არქივი

ფრიტრედერობის შესახებ

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში იშვიათად თუ ნახავდით მოაზროვნეს, რომელიც ეკონომიკურ თავისუფლებაზე წერდა, იბრძოდა მისთვის. რუსეთის იმპერიაში პროტექციონიზმი, სოციალური დაცვა და მარქსიზმი პოპულარობის პიკში იყო. ადამიანები წერდნენ, კვდებოდნენ, თავს იფეთქებდნენ ამ იდეებისთვის. ილია ჭავჭავაძე ამ დროს წერდა free trade-ის დიდ მნიშვნელობაზე, მიმოიხილავდა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და იბრძოდა მეტი ეკონომიკური თავისუფლებისთვის.

მაია შელია
ეკონომისტი

ჩვენი გაზეთის წინა ნომრებში ლაპარაკი ჩამოვაგდეთ ფრიტრედერობასა და პროტექციონობაზე, რომელნიც ორს სხვადასხვა ნაირს სისტემას შეადგენს შინაგანთა საქმეთა წყობისა და მსვლელობისათვის. რადგანაც დღეს არც ერთი პუბლიცისტი არ არის, რომ რომელსამე ჟურნალსა ანუ გაზეთში ან ერთს, ან მეორეს სისტემას არ ურჩევდეს თავის მთავრობასა, ამიტომაც საჭიროდ დავინახეთ ცოტად თუ ბევრად გვცოდნოდა, რაში მდგომარეობს ან ერთისა და ან მეორის არსება და ბუნება.

ამ ორსავე სისტემას ცალ-ცალკე დიდი ლიტერატურა მიუძღვის წინა. ბევრი რამ არის ერთსა და მეორეზედაც თქმული, მაგრამ ჩვენ ყოველს ამას ვერ გამოვუდგებით, რადგანაც სამეცნიერო ტრაქტატს არა ვწერთ. ამიტომაც ნუ დაგვემდურებიან, თუ ჩვენ მარტო მოკლედ ახსნას და განსაზღვრას მოვუნდებით თვითეულის სისტემისას.

ფრიტრედერობა წარმომდგარია ინგლისურის სიტყვისაგან free trade და სიტყვა-სიტყვით რომ ითარგმნოს ჰნიშნავს აღებ-მიცემობის თავისუფლებას. მოძღვრება მეცნიერობისა, რომელიც ქადაგებს აღებ-მიცემობის თავისუფლებასა, იმაში მდგომარეობს, რომ სააღებ-მისაცემო საქონელი შინაური თუ გარედამ შემოსული, ყოველის ბაჟისა და გადასახადისგან დახსნილი იყოს და არა რომელისამე კანონმდებლობისაგან შეხუთული არ უნდა იქმნას. ეს მოძღვრება იმაზეა დაფუძნებული, რომ თავისუფლად მოარული საქონელი, არ-შეხუთული არც ბაჟისა და არც რაიმე ფორმალობისაგან, ყველასათვის ადვილად მოსაპოვებელია და მისაწვდენი, – ჯერ იმის გამო, რომ გახშირებულია, და მერე იეფია, რადგანაც ბაჟისა და ან რაიმე შევიწროებისაგან განგებ ფასაწეული არ არის. მართალიც არის. ბაჟი, დიდია თუ მცირე, განგებ ზედშეკეცილი გადასახადია და რამდენადაც იგი დიდია, იმოდენად განგებ აძვირებს საქონელსა და ამ გზით საქონლის ფასი, რომელიც თავის საკუთარის არსების კანონებისაგან განისაზღვრება და დაიდგინება ხოლმე, ბაჟისა და სხვა რაიმე შევიწროების მეტნაკლებობასაც უნდა ექვემდებარებოდეს და ეკითხებოდეს. სახელმწიფო, რომლის მიზეზი და საბუთი არსებობისა სხვა არა არის რა, თუ არა მკვიდრთა კეთილდღეობისათვის მზრუნველობა, უნდა იმასა ჰსცდილობდესო, ამბობენ ფრიტრედერობის მომხრენი, რომ ცხოვრებისთვის საჭირო საქონელი ადვილად და იეფად მოსაპოვებელი იყოს ყოველის მკვიდრისთვისო, რადგანაც მკვიდრი კაცი მით უფრო ეკონომიურად ბედნიერია, რამოდენადაც უფრო სავსედ, უფრო მთლად ჰშოულობს სარჩო-საბადებელსა და რამოდენადაც უფრო ბევრს საჭიროებას ცხოვრებისას იკმაყოფილებს ადვილად და გაუჭირებლადო.

ამ მოძღვრებამ ფეხი აიდგა ევროპაში ადამ სმიტის მეცადინეობითა. ეგ ადამ სმიტი მამამთავრად ითვლება საპოლიტიკო ეკონომიის მეცნიერებისა. რა თქმა უნდა, პირველ ხანებში ეს მოძღვრება თმას ყალხზედ აუყენებდა კაცობრიობას და კაცობრიობის სვე-ბედის გამგებელთა, რომელთაც ხშირად შეჩვეული ჭირი ურჩევნიათ შეუჩვევარს ლხინსა. მით ამ ადამ სმიტის მოძღვრებას ბევრი არა დააკლდა-რა და თანდათან უფრო ძლიერ ფეხს იკიდებდა. ამ მეცხრამეტე საუკუნის პირველ ხანებში ინგლისში შესდგა კიდეც ცალკე დასი თავისუფალის აღებ-მიცემობის მომხრეებისა. სახელოვანმა ინგლისელებმა კობდენმა, ბრაიტმა და სხვებმა შეადგინეს 1831 წელსა საზოგადოება, რომელსაც ეწოდებოდა ანტიკორნლაუ ლიგა და რომელნიც თავისუფალ აღებ-მიცემობის მოძღვრების ძალით ჰთხოულობდნენ სამზღვარგარეთიდამ შემომავალს ყველაფერს ბაჟი აეხსნასო. ეს პირველი იერიში იყო პროტექციონობაზედ მიტანილი. ამ მოძღვრებას მოსარჩლენი გამოუჩნდნენ არა მარტო ინგლისში, საფრანგეთშიაც, ბევრი ცოტად თუ ბევრად სახელგანთქმულნი მეცნიერნი მიემხრნენ ამ მოძღვრებასა, მაგალითებრ, ბასტია და შევალიე. ამ მოძღვრებამ ისეთი სახელი გაითქვა, რომ ერთაშორისმა კანონმდებლობამაც კი შეიწყნარა და სათავედ დაუდვა ყოველს თვის მოქმედებასა.

ილია ჭავჭავაძე

 

 

 

 

კომენტარები