ჩრდილოეთ კავკასია

კავკასიური სტრაგეგია საქართველოს „რბილი ძალა”

0 კომენტარი

საქართველო ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის სტრატეგიას მიიღებს – დოკუმენტის პროექტი პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა ეროვნული უშიშროების საბჭოსთან ერთად შეიმუშავა.

ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის მიმართულებით თბილისი რამდენიმე წელია საკუთარ პოლიტიკას ახორციელებს და ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა 2010 წლის სექტემბერში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კავკასია ერთიანი, თავისუფალი და სტაბილური რეგიონი უნდა გახდეს.

იმავე წლის ოქტომბერში საქართველომ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის მცხოვრებთათვის უვიზო მიმოსვლა შემოიღო, რამაც მალე გამოიღო შედეგი – საქართველოში ჩრდილოეთ კავკასიიდან ვიზიტორთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩრდილოკავკასიელმა მუსლიმმა მომლოცველებმაც ჩვენთან გამავალი სატრანზიტო გზის გამოყენება ჰაჯისთვის დაიწყეს.

მიმდინარე წლის თებერვალში, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, საქართველომ უვიზო რეჟიმი უკვე რუსეთის ყველა მოქალაქეზე გაავრცელა.

2010 წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტს ეწვია დაღესტანში მცხოვრები დიდოელების დელეგაცია, რომელმაც თბილისს ამ მცირერიცხოვანი ხალხის პრობლემები გააცნო და დახმარება სთხოვა.

შარშან მაისში საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის იმპერიის მიერ მე-19 საუკუნეში ჩერქეზთა დევნა და განადგურება გენოციდად შეაფასა. დღეისთვის საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ჩერქეზების გენოციდი ოფიციალურად ცნო. გარდა ამისა, შეიქმნა ჩერქეზული კულტურის ცენტრი, გენოციდის მსხვერპლთა პატივსაცემად კი მონუმენტის აგებაა დაგეგმილი.

ამას გამოხმაურება მოჰყვა ჩერქეზულ მოძრაობაში, როგორც რუსეთში, ასევე სხვა ქვეყნებში. ჩერქეზი აქტივისტები საქართველოს გადაწყვეტილებას მიესალმნენ. ზოგიერთმა ჩრდილოკავკასიელმა აქტივისტმა, მათ შორის მათ, ვინც საქართველოს წინააღმდეგ აფხაზეთში 90-იან წლებში იბრძოდა, ჩვენი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება შეცვალა. ზოგიერთმა ლიდერმა სოხუმი პრორუსული პოზიციის გამო გააკრიტიკა და აფხაზებს მოუწოდა, თბილისთან საერთო ენა გამონახონ.

რეგიონის მიმართ თბილისის პოლიტიკა დღემდე ფრაგმენტულ ხასიათს ატარებდა, არ იყო მკაფიოდ განსაზღვრული ამ პოლიტიკის მიზნები და ამოცანები, რის გამოც, ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, საქართველოს ჩრდილოკავკასიური პოლიტიკა ხშირად გაუგებარი იყო დასავლელი პარტნიორებისთვისაც, რომლებიც ამაში დესტაბილიზაციის საფრთხეს ხედავდნენ.

ახალ დოკუმენტში კი მკაფიოდ არის განმარტებული ყველა მიმართულება, რომლითაც თბილისი მეზობელი რეგიონის ხალხებთან ურთიერთობის განვითარებას გეგმავს. სტრატეგიის პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველო დაინტერესებულია, ჩრდილოეთ კავკასია „იყოს სტაბილური, უსაფრთხო, ეკონომიკურად განვითარებული რეგიონი”. ხოლო სტრატეგიის მიზანია საქართველოსა და ჩრდილოკავკასიელ ხალხებს შორის კულტურის, განათლების, მეცნიერების, კომერციის, ვაჭრობისა და სხვა ჰუმანიტარულ სფეროებში კავშირების დამყარება.

თანამშრომლობის მიმართულებებად „ადამიანური კავშირები”, განათლება და მეცნიერება, ეკონომიკა და ვაჭრობა, ჯანდაცვა, ტრადიციები და სპორტი განისაზღვრა. გარდა ამისა, საქართველო შეშფოთებას გამოთქვამს ჩრდილოეთ კავკასიაში ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი სიტუაციის გამო და მზადაა ჩრდილოკავკასიელი უფლებადამცველებისთვის გახდეს „თავისუფალი არენა”.

პროექტის თანახმად, თბილისი ასევე მზადაა, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს დაეხმაროს ისტორიული სიმართლის აღდგენასა და წარსულში ამ ხალხების მიმართ ჩადენილი დანაშაულებების ფაქტების დეტალურ დადგენაში.

დოკუმენტი ადამიანური კავშირების დამყარების გზებს შორის მოიხსენიებს საქართველოში მეზობელი რეგიონიდან ტურიზმის წახალისებას, ასევე ერთობლივი ახალგაზრდული ბანაკებისა და სკოლების მოწყობას.

