არქივი

კერძო და სათემო მიწათმფლობელობა

კერძო საკუთრების დაცვა მეცხრამეტე საუკუნეში პოლიტიკური მოდა ნამდვილად არ ყოფილა. ადამიანები ან ბატონყმობას ამართლებდნენ ან საერთოდ მიწების ნაციონალიზაცია სურდათ. ილია მათგან განსხვავებულია. კერძო საკუთრება – ადამიანის ყველაზე დიდი სურვილი და ძალა – მისთვის პირველ ადგილზე დგას, სწორედ მის გარშემო ტრიალებს მთელი ეკონომიკა და პოლიტიკა.

ილია გოლაშვილი
ეკონომისტი

ვინც ჩვენებურს სოფლებს და მათს ეკონომიურს განწყობილებას და ვითარებას დაჰკვირვებია, ერთს დიდს ნაკლს შეჰნიშნავდა, ეს დიდი ნაკლი უფრო ძლიერ თავს იჩენს იმისთანა სოფლებში, საცა მომეტებული ნაწილი მკვიდრთა სახელმწიფო გლეხკაცობაა, ანუ, როგორც უწინ იტყოდნენ, სახასო. ამისთანა სოფლებში მიწათმფლობელობას ორგვარი თვისება შეჰრჩენია დროთა განმავლობაში, და რამოდენადაც დიდი ხანი გასულა, იმოდენად ეს ორგვარი თვისება მიწების მფლობელობისა უფრო განვითეულებულა და განმტკიცებულა გლეხკაცობის თვალში. ეხლანდელი სოფელი რომ გაშინჯოთ მიწათმფლობელობის თვალით, ჰნახავთ, რომ თითქმის ყოველი სახასო სოფელი მიწათმფლობელობის კვალობაზედ ორს დიდს ნაწილს წარმოადგენს. ერთი ნაწილი მიწებისა, უფრო უკეთესნი, უფრო შემუშავებულნი და უფრო მომცემნი, მკვიდრთა გლეხთაგან სათვითოოდ დაჩემებულნი არიან, კერძოდ განსაკუთრებულნი და საშვილიშვილოდ დაჭერილნი. ამგვარს მიწებს ზოგან ნაფუძარს ეძახიან და უფრო ხშირად კი საბლიას მამულებს. ამგვარი მიწები ჩვენთა გლეხკაცთა თვალში არაფრით და არა-ნიშნით არ განირჩევიან კერძო საკუთრებისგან, თუმცა კი, გლეხს რომ ჰკითხოთ, იგი მიწები სახასონი და სახელმწიფონი არაინ. ამისთანა მიწები მემკვიდრეობით გადადის ერთიდამ მეორეზედ. გლეხი, პატრონი მიწისა, აგირავებს, ჰყიდის ერთმანეთში თავისუფლად და დაუბრკოლებლივ. ჩვენს გლეხკაცობას არამაც თუ არ მოუთავსებია გულში, არამედ ფიქრადაც თავის-დღეში არ მოსდის, რომ ამგვარ მიწის აღებ-მიცემობაში, გადასვლა-გადმოსვლაში ვინმე წინ დაუდგება და ხელს შეუშლის.

აი ის დიდი ნაკლი ჩვენის სოფლის ეკონომიურ განწყობილებისა, რომელიც დღეს ჩვენის სოფლის ტკივილს შეადგენს და რომელიც მიწათმფლობელობის საქმეს ერთის მხრით ძლევამოსილად კერძო საკუთრებისკენ მიეზიდება, და მეორეს მხრით შესანიშნავის მარცხით – სათემოსკენ.

ილია ჭავჭავაძე  

 

 

კომენტარები