არქივი

უმეცრების ფართი-ფურთი

პოლიტიკური დისკურსი, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში არსებობდა, დღემდე არ კარგავს აქტუალობას. სახელმწიფოს, ეკლესიის, ადამიანის და მთავრობის ურთიერთდამოკიდებულებაზე მაშინაც და დღესაც ბევრს კამათობენ. ილიასა და ჟორდანიას პოლემიკა დიდხანს გრძელდებოდა და ბოლოს ფატალურად დამთავრდა. იმედია, მსგავსი თანამედროვე საქართველოში არასდროს განმეორდება.

სალომე ვეკუა
ისტორიკოსი

უმეცრობა და უვიცრობა დიდი ჭირია და თუ ამას თანდაჰყვა უჭკუობა და უნიჭობა, ხომ ჭირზე უფრო ჭირია. ჭკუიანი უცოდინარი ყოველთვის თავის ქერქშია, – რაც არ იცის, იმაზე სჯასა და ლაპარაკს ერიდება. რასაც გონება მისი უცოდინარობით ვერა სწვდება, იქ იგი მეტიჩრობას არა ჰკადრულობს, დუმილს უფრო ჰრჩეობს, სხვას უსმენს, სმენილს თავისის ჭკუის და გონების თვალწინ განკითხვით გაიტარებს, ასწონ-დასწონის და ამნაირად თავისს საკუთარს აზრს, ცოდნას გამოინასკვავს, შეითვისებს. ამ ყოფით, თუ სხვა გზით, იგი ჯერ საგანს ისწავლის, გაითვალისწინებს, და მერე, თუ საჭიროება მოითხოვს, დაიწყებს სჯასა და საუბარსა.

ამგვარ უვიცთა და უმეცართა შორის ერთი მეტად თვალსაჩინო ადგილი დაიჭირა ჩვენში ბატონმა ნოე ჟორდანიამ. მან სწორედ ამისთანა კაცად გამოიჩინა თავი, თუმცა კი თავი დიდ ბრძენად და მეცნიერად მოაქვს და რაღაც უზომო დიადობით განგებ გაბუებულა თავის თავის ქებითა. იმას რომ ჰკითხოთ, იგი მოვლინებულია, რომ წუთისოფლის ბორბალს ღერძი გამოუცვალოს და თავისის ბრძანებისა და ნებისაებრ ატრიალოს ცა და ქვეყანა.

აქ გამოსაკიდებელი მარტო მისი ქადილი და თანხებია. ქვეყნის აშენებას გვიქადის ბატონი ჟორდანია და მისი აიარები. საბა ორბელიანის ზღაპრისა არ იყოს თვითონ მამალსავით ხეზე შემომჯდარა და იძახის, მე აქ ვიყივლებ და თქვენ მანდ ქვემოთ იყეფეთ და სოფელი აშენდებაო. ამ იმედით ბრძანდებოდეს ბატონი ჟორდანია და მისი კამპანია, და როცა ამ გზით იმან ქვეყანა ააშენოს მე წილს ნუღად დამიდებენ, არ დავემდურები. ბაქიაობა, კვეხნა, თავის თავის ქება და განდიდება უტყუარი ნიშანია იმისი, რომ ზემო სართულში ყველაფერი თავის ადგილას არ არის დალაგებული. თავის თავის მაქებარი შორს მანძილს ვერ გაივლის, მალე ჩააკეცინებენ მუხლსა, როცა დაუფიქრდებიან და შეატყობენ, რომ შიგ არა ყრია რა. ამისი დრო როცა იქნება მოვა, და იგი ბალღები, რომელთ წინაშე დღეს ბატონი ჟორდანია უმეცრობისა და უვიცობის მალაყს ტაშის ცემით გადადის, გაიზრდებიან, ისწავლიან, ცოდნით შეივსებიან და გამოარკვევენ რა არარაობის მადანია ეს ჩვენი ახალი პუბლიცისტი ყოველისმხრით, ნიჭი გნებავთ, ცოდნა, თუ ჭკუა.

ილია ჭავჭავაძე

 

 

კომენტარები