ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილმა სააფთიაქო ქსელი გაყიდა

РБК daily-ის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა, საბანკო ბიზნესის შემდეგ, რუსეთში სააფთიაქო ქსელი „დოკტორ სტოლეტოვიც“ გაყიდა. მყიდველი პეტერბურგული ფარმა-დისტრიბუტორი კომპანია იმპერია-ფარმაა.  როგორც ბაზარზეა ცნობილი, მისი მფლობელი ვალენტინა მატვიენკოს შვილია. გარიგების თანხა 60-70 მილიონი დოლარას შეადგენს. ყიდვის მეორე პრეტენდენტმა - საინვესტიციო ფონდმა Hi Capital-მა - თავად განაცხადა უარი შესყიდვაზე მაღალი ფასის მოტივით.

აფთიაქების ქსელის გაყიდვის შესახებ (414 წერტილი 11 რეგიონში) РБК daily ბაზარზე არსებულ ორ მოთამაშეზე დაყრდნობით იტყობინება. ამ ინფორმაციას ადასტურებს სააფთიაქო ქსელ A.V.E-ს ერთ-ერთი მფლობელი ვლადიმირ კინწურაშვილი. მისი თქმით, გარიგების ფასი 60-70 მილიონი დოლარია. წყარო აცხადებს, რომ ახალი მფლობელები მაისის დღესასწაულების შემდეგ შევლენ ერკაფარმას დირექტორთა საბჭოში, რომელიც დოქტორ სტოლეტოვის ქსელს მართავს.

წყარო საინვესტიციო ფონდიდან Hi Capital, რომელიც ასევე იყო სააფთიაქო ქსელის ყიდვის პრეტენდენტი, ამბობს, რომ ქსელის სანაცვლოდ ივანიშვილის კუთვნილმა უნიკორ ჯგუფმა 100 მილიონ დოლარზე მეტი მოითხოვა. Hi Capital-ს ეს თანხა ეძვირა. სააფთიაქო ქსელის შეძენა სურდა A.V.E-საც. ეს უკანასკნელი 60 მილიონ დოლარს იხდიდა, თუმცა, შეთავაზებაზე პასუხი უნიკორისგან ვერ მიიღო. ვლადიმერ კინწურაშვილის თქმით, ეს აქტივი მეტი არ ღირს.

სააფთიაქო ქსელს 80 მილიონ დოლარად აფასებს Cegedim Strategic Data-ს დირექტორი, დავიდ მელიკ-გუსეინოვი.

ქსელის გაყიდვას ჯგუფი აქამდეც ცდილობდა, თუმცა მყიდველებს მისი რენტაბელურობა არ აკმაყოფილებდათ. სააფთიაქო გილდიის აღმასრულებელი დირექტორი ელენა ნევოლინა ვარაუდობს, რომ არარენტაბელურობა მართვის პოლიტიკამ განაპირობა - თავის დროზე დოქტორ სტოლეტოვი აქტიურად შეიძენდა რეგიონალურ აქტივებს - საბოლოო ჯამში ბევრი ისეთი წერტილი შეიძინა, რომელიც წამგებიანი იყო.

იმპერია-ფარმასთვის ამ სააფთიქო ქსელის ყიდვა სტრატეგიული გადაწყვეტილებაა - სანქტ-პეტერბურგის სააფთიაქო ბაზარზე კომპანია 10%-ზე მეტს ფლობს.

ცოტა ხნის წინ, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილმა უნიკორ ჯგუფმა ბანკი როსიისკი კრედიტი კერძო ინვესტორებს მიყიდა. Interfax - ის ინფორმაციით, გარიგების თანხა 352 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რომელიც მყიდველმა 2012 წლის 1 სექტემბრამდე უნდა დაფაროს.

შეგახსენებთ, რომ უნიკორ ჯგუფის მფლობელმა, კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლისთანავე, 2011 წლის შემოდგომაზე, განაცხადა, რომ რუსეთში ბიზნესს გაასხვისებდა.

 

კომენტარები