წყალდიდობა

ძლიერმა წვიმამ თბილისში წყალდიდობა გამოიწვია

დღეს თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ მდინარე მტკვრის კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია, რის შედეგადაც დაიტბორა მტკვრის მარჯვენა სანაპიროს სავალი ნაწილი და საცხოვრებელი სახლები. სტიქიას მოჰყვა მსხვერპლი.

თბილისის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსის, თემურ გიორგაძის ცნობით წყალდიდობას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ორი ქალი და ორი მცირეწლოვანი ბავშვია. დაღუპულთა იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა. ვრცელდება ინფორმაცია კიდევ ერთი დაღუპულის შესახებ, თუმცა ოფიციალურად არ დასტურდება.

განსაკუთრებულად მძიმე ვითარება ორთაჭალაში შეიქმნა, სადაც სტიქიის შედეგად მთა ჩამოიშალა.  გზის სავალ ნაწილზე გადმოსულმა მდინარემ ავტომანქანები ამოაბრუნა. ამ დროისათვის შეწყვეტილია მოძრაობა და სრულდება მოსახლეობის ევაკუაცია.

,,ორთაჭალაში ამჟამადაც მიმდინარეობს ევაკუაცია. რაც შეეხება წყლის მიერ ადამიანების გატაცების ფაქტებს, ჯერჯერობით დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი. მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება.’’-განაცხადა საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსმა, თემურ გიორგაძემ.

ძლიერმა წვიმამ რეგიონებიც დააზარალა. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილის, გივი ამირხანაშვილის ცნობით, ამ რეგიონში სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ამ დროისათვის თბილისში სრულად არის მობილიზებული საგანგებო სამსახური, მათთან ერთად რთულ უბნებზე იმყოფება ქალაქის მერი გიგი უგულავა. 

ფოტო: ireporter.ge

კომენტარები