსს საშუალებას აძლევს, რომ ჯაზში ახლებური კილოები, თემები შემოიტანოს. მასწავლებელი ფიქრობს, რომ ბექას წარმატების ერთ-ერთი მიზეზი აუდიტორიის, ავტორიტეტების შიშის არქონაც არის. ეს ყველაფერი კარგად ხსნის იმას, რომ პრესტიჟულ კლუბებსა და საკონცერტო დარბაზებში ძალიან წარმატებული გამოსვლების გარდა, ბექა ბევრი დიპლომის მფლობელია. ამასთან, ის მონროს ახალგაზრდა პიანისტთა კონკურსის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულიცაა. ანალოგიური წარმატების შანსი ჰქონდა მონკის ინსტიტუტის ჯაზკონკურსზეც, მაგრამ ფინალში ვერ გავიდა. ჟიურის წევრებმა, დანილო პერეზმა და ჰერბი ჰენკოკმა, ბექას პირად საუბარში უთხრეს, რომ წარუმატებლობის ერთადერთი მიზეზი მისი ასაკი იყო.

ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსის კარიერა სწრაფი ტემპით ვითარდება. მან Blue Note-ში უკვე გამართა საღამოები სტენლი კლარკთან და ლენი უაიტთან ერთად, ხოლო ჩიკ კორეასთან ჩაწერილი ალბომი ამ წლის ზაფხულში გამოვა. ახლა მეორე დისკზე მუშაობს და მალე ლონდონის ლეგენდარულ ჯაზკლუბ Ronnie Scott's-ში ჩაატარებს კონცერტს, სადაც სპეციალური მიწვევით მიემგზავრება. მწერალ ქუინსი ტროუფს კი, რომელიც მაილს დევისის ცნობილი ავტობიოგრაფიული წიგნის შემქმნელია, ბექაზე ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერა სურს.

პარალელურად სწავლას აგრძელებს. უყვარს სოული, სტივი უანდერი, უსმენს კლასიკას, მოსწონს ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერები... თუმცა ჯაზზე და კიდევ, ნინიკოზეა შეყვარებული – კომპოზიცია Song to Niniko, ჩიკ კორეასთან ერთად ჩაწერა. ნინიკო მასზე ორი წლით დიდია. გაიცნო თბილისში. თავიდან მისი გარეგნობით მოიხიბლა, შემდეგ კი აღმოაჩინა ადამიანი, რომელსაც მისი ესმის და უყვარს ისეთი, როგორიც არის.

ის კი ასეთია – თავისუფლების მოყვარე, მუდამ სტანდარტების, წესების წინააღმდეგი. ალბათ ამიტომაც, ბექას ცუდად ახსენდება გრემის მუსიკალური დაჯილდოების ბანაკი, მეტიც, მას ციხეს ადარებს. ბანაკის ხელმძღვანელმა, დევიდ სიერსმა თავიდანვე იმის გამო აითვალწუნა, რომ მისი თავისუფალი დამოკიდებულება და სითამამე არ მოეწონა. გრემის მთავარ დღეს, როდესაც ყველას ფორმალურად უნდა ცმოდა, ბექა მაისურით გამოცხადდა, რისთვისაც კონცერტის შემდეგ დაისაჯა კიდეც – სიერსმა მას არა მხოლოდ ჭამა, ოთახიდან გამოსვლაც აუკრძალა, ხოლო როდესაც მის სანახავად ჩიკ კორეა მივიდა, შეხვედრის უფლება არ მისცა.

გამგზავრებისას ბექა ძალიან ცუდ ხასიათზე იყო, ავტობუსისკენ მიდიოდა და ამ დროს ვიღაცამ დაუძახა. ჩიკი იყო – ავტობუსთან ელოდებოდა. უთხრა, რომ ძალიან მოეწონა მისი შესრულებაც და ჩაცმულობაც. ისიც, რომ ყურადღება არავის მიაქცია და გააკეთა ის, რაც თვითონ უნდოდა, რადგან მხოლოდ ასეა შესაძლებელი მიზნის მიღწევა. „შეხედე, მე როგორ ვარ მოსული, – მითხრა კორეამ და მაჩვენა თავისი ჰალსტუხი, რომელზეც წითელი გულები ეხატა. ასევე პიჯაკი, რომელიც სეილზე ჰქონდა შეძენილი Old Navy-ში. მაშინ კიდევ ერთხელ მივხვდი, რამდენად კარგია, როდესაც მუსიკაში თავისუფლება გაქვს და არავინ გზღუდავს. იქ, სადაც თავისუფლება იზღუდება, მუსიკა ვერ იარსებებს. მით უმეტეს ჯაზი, რომელიც თავისუფლების სიმბოლოა, იმპროვიზაციაა და გულიდან და გონებიდან უნდა მოდიოდეს”...

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები