კალათბურთი

ჯორდანის პრობლემა – ჯორდანი

შარლოტ ბობქეთსი ძალიან ცუდი გუნდია. რეგულარული დაიხურა და მაიკლ ჯორდანის ფრენჩაიზმა 7 თამაში მოიგო. 66 ტესტიდან – 7. უხერხულია. მისტერ ჯორდანი ბობქეთსის ორგანიზაციის ბოსია და მაიკლმა რაღაცები ვერ გათვალა. ჯორდანის გუნდმა ლიგას ახალი ანტირეკორდი დაუტოვა.

მაიკლის ოფისში სეზონის პროცესში რამდენიმე მაგარი თავისუფალი აგენტის სივი შეიტანეს. ჯორდანის ხალხი გავიდა დუაიტ ჰოვარდზე და განიერ ბიჭს მაიკლის წინადადებაზე დაბერილ ტუჩებში გაეღიმა. არ გამოვიდა ჯერალდ უოლასის ვარიანტიც. პორტლენდის მოქნილი ტერორისტი ნიუ ჯერსიში გაიქცა – მიხაილ პროხოროვისგან ორ სეზონში 17 მილიონ დოლარს და დიდ კასრში ჩაპრესილ წითელ ხიზილალას მიიღებს. ჯორდანმა ვერავინ ვერ წამოიყვანა და გუნდი დადგა.

ჯორდანი კალათბურთია და შარლოტის კალათბურთში ქუჩის, უბნების ლიგის ელემენტები უფრო დიდი დოზით იყო, ვიდრე პროფესიონალიზმი.

ჯორდანის გუნდმა სეზონი 7 მოგებით, 59 წაგებით დახურა და რაღაც მომენტში, ისტორიაც გადაიწერა. ამ ბობქეთსის კოლაფსამდე, ყველაზე ცუდი, უპერსპექტივო გუნდი ძველი (1972/73) ფილადელფია იყო. იმ სიქსერზმა რეგულარულის 82 თამაშიდან მხოლოდ 9 მოიგო. 9 მოგება ამ შარლოტთან შედარებით უკვე სერიოზული თემაა, მაგრამ იმ სიქსერზმა ჯორდანისაზე 16 თამაშით მეტი მიიღო. ბობქეთსმა რეგულარული ზედიზედ 23 წაგებით დახურა. ჯორდანის ბანდა საკუთარ დარბაზში ცუდ საკრამენტოსთან 26 ქულას აგებს. სირცხვილია.

შარლოტში ყველაზე ბევრ ქულას პირველწლიანი ფლეიმეიქერი, კემბა უოკერი (12.1) იღებს. ჯორდანმა უოკერი დრაფტზე დაირტყა და მაიკლს კემბას აყვანა როდ ჰიგინსმა ურჩია. ძველ ჩიკაგოში ჰიგინსი ჯორდანთან ერთად დარბოდა, თავმოყვარეობას, ქალაქს, ჯორდანს, ილინოისს უფრთხილდებოდა. დღეს მისტერ ჰიგინსი ბობქეთსის ორგანიზაციაში კონსილიერია, მაიკლს სეზონში 125 ათას დოლარად კარგ რჩევებს აძლევს. უოკერიც კარგი ბიჭია.

ჯორდანმა ოფისში პრივატულ გასაუბრებაზე დაიბარა შარლოტის და საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი ბორის დიაო. ჭკვიანი, ბუნჩულა პერსონაჟი, რომელიც პრობლემებს კი არ ქმნის, აგვარებს. ჯორდანმა ბორისს საყვედურები დაახვედრა და ფრანგისგან ფრანგული სლენგი მიიღო. დიაო გააგდეს. ბორისი სან ანტონიომ დაიმატა და გრეგ პოპოვიჩთან დიაო სუნთქავს, ისვენებს, არ იძაბება.

ჯორდანმა დაშალა გუნდის პიარმენეჯმენტი და შარლოტმაც ამ რეგულარულში ყველაზე ცოტა სეზონური აბონემენტი გაყიდა. ჯორდანის პიარბენდმა ჯორდანი ვერ გააპიარა.

ჯორდანმა წამოიყვანა 32 წლის კორი მაგეტი, რომელიც ყველა გუნდში ზედმეტი, ცუდი ბიჭი იყო. მაგეტი ერთ სეზონში თითქმის 11 მილიონ დოლარს იღებს. ჯორდანის კიდევ ერთი შეცდომა.

ჯორდანმა შარშან მთავარი მწვრთნელის რბილი სავარძელი ლარი ბრაუნს მიუჩოჩა. ბრაუნმა ცუდი გუნდით ნორმალური კალათბურთი შეუბერა და მაიკლმა ბრაუნი გაუშვა.

ჯორდანს დრაფტზე ინდიანასგან კიდევ ერთი ბიჭი ეკუთვნოდა და მაიკლს კაუი ლეონარდი არ მოეწონა. ლეონარდი ინდიანაში დარჩა და იქვე, დრაფტის პროცესში, პეისერზმა კაუი სან ანტონიოში გაუშვა. სპურსმა პეისერზს სოლიდური, სანდო მსროლელი ჯორჯ ჰილი მისცა. პოპოვიჩმა ჯეკპოტი მოხსნა. ლეონარდი ამ დრაფტზე პირველი დამცველი და ძალიან კარგი მსროლელია. კაუი სპურსის ახალი ბრიუს ბოუენი გახდა. ლეონარდმა პირველ სეზონში 7.9 ქულა, 5.1 მოხსნა, 1.3 ჩაჭრა დასვა. ჯორდანის კიდევ ერთი არასწორი ნაბიჯი.

ძველმა მაიკლ ჯორდანმა ბოსტონ სელტიქსს 63 ქულა მიარტყა. იმ ჯორდანმა 63 ქულა ლარი ბერდთან, კევინ მაქჰეილთან, ბობი პერიშთან შეაგროვა. ის ჯორდანი კოლექციონერი იყო და მაიკლს კარგი გემოვნება ჰქონდა.

იმ ჯორდანმა იუტას ფინალში მაღალი სიცხით, ნატკენი მაჯით მოუგო. ის ჯორდანი არ აგებდა.

იმ ჯორდანმა მედისონ სკვერ გარდენში შეისეირნა. კალათბურთიდან წასული კალათბურთში დაბრუნდა და ცოტა უვარჯიშებელმა, ცოტა გასუქებულმა, ნიუ იორკში 55 ქულა აკრიფა. ის იყო მედისონ სკვერ გარდენი და იქ მაიკლი ჯორდანი იყო.

იმ ჯორდანში კობი ბრაიანტის ინსტინქტი, ჯულიუს ირვინგის ინტელექტი და ლარის ინტელიგენტური აგრესია იყო და ის ჯორდანი არ აგებდა. მაიკლმა წასაგები ადრე წააგო და მერე ნავახით დადიოდა. ჯორდანმა მეჯიქის და ლარის მოგონებები გადაფარა.

ის ჯორდანი ლებრონზე მაგარი ათლეტი იყო.

ახალი ჯორდანი აჭრილია. მაიკლმა დრაფტზე აიცილა ბრენდონ რაითი, რომელიც დეტროიტში მოხვდა. კემბა უოკერი რაითზე მოძრავი ბავშვია, მაგრამ ბრენდონი უფრო პირველი ნომერია და უოკერი მეორე ნომერზე დარჩებოდა. მაიკლის მორიგი შეცდომა.

შარლოტი აქცენტს ბისმაკ ბიომბოზე აკეთებს. ბიომბო მაღალი ბიჭია, ბიომბო სამწამიანში ბენ უოლასივით ტრიალებს და ბიომბომ სროლების 49 პროცენტი გამოიყენა. თამაშიდან არა, საჯარიმოების 49 პროცენტი.

ჯორდანი ეძებს კიდევ ერთ მრჩეველს, კიდევ ერთ კონსილიერის. მაიკლმა გადაურეკა დენის როდმანს. დენისი დაკავებულია, ფინეთში ღამის კლუბი გახსნა და ძირითადად, იქ არის.

ჯორდანი გადის სკოტი პიპენზე და სკოტი მიუწვდომელია. ჯორდანისთვის მიუწვდომელი...

შარლოტ ბობქეთსი ცუდი გუნდია. შარლოტი მაიკლ ჯორდანის გუნდია და რეგულარული 7 მოგებული ტესტით დახურა. მისტერ ჯორდანი ბობქეთსის ორგანიზაციის ბოსია და მაიკლმა რაღაცები ვერ გათვალა. ჯორდანს პრობლემა აქვს.

ჯორდანის პრობლემა ჯორდანია.

 

 

 

 

კომენტარები