რუსეთი

მოსკოვში ოპოზიციონერების დაკავებები გრძელდება

„მემარცხენე ფრონტის“ წარმომადგენელმა სერგეი უდალცოვმა, რომელიც გუშინ საღამოს ოპოზიციის მხარდამჭერების მიერ გამართულ „სახალხო სეირნობაზე“ დააკავეს, პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.

ამის შესახებ დღეს უდალცოვის ადვოკატმა, ნიკოლაი პოლოზოვმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციონერი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით იქნა დაკავებული. BBC - ის ინფორმაციით, “მემარცხენე ფრონტის” წარმომადგენელს ადმინისტრაციული სასჯელი ემუქრება. გამოცემის ცნობით, მისი საქმის განხილვა 10 მაისამდე არ დაიწყება.

დღეს დილით სამშვიდობო საპროტესტო მსვლელობის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავეს. მათ შორის, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც უკანასკნელი რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციამ უკვე მეორედ დაიჭირა.

პარტია „სამართლიანი რუსეთის“ წევრი გენადი გუდკოვი რუსი სამართალდამცავების ქმედებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, მოსკოვის პოლიცია მშვიდობიანი აქტივისტების დარბევით კანონს არღვევს. მან გენერალურ პროკურატურას საქმის განხილვისაკენ მოუწოდა.

 

კომენტარები