არქივი

'სამართალი და ზღვევა'

ილია ჭავჭავაძემ ეს პატარა საინფორმაციო-ანალიტიკური სტატია 1889 წელს გამოაქვეყნა ივერიაში. ბევრმა შეიძლება მისი დამოკიდებულება არც მოიწონოს, არ დაიჯეროს, რომ ადამიანი შეიძლება შეიცვალოს ან სულ სხვანაირად წარმოედგინოს სამართლის სისტემა ჩვენს ქვეყანაში. ამ შემთხვევაში ეს მნიშვნელოვანი სულაც არაა. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ილია ჭავჭავაძე იყო ერთ-ერთი პირველი არამარტო საქართველოში, რომელიც ღიად საუბრობდა ადამიანის უფლებებზე, წარუვალ თავისუფლებებსა და სიცოცხლისა და ღირსების ფასეულობაზე. სწორედ ამიტომაა ეს სტატიაც მნიშვნელოვანი და სწორედ ამიტომაა ილია ჭავჭავაძე თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელი მამა.

ლადო ჟვანია
მკვლევარი, ისტორიკოსი, სამართალმცოდნე

24-ს ნოემბერს ტფილისის სასამართლომ თავისი მსჯავრი დასდო ყოფილს მოწაფეს ტფილისის სახელოსნო სასწავლებლისას ვასილ ივანეს ძე კაკაბაძეს, ჩამოართვა ყოველივე ღირსება და უნდა გაიგზავნოს კატორღაში ოთხის წლით.

რა თქმა უნდა, რომ ყოველივე დანაშაული კაცისა წინაშე კაცთა და საზოგადოებისა ასე თუ ისე დასჯილ უნდა იქმნას. ესე იგი ყოველივე ბოროტად მოქმედი კაცი უნდა დაყენებულ იქმნას ისე, რომ ვერ შეძლოს ბოროტის ქმნა, თუ მოურჯულებელია, და თუ მოსარჯულებელია – ისე უნდა გარემოცულ იქმნას, რომ მორჯულდეს, გასწორდეს, გაკეთდეს და ისევ პატიოსან კაცად დაუბრუნდეს საზოგადოებას. ჩვენი გულითადი აზრი ის არის, რომ სასჯელი ზღვევა არ უნდა იყოს, სამაგიეროს არ მოასწავებდეს. ერთიცა და მეორეც, ჩვენის ფიქრით, აუპატიურებს იმ უწმინდესსა და უმაღლეს დანიშნულებას განკითხვისას, რომელსაც ჩვენ მართლიერებას, სამართალს ვეძახით და ურომლისოდაც კაცთა საზოგადოებას, კაცთა კრებულს ერთს წუთსაც გაძლება არ შეუძლიან. მართლიერება, სამართალი, მთელის ერის განწმენდილი სინდისია, მთელის ერის განწმენდილი ნამუსია და როგორ უნდა იკადროს ამ საყოველთაო სინდისმა, ამ საყოველთაო ნამუსმა, ჯიბრში ჩაუდგეს უბედურს შემცოდველსა და „კბილი კბილის წინ” მოსთხოვოს. აქ საჭირო არაა ჯვართაცმა და შანთით გლეჯა ხორცისა, ტანჯვა და წვალება.

ერთი უდიდესი მოვალეობა ადამიანისა მსაჯულობაა. მსაჯული ის რჩეული კაცია, რომელსაც აბარია ჩვენი ქონება, ჩვენი ღირსება, ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი სული და ხორცი, ერთის სიტყვით ჩვენი კაცური კაცობა, ჩვენი ადამიანობა.
ილია ჭავჭავაძე                                                                                   

კომენტარები