დავით გარეჯი

კალანდაძე: გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი არ იმყოფება საქართველოს საზღვრებში

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკაშირებით კომენტარი გააკეთა.

”გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი, საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული არ იმყოფებოდა საქართველოს საზღვრებში.” - განაცხადა კალანდაძემ. მისი განმარტებით, საუბარი კონკრეტულად კომპლექსის იმ ნაწილზეა, რომელიც პრობლემის წყარო გახდა.

მისივე თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრების დელიმიტაციის პროცესი აქამდე მეტ-ნაკლები წარმატებით მიმდინარეობდა, თუმცა ჯერ აღნიშნული საკითხის შესახებ შეთანხმება მიღწეული არაა.

კალანდაძის განცხადებით, გასულ კვირას გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ გარეჯის ტერიტორიაზე არსებულ უდაბნოს მონასტერში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან, საგარეო უწყება რეაგირებას მოახდენს. მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომუნიკაცია აქვს აზერბაიჯანელ კოლეგებთან და ამ საკითხზე უშუალოდ აზერბაიჯანის ელჩთან გაიმართება შეხვედრა.

სასულიერო პირების ინფორმაციით, 6 მაისის შემდეგ გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილში, კერძოდ, უდაბნოს მონასტერში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან, რომლებიც მომლოცველებს მონასტერში არ უშვებენ. მათი ცნობით, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ უდაბნოს მონასტერი ალბანური კულტურის ძეგლს განეკუთვნება.

 

კომენტარები