ჩეჩნეთი

'ღირსების მკვლელობები' და ისლამური ფუნდამენტალიზმი

ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა ეგრეთ წოდებულ ღირსების მკვლელობებს ღიად დაუჭირა მხარი. დღეს მსოფლიოში დაახლოებით 20 ათასი ქალი ხდება ამ დანაშაულის მსხვერპლი – ვინც ოჯახის სახელს შებღალავს, ახლო ნათესავები (ძირითადად მამაკაცები), სიკვდილით სჯიან. „ღირსების მკვლელობები”, უმეტესად, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიაშია გავრცელებული.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, გროზნოსა და მახლობელი სოფლების ტყეებში უამრავი გარდაცვლილი ქალის მიტოვებული სხეული აღმოაჩინეს. ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი საჯაროდ აცხადებს, რომ გარდაცვლილებს „მორალი ჰქონდათ დაკარგული” და ნათესავების მიერ სამართლიანად იყვნენ მოკლულები. გარდა ამისა, მან გათხოვილ ქალს ქმრის საკუთრება უწოდა და დაამატა, რომ ქალის მთავარი მოვალეობა მხოლოდ ბავშვის აღზრდაა.

„თუ ქალი მართავს ყველაფერს, ხოლო კაცი მის დაკრულზე ცეკვავს, ორივე უნდა მოკლა”, თქვა კადიროვმა, რომელიც ხშირად აცხადებს, რომ მისი მთავარი მიზანი ჩეჩნებისა და ჩეჩნეთის „ისლამისტებზე მეტად გაისლამებაა”. „ვერავინ გვეტყვის, რომ არ ვიყოთ მუსლიმები. თუ ვინმე მეტყვის – მე არ შემიძლია ვიყო მუსლიმი – ის ჩემი მტერია”, დაამატა კადიროვმა.

თანამედროვე ჩეჩნეთში სპირტიანი სასმელები აკრძალულია, ისლამური დრეს კოდი – სავალდებულო, მრავალცოლიანობას კი სახელმწიფო უჭერს მხარს. ზოგიერთი დამკვირვებელი ამბობს, რომ ისლამის ამგვარი ინტერპრეტაცია არღვევს რუსეთის კონსტიტუციაში გაწერილ ღირებულებებს, რომელთა მიხედვით აღიარებულია ქალისა და მამაკაცის თანაბარი უფლებები და ეკლესიისაგან სახელმწიფოს საქმეებში ჩაურევლობა.

„ჩვენ ვართ ტრადიციული, კონსერვატიული საზოგადოება, მაგრამ მთავრობა ზღვარს გადადის, – ამბობს უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის, ქალთა ღირსების ცენტრის ხელმძღვანელი ლიპხან ბაზაევა, – ისინი ქალებზე წარმოუდგენელ შეზღუდვებს აკანონებენ. რუსულ კანონმდებლობაში ამგვარი დასჯის მეთოდის აკრძალვის მიუხედავად, ოჯახის მხრიდან ძალადობის შესაჩერებლად ქალებს არავითარი ბერკეტი აღარ რჩებათ”.

ჩეჩნეთში არსებულ პრობლემაზე დამკვირვებლები თანხმდებიან, რომ „ღირსების მკვლელობები” უფრო და უფრო ხშირდება. ადგილობრივ მოსახლეობაში ეს საკითხი ტაბუდადებულია, რაც მონაცემთა მოპოვებას უშლის ხელს. „ჩვენ ყოველდღე გვესმის ამგვარი ფაქტების შესახებ”, ამბობს ადგილობრივი ადამიანის უფლებათა დამცველი, რომელიც პირადი უსაფრთხოების მიზნით ვინაობის გამხელაზე უარს აცხადებს. „ჩემთვის ძალიან რთულია ამ თემის გამოკვლევა. მასზე ნატაშა ესტემიროვასთან (ადამიანის უფლებების დამცველი აქტივისტი) ერთად ვმუშაობდი, მაგრამ აღარ შემიძლია, ძალიან შეშინებული ვარ. თითქმის დავნებდი!”.

ესტემიროვას ჩეჩნეთის მთავრობასთან ადრევე დაეძაბა ურთიერთობა წამების, გატაცებებისა და არაადამიანურ ქცევებთან დაკავშირებული ფაქტების გამოაშკარავების გამო. ის 2009 წელს, ინგუშეთის მეზობელ რაიონში, ტყეში იპოვეს თავში და მკერდში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული სასიკვდილო ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი. ფაქტს სამართლებრივი გაგრძელება არ მოჰყოლია. ამიტომ ცოტა თუ ბედავს კადიროვის მმართველობასთან ღიად დაპირისპირებას.

როგორც InoPressa იტყობინება, რამზან კადიროვი აქტიურად ცდილობს ჩეჩნეთის, როგორც განვითარებული მუსლიმური რეგიონის წარმოჩენას. მისი მთავრობა პროპაგანდას უწევს ისლამს და ამკვიდრებს ჩეჩნურ ტრადიციებს.

თავდაპირველად ისლამიზაცია ნებაყოფლობითი იყო: ქალების მიერ ჩადრის ტარება პრემიებით ჯილდოვდებოდა, მაგრამ ახლა ყველა ქალი და გოგონა, მიუხედავად მრწამსისა და შეხედულებებისა, ვალდებულია, სასწავლო და სახელმწიფო დაწესებულებებში მუსლიმური წეს-ჩვეულებების შესაბამისად მოიქცეს.

რუსული კანონმდებლობის გვერდის ავლით, ჩეჩნური სკოლები ვალდებულები არიან, რომ ისლამი გაავრცელონ. პრაქტიკულად ყველა სკოლაში არსებობს სალოცავი ოთახი და მოქმედებს მკაცრი დრეს კოდი, ყველა მოსწავლე გოგონა ჩადრით დადის. ამ განაწესით ბევრია უკმაყოფილო, ვინაიდან ეს მკვეთრი დაშორებაა ადგილობრივ ტრადიციებთან. ადრე გათხოვილ ჩეჩენ ქალებს თმას პატარა თავსაფრით უფარავდნენ, მაგრამ დღეს, ჩეჩნეთში, მუსლიმური წეს-ჩვეულებები მეტი პოპულარობით სარგებლობს – სპირტიანი სასმელები პრაქტიკულად აკრძალულია, მთავრობა მხარს უჭერს მრავალცოლიანობას, სქესთა სეგრეგაცია საპარიკმახეროებსა და სპორტულ დაწესებულებებშიც კი ჩვეულ ნორმად ყალიბდება.

 

 

 

კომენტარები