ეუთო-საქართველო

ბათუმში ეუთო-ს ეკონომიკური კონფერენცია გაიხსნა

0 კომენტარი

ბათუმში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციის მთავარი თემაა ეკონომიკური თანამშრომლობის, მდგრადობის, განვითარებისა და სტაბილურობის ხელშეწყობა ეუთო-ს რეგიონში. სამუშაო სესიებზე განიხილება საინვესტიციო გარემოსთან, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან და ტურიზმთან დაკავშირებული საკითხები.

კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებზე, კორუფციასთან ბრძოლასა და ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდაზე ისაუბრა - იმ ფონზე, როდესაც რუსეთს ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვს. სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდა თაობის განათლებაზე ზრუნვაა.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში არჩევნების პარალელურად, რუსეთი სამხედრო წვრთნების ჩატარებას გეგმავს და მნიშვნელოვანია, ეუთო ინფორმირებული იყოს ამის თაობაზე: "ჩვენი არჩევნების პარალელურად, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი აპირებს სამხედრო წვრთნების განხორციელებას. ისინი ამ წვრთნებს, როგორც წესი, ზაფხულში ატარებენ, მაგრამ ამ წელს ცოტა დაიგვიანეს. ისინი ამას აუცილებელ წვრთნებს ეძახიან, რომელიც ჩვენს არჩევნების პერიოდს დაამთხვიეს", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზეც, რომ საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა იზრდება - მიუხედავად რუსეთის საგარეო უწყების მიერ საკუთარი მოქალაქეების გაფრთხილებისა. მისივე თქმით, წელს საქართველო მილიონ ტურისტს ელის.

კონფერნეცია 14 მაისის ჩათვლით იმართება და მასში მონაწილეობას 40-მდე ქვეყნის 200-ზე მეტი დელეგატი იღებს. ეუთო-ს ასამბლეის ეკონომიკური ფორუმის ბათუმში ჩატარების გადაწყვეტილება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ქალაქ დუბროვნიკში მიიღო.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები