კალათბურთი

დიურანის ბალეტი

0 კომენტარი

დრიუ ფრიმენის სკოლაში კევინ დიურანი ბალეტის სექციაში იყო. მაღალი ბიჭი დედიკომ ბალეტზე შეაგდო და კევინი გარკვეულ წრეებში ყველაზე პოპულარული ბავშვი იყო.

დრიუ ფრიმენის სკოლაში იყო ფიზკულტურის მასწავლებელი, ტარას “სუნიანი” ბრაუნი. მისტერ ბრაუნი კალათბურთის აზრზეა და ტარასს კევინის სიმაღლე, ბიჭის მოქნილი სხეული მოეწონა. მან კევინის დედა ჩიზბურგერზე დაპატიჟა და შვილი ბალეტიდან კალათბურთზე გადააყვანინა.

ბრაუნი ცვლის კევინს და ბრაუნი ცვლის საკუთარ თავს. ტარასმა კალათბურთის სკოლა გახსნა, ძმაკაცებისგან კრედიტი აიღო და კევინს მიხედა. დიურანმა ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ ბრაუნს ასეთი რამ უთხრა – ქოუჩ, თუ მაგარი გავხდები, პირველი კონტრაქტით ახალ კადილაკს გიყიდი. ბრაუნმა კევინისგან ჯერ კადილაკი მიიღო. მერე დოჯი. ცოტა ხანში კი სამსართულიანი ვილა ორლანდოში.

დიურანი ლიგის მომავალია. კევინთან ერთად ოკლაჰომამ პირველ ორ სეზონში 43 თამაში მოიგო და 121 წააგო. მესამე სეზონში კევინის ახლობლები ფლეი-ოფში გადიან ლეიკერსზე, ოკლაჰომა იმ სერიას აგებს და შარშან, უკეთესი დიურანით, უკეთესმა გუნდმა დასავლეთის კონფერენციის ფინალი გაშანსა. ის სერია დიურანს დირკ ნოვიცკიმ 4:1 მოუგო.

კევინი ოთხი წლის წინ ლიგის პირველი პირველწლიანი გახდა.

კევინი ლებრონის შემდეგ და ლებრონთან ერთად, ლიგის პირველი ფორვარდია. დღევანდელი დიურანი წინა დიურანზე ბევრად უკეთესია. მალე, შეიძლება, ყველაზე კარგი გახდეს.

ოკლაჰომამ ამ, დაპრესილი რეგულარულის ბოლო 14 თამაშიდან 7 წააგო და დასავლეთში პირველი ნომერი სან ანტონიო გახდა.

დიურანი რეგულარულის Top Scorer გახდა საშუალოდ 28.0 ქულით. კობი ბრაიანტი მეორეზე (27.9) დაჯდა. ახალგაზრდა დიურანი მესამედ იღებს რეგულარულში ყველაზე ბევრ ქულას. დიურანივით, რეგულარულის სამმაგი Top Scorer იყო მაიკლ ჯორდანი. ჯორჯ მაიქენიც. ნილ ჯონსონიც. უილტ ჩემბერლენიც. ბობ მაკადუც და ჯორჯ გერვინიც.

ამ სეზონში კევინმა რამდენიმე პერსონალური რეკორდი (8.0 მოხსნა, 3.5 პასი, 1.2 პასი) დასვა. დრიუ ფრიმენის სკოლიდან კევინი სხვა ტერიტორიაზე გავიდა. ოკლაჰომაში დიურანი პრობლემებს აგვარებს. რასელ უესთბრუქი პრობლემებს ქმნის. ჯეიმს ჰარდენი სიტუაციას აბალანსებს, დიურანთან ძმაკაცობს, ჰელბოიზე კომიქსების სერიოზული კოლექცია აქვს. ოკლაჰომაში “სუნიან” ბრაუნსაც იცნობენ და მისტერ ბრაუნი კევინისგან კიდევ ერთ ბონუსს მიიღებს.

კევინ დიურანი ამ რეგულარულის MVP უნდა გახდეს.

არა ჯეიმსი, არა ტონი პარკერი ან კრის პოლი. კევინ დიურანი.

და მისტერ ბრაუნის ავტოფარეხში კიდევ ერთი დოჯი ან კადილაკი შესრიალდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები