ლეიბორისტული პარტია

ლეიბორისტები გორის ცენტრში სტალინის ძეგლის დაბრუნებას ითხოვენ

ლეიბორისტული პარტია ყოფილ საბჭოთა კავშირის ხალხებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს და გორის ცენტრში სტალინის ძეგლის დაბრუნებას ითხოვს. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"სოლიდარობას ვუცხადებთ ომის ყველა მონაწილესა და ვეტერანს. ამასთან, სამარცხვინოდ მიგვაჩნია ის ფაქტი, რომ მეორე მსოფლიო ომში უმაღლესი მთავარსარდლის იოსებ სტალინის ძეგლი, მის მშობლიურ ქალაქ გორში ღამით, ჩუმად იქნა მოპარული და გადამალული. ბრძანება ამის შესახებ კი გასცა ბრძოლის ველიდან სამარცხვინოდ წაქცეულ-გაქცეულმა, საკუთარი სამშობლოს დამშლელმა, საქართველოს ვაი-პრეზიდენტმა სააკაშვილმა.” - აღნიშნულია განცხადებაში.

ლეიბორისტები  ”ანტიჰიტლერული კოალიციის წევრ სახელმწიფოთა მეთაურებისგან მოითხოვენ, მათ თავიანთი კოლეგა სააკაშვილი აიძულონ, აღადგინოს და უკან დააბრუნოს მის მიერ ვანდალურად დანგრეულ-მოპარული ძეგლები.”

”სააკაშვილის მიერ დამყარებული ნეოლიბერალურ-დესპოტური რეჟიმი 21-ე საუკუნის ფაშიზმის ნაირსახეობაა და მსოფლიო არ უნდა ხუჭავდეს თვალს ამ მწარე რეალობაზე.” - აღნიშნავენ ლეიბორისტები.

 

კომენტარები