პენიტენციარული სისტემა

კიდევ ერთი სიკვდილი ქართულ ციხეში

ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა პატიმარი ზურაბ დელიანიძე, რომლის სიკვდილმაც კიდევ ერთხელ გახადა აქტუალური პენიტენციარული სისტემაში შექმნილი მდგომარეობა. მედიით გავრცელდა დელიანიძის ფოტოები, სადაც გვამს კანის დაზიანებები და სილურჯეები აღენიშნებოდა. ოჯახი აცხადებდა, რომ ის ნაწამები იყო და ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვდა.

დელიანიძე სასჯელს მარიხუანის უკანონოდ შეძენა/შენახვისთვის იხდიდა და ექვსი წელი ჰქონდა მისჯილი. ის გასული წლის ბოლოდან ბათუმის ციხეში იმყოფებოდა, შემდეგ კი, ამა წლის მარტში, თბილისში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ნომერ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაპატიმრებიდან რამდენიმე თვეში, მაისში, 39 წლის დელიანიძე ოჯახს გარდაცვლილი დაუბრუნეს. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ მისი გარდაცვალების მიზეზად ვენერიული დაავადების მწვავე ფორმა დაასახელა. საქმეზე არაერთი ეჭვი და კითხვა გაჩნდა. შემთხვევას საქართველოს მთავარი პროკურატურა იძიებს.

ოჯახის წევრები სამინისტროს ვერსიას არ იჯერებენ და აცხადებენ, რომ დელიანიძე ციხეში მოხვედრამდე ჯანმრთელი იყო. ოჯახის თხოვნის საფუძველზე, პატიმრის გვამი შეამოწმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ექსპერტიზის ბიურო ვექტორის დირექტორმა ალექსანდრე გეჯაძემ. მან განაცხადა, რომ რასაც ოჯახი წამების შედეგად მიიჩნევდა, ნაწოლები იყო. ეს კი, თავის მხრივ, უყურადღებობისა და არასათანადო მკურნალობის შედეგად მიიჩნია. საუბრობენ იმაზეც, რომ მსგავს ნაწოლებს 2-3-კვირიანი უმოძრაობა თუ გამოიწვევდა.

არსებული ინფორმაცია მხოლოდ ფრაგმენტულ სურათს ქმნის და გამოძიებამ ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი – იყო თუ არა პატიმარზე ფიზიკური ზემოქმედება, რამდენად დროულად მოხდა მისი დაავადების დიაგნოსტირება, რაც სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა და ხშირად მკურნალობა სწორედ დაგვიანების გამოა უშედეგო. ასევე კითხვები ჩნდება იმაზე, რამდენად ადეკვატური იყო პატიმრის მოვლა-მკურნალობა.

გარდა იმისა, რომ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ნომერ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში სიკვდილიანობა საკმაოდ მაღალია – გასულ წელს გარდაცვლილი 140 პატიმრისგან დიდი უმეტესობა სწორედ ამ დაწესებულებაზე მოდის – და აქ მკურნალობის ხარისხთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს, არც პატიმრებზე ფიზიკური ზემოქმედებაა უცხო პრაქტიკა. დაწესებულებაში არსებული ვითარება სახალხო დამცველის ბოლო წლიურ ანგარიშშიცაა მიმოხილული. იქ ხაზგასმულია, რომ მსჯავრდებულები დაწესებულებაში არსებულ ძალიან მკაცრ რეჟიმზე საუბრობდნენ, რის გამოც, საჭიროების შემთხვევაშიც კი, არ სურდათ სამკურნალოდ დაბრუნება და იქაურობას ხშირად საკუთარი განცხადებით ტოვებდნენ. ასევე, კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად, უარს ამბობდნენ სასეირნოდ გასვლაზე და ასახელებდნენ კონკრეტულ პიროვნებებს, ვინც პატიმრებს არასათანადოდ ეპყრობოდა და სცემდა. წარსულში სამკურნალო დაწესებულების რამდენიმე ექიმის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგა.

