არქივი

ქართული ენა

ქართული ენის „სიწმინდეზე” საუბარი და კამათი მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. წლების განმავლობაში უამრავი სტატია, კვლევა თუ წიგნი დაიწერა ამ თემაზე. ფილოლოგები, ენათმეცნიერები, სტუდენტები და უბრალოდ დაინტერესებული ადამიანები ამაზე დავობდნენ, კამათობდნენ, ჩხუბობდნენ. ვაჟა-ფშაველა ამ დისკურსის სათავეებთან დგას. მის გამოჩენას ქართულ მწერლობაში მოჰყვა ენაზე კამათის დაწყება. ვაჟას ხშირად აბრალებდნენ ენის დაბინძურებას დიალექტური ფორმებით. სწორედ ამ თემას და ზოგადად ენას ეძღვნება ეს სტატია.

სანდრო ჩხეიძე

ფილოლოგი, ვაჟა-ფშაველას მკვლევარი

ამ ბოლო ხანს ჩვენს საზოგადოებაში მასლაათის დროს და გაზეთებშიაც შეხვდებით სამდურავს ქართული ენის შებღალვისა გამო. თუ საქმეს ჩავუკვირდებით, ამ სამდურავს საფუძველს ვუპოვით. ყველა ჩვენგანს სწავლა მიუღია უცხო ენის მეოხებით, უცხო ენაზედ დაწერილს წიგნებით გვივარჯიშებია ყველას ჩვენი გონება და, უეჭველია, ამას ის შედეგი მოჰყვებოდა რასაც ვხედავთ. ეს არაა საკვირველი, არამედ ისა, ქართულად ვფიქრობდეთ და ქართულად ისე ვწერდეთ ... მაინც და მაინც როგორც ჰქუხს, ისეც არა წვიმს. ჩვენი გამოჩენილი და გამოუჩენელი მწერლები ერთობლივ უცხო მწერლობით არიან ნაკვებნი, მაგრამ ყველასთვის ერთნაირად საზარალო არა ყოფილა ეს ამბავი, ზოგისთვის ძალიან ღრმად დაუსვამს დაღი, მეორისათვის – ნაკლებად... ამიტომ არ შეგვიძლიან ყველა ჩვენს მწერლებს ენის უცოდინრობა ვუკიჟინოთ. თუმცა ისეთი მწერლებიც გვეპოვება, რომ ორმოცი წელია ჰმოღვაწეობენ, ორმოცი წელია, რაც სწერენ ქართულად და დღესაქამომდე ვერ მიუგნიათ ქართული ენისათვის.

რას ჰქვიან ენის ცოდნა. რასაკვირველია, არა კმარა მხოლოდ სიტყვები ვიცოდეთ, თუნდა ისიც გვესმოდეს, თუ როგორ შევუთანხმოთ ეს სიტყვები ერთიმეორეს და წინადადება ავაშენოთ. ამისთვის საჭიროა ენის სულისა და გულის მიგნება. ამ წერილის ავტორს, ხშირად გამიგონია ზოგიერთის ჩვენის მწერლისაგან სამდურავი – დაძველებული, უვარგისი ფორმები ნუ შემოგაქვს მწერლობაშიო. რაც დაძველდა, აღარ ვარგა, ის უნდა გავიტანოთ და სანაგვეზედ გადავაგდოთო. ყველას თავისი გემოვნება აქვს, საკუთარი ფიქრი და აზრი და მეც ჩემი, რასაკვირველია. ამისთანა სამდურავი უმეცრების ბრალია.

ვაჟა-ფშაველა 

კომენტარები