ოსლო

ანდერს ბრეივიკს სასამართლოს დარბაზში ფეხსაცმელი ესროლეს

ოსლოში გამართულ სასამართლო პროცესზე ანდერს ბრეივიკს ფეხსაცმელი ესროლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა, რომელიც კუნძულზე უტოიაზე დაღუპული ერთ-ერთი ადამიანის ნათესავია, ბრეივიკისაკენ ფეხსაცმელი შემდეგი სიტყვებით ისროლა: "ეშმაკმა წაგიღოს, შენი ადგილი ჯოჯოხეთშია!"

ფეხსაცმელი ბრეივიკის ადვოკატს მოხვდა.

დაცვამ მამაკაცი სასამართლო დარბაზში მყოფი ადამიანების აპლოდისმენტების ფონზე გაიყვანა. თვითმხილველების განცხადებით, ინციდენტის დროს ბრეივიკს თავი მშვიდად ეჭირა და იღიმოდა.

77 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული ანდერს ბრეივიკის სასამართლო პროცესი ოსლოში დღეს განახლდა. პროცესზე ტერაქტის შედეგად დაღუპული ქართველი სტუდენტის, თამთა ლიპარტელიანის მამა ავთანდილ ლიპარტელიანიც დაიკითხება.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ბრეივიკს შეურაცხადად ცნობს, მას ფსიქიატრიული მკურნალობა დაენიშნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას 21 წლით თავისუფლების აღკვეთა ელის. გავრცელებული ცნობით, სასამართლო საბოლოო ვერდიქტს ივლისში გამოიტანს.

 

კომენტარები