ავღანეთი

ქაბულში არსალა რაჰმანი მოკლეს

ავღანეთის დედაქალაქში არსალა რაჰმანი მოკლეს - ადამიანი, რომელიც მნიშვნელოვან სამშვიდობო პროცესებში მონაწილეობდა. როგორც პოლიცია იტყობინება, ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე თავის ავტომანქანაში სამმა უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ჩაცხრილა, როდესაც ის სახლიდან ოფისში მიდიოდა. რაჰმანი საავადმყოფოში მოხვედრამდე გარდაიცვალა.

შეერთებული შტატების საელჩო ავღანეთში ამ ფაქტს ტრაგედიას უწოდებს, რაჰმანის კოლეგები კი ამბობენ, რომ ეს ქვეყნისთვის დიდი დანაკარგია. მისი სიკვდილი ნეგატიურ გავლენას მოახდენს სამშვიდობო პროცესზე, რადგან რაჰმანი მნიშვნელოვანი მედიატორი იყო, რომლის მიმართაც თალიბები ნდობით იყვნენ გამსჭვალულნი.

არსალა რაჰმანი 1994-1995 წლებში, რამდენიმე თვის განმავლობაში ავღანეთის პრემიერ-მინისტრი იყო. თალიბანის მმართველობის დროს რაჰმანი განათლების მინისტრის თანამდებობაზეც მუშაობდა. მას შემდეგ, რაც თალიბანის რეჟიმი დაემხო, ის ავღანეთის სამშვიდობო საბჭოს წევრი გახდა.

სამშვიდობო საბჭო ორი წლის წინ პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ შექმნა თალიბ მებრძოლებთან კავშირის დამყარების მიზნით. სწორედ საბჭოს დამსახურებაა ის, რომ ბევრმა თალიბმა შეიარაღებულ წინააღმდეგობაზე უარი თქვა. ჰამიდ კარზაისგან რაჰმანის თალიბანთან შერიგების მისაღწევად მუშაობა ჰქონდა დავალებული. ის ასევე კურირებდა საბჭოს კომიტეტს, რომელიც ავღანეთის ციხეებიდან თალიბების გათავისუფლებაზე მუშაობს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას, მათ შორის არც თალიბებს არ აუღიათ. ეს უკანასკნელები ირწმუნებიან, რომ კავშირი არ აქვთ რაჰმანის მკვლელობასთან, მიუხედავად იმისა, რომ სამშვიდობო საბჭოს წევრების წინააღმდეგ არიან განწყობილნი.

გასულ წელს თავდასხმის შედეგად ასევე დაიღუპა სამშვიდობო საბჭოს თავმჯდომარე, ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი ბურჰანუდდინ რაბანიც. თალიბები რაბანიზე თავდასხმასაც უარყოფენ, თუმცა მიაჩნიათ, რომ კარზაის ხელისუფლება, რომელიც დასავლური კურსის მომხრეა, ლეგიტიმური არ არის.

კომენტარები