რამდენად ადეკვატურად მკურნალობდნენ დელიანიძეს, რთული სათქმელია. ზოგადად, სხვადასხვა დროს ჩატარებულმა მონიტორინგმა პენიტენციარულ სისტემაში ჯანდაცვის კუთხით ბევრი პრობლემა გამოავლინა – იქნება ეს ტუბერკულოზი, ვირუსული ჰეპატიტები, არასაკმარისი რესურსები და ნების არქონა სამკურნალო დაწესებულებებში სიტუციის გამოსასწორებლად. ზოგჯერ ყოვნდება პატიმართა სამკურნალო დაწესებულებებში გადაყვანა, იყენებენ ნაკლებად ეფექტიან სამკურნალო საშუალებებს, სპეციალისტების ნაკლებობის გამო ექიმებს მათთვის არაპროფილური სამუშაოს შესრულება უწევთ, რაც უკანონოა და ასე შემდეგ.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილის, გიორგი არსოშვილის თქმით, ბათუმის ციხეში პატიმარს თავიდანვე ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო შემოწმება და იმ დროისთვის არანაირი დაავადება არ აღენიშნებოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი მან ფსიქიკური აშლილობის ნიშნები გამოავლინა. არსოშვილი ამბობს, რომ პატიმარს სწორედ იმ პერიოდიდან მკურნალობდნენ, თუმცა ის ხშირად ამბობდა უარს მედიკამენტების მიღებაზე და ამიტომაც გადმოიყვანეს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ნომერ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. აქ მას დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდა, ჰქონდა კონსულტაცია ფსიქიატრთან, შეამოწმა დერმატო-ვენეროლოგმა, რა ეტაპზეც ფარული ვენერიული დაავადება დაუდგინდა გართულებული ფორმით. არსოშვილის თქმით, ინკუბაციური პერიოდი ამ დაავადებას 3 თვიდან 6 წლამდე აქვს. ის ამტკიცებს, რომ პატიმარი მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იყო, როგორც ფსიქიატრის, ასევე დერმატო-ვენეროლოგის მხრიდან, მაგრამ დაავადება „ცუდად განვითარდა” და პატიმარი გარდაიცვალა.

პროცესებს მონიტორინგს უწევს სახალხო დამცველის აპარატი. მისი წარმომადგენლები შეხვდნენ გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრებსაც. გარდა ამისა, სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნათია იმნაძე აღნიშნავს, რომ მათ უკვე გამოითხოვეს სხვადასხვა სახის ინფორმაცია, მათ შორის, მკურნალობასთან დაკავშირებული. ასევე, მომხდარის შესწავლის თხოვნით მიმართეს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს. იმნაძე ამბობს, რომ როდესაც ექსპერტიზის დასკვნა ექნებათ და სხვადასხვა დოკუმენტაციას მოიპოვებენ, საკითხს უფრო ღრმად შეისწავლიან.

გამოძიება ახალი დაწყებულია და პროკურატურაში მხოლოდ იმას გვპასუხობენ, რომ ექსპერტიზა ჩატარდა და დასკვნას ელოდებიან. საინტერესოა, რა გამოცდილება არსებობს ამ კუთხით პროკურატურაში. სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ არასათანადო მოპყრობის არაერთ ფაქტზე მიმართეს საქართველოს მთავარ პროკურატურას, თუმცა გამოძიება ტრადიციულად ჭიანურდება, ან წყდება. სახალხო დამცველის ინფორმაციით, ბოლო 2 წლის განმავლობაში არასათანადო მოპყრობის მხოლოდ ერთი საქმე დასრულდა სასჯელაღსრულების დაწესებულების ორი თანამშრომლის დაპატიმრებით.

ამ კუთხით დეტალური სტატისტიკა არ არსებობს. სახალხო დამცველის აპარატმა პროკურატურიდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ 2011 წელს რამდენ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყეს გამოძიება წამების, წამების მუქარის, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი უფლებამოსილებების გადამეტების კუთხით. აპარატში აინტერესებდათ, რამდენ ასეთ საქმეზე დაიწყო წინასწარი გამოძიება, რამდენი პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, მათგან რამდენი იყო საჯარო მოხელე (უწყების მითითებით), რამდენი საქმე განიხილეს სასამართლოში არსებითად, რამდენზე გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რამდენ საქმეზე შეწყდა გამოძიება და რის საფუძველზე.

სახალხო დამცველის აპარატმა პასუხად არასრული ინფორმაცია მიიღო. მაგალითად, შეუძლებელია იმის გარკვევა, პასუხისგებაში მიცემული პირებიდან რამდენი იყო საჯარო მოხელე. ასევე ის, მოხელე თავისუფლებააღკვეთილი პირისადმი არასათანადო მოპყრობისათვის დაისაჯა თუ სხვა სამსახურებრივი გადაცდენისთვის. პასუხებში არაა მითითებული დასჯილი პირების უწყებრივი კუთვნილება.

ზოგადად, 2011 წელს წამების 20 საქმეზე დაიწყო გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სამ პირზე. წამების მუქარაზე არცერთი საქმის გამოძიება არ დაწყებულა, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობისთვის კი გამოძიება 9 საქმეზე დაიწყო, საიდანაც ერთზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის 78 პირი გაამტყუნეს, უფლებამოსილების გადამეტებისთვის კი – 32.

კომენტარები