საქართველოს ხელისუფლებამ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მიწოდების გზით უნდა იზრუნოს ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული საინფორმაციო ვაკუუმის დაძლევაზე – ობიექტური ინფორმაციის გაცვლას ხელი უნდა შეუწყოს ჟურნალისტთა და ბლოგერთა ერთობლივი სიმპოზიუმების, ტრენინგებისა და კონფერენციების მოწყობამ.

საქართველოში განათლების მისაღებად დაგეგმილია ჩრდილოკავკასიელი სტუდენტებისთვის პირობების შექმნა. მათ შორის, ქართული ენის შემსწავლელი სპეციალური პროგრამის მეშვეობით. საქართველო, ასევე, ხელს შეუწყობს ჩრდილოკავკასიელ სტუდენტებს, რომ ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის უნივერსიტეტებში გააგრძელონ სწავლა.

დოკუმენტი აგრეთვე ითვალისწინებს თანამშრომლობის განვითარებას მეცნიერების სფეროში – საქართველოში ჩრდილოკავკასიური ენების შესწავლის წახალისებას, საზაფხულო სკოლებისა და ტრენინგების ჩატარებას, ჩრდილოკავკასიელი მეცნიერებისთვის საქართველოს არქივებში, საცავებსა და ბიბლიოთეკებში დაცული მასალების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

როგორც ტაბულასთან საუბრისას პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სპეციალისტმა გიორგი საბედაშვილმა აღნიშნა, სამომავლოდ სტრატეგია უნდა გადაიქცეს სამოქმედო გეგმად, რომელშიც კონკრეტული უწყებების ამოცანები იქნება გაწერილი.

მისი თქმით, ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ საქართველოს პოლიტიკის ოპონენტები თბილისს იმაში ადანაშაულებდნენ, რომ ის რეგიონში „დესტრუქციულ როლს თამაშობს”. „ახლა მათ საშუალება აქვთ, ამ სტრატეგიას გაეცნონ და მიხვდნენ, რომ ჩვენ ხალხებთან ურთიერთობის დამყარების მშვიდობიანი სურვილი გვამოძრავებს”, – აღნიშნა საბედაშვილმა.

პროექტის ინიციატორთა განცხადებით, შემუშავებული სტრატეგია არ ეხება რუსეთის ტერიტორიულ მოწყობას და არ ითვალისწინებს ჩარევას რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. თუმცა, ჩრდილოკავკასიური სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანი ისაა, რომ მეზობელი რეგიონის მოსახლეობაში საქართველოს მიმართ არ იყოს მტრული განწყობა, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

გამოცემა Eurasia Daily Monitor-ს მოჰყავს რუსი ექსპერტის სერგეი მიხაილოვის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შემდეგ საქართველო შესაძლოა უფრო შორს წავიდეს და ვაინახების (ჩეჩნებისა და ინგუშების) 1944 წლის დეპორტაციაც გენოციდად აღიაროს.

თავის მხრივ, რუსი მიმომხილველი იანა ამელინა აღნიშნავს, რომ საქართველოს მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ, „საქართველოს გავლენა ჩრდილოეთ კავკასიაში კიდევ უფრო გაიზრდება და ეს საშიში სიმპტომია”.

საქართველოს გავლენა მართლაც გაიზრდება, – წერს ავტორი და დასძენს, რომ ეს რეგიონში შექმნილი სიტუაციის ბუნებრივი შედეგია.

პირველ რიგში, წერს Eurasia Daily Monitor-ი, ჩრდილოეთ კავკასიასთან საქართველოს მეზობლობა თავისთავად გულისხმობს, რომ ამ ქვეყანას რეგიონთან გარკვეული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. გარდა ამისა, საქართველოს გავლენის გაძლიერებას ხელს უწყობს რეგიონის ხელოვნური იზოლაციის პოლიტიკა, რაშიც „რუსმა მაღალჩინოსნებმა მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულონ”.

„არადემოკრატიული მმართველობის სისტემა, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში ჩამოყალიბდა, ძალიან მგრძნობიარეა ახალი ინფორმაციის, ადამიანებისა და იდეების შემოსვლის მიმართ. და ეს საქართველოს ბრალი არ არის”, – აღნიშნავს გამოცემა.

Eurasia Daily Monitor-ის მიმომხილველის აზრით, საქართველო არ უჭერს მხარს ჩრდილო კავკასიაში „აჯანყებას ან ამბოხს” და მან „რბილი ძალის” კონცეფცია აირჩია. იქვე ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში საქართველოს აქტიურობა ხელს უწყობს რეგიონში არსებული სიტუაციიდან მშვიდობიანი გამოსავლის ძიებას, რაც რუსეთის პოლიტიკამ დღემდე ვერ მოახერხა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები