ადამიანის ტვინი

ქალის თუ კაცის ტვინი?

ამ წერილის დაწერის სურვილი მას შემდეგ გამიჩნდა, რაც შევიტყვე, რომ ჩემი მეგობარი, ასევე ბიოლოგი, დარწმუნებულია – კაცის და ქალის ტვინი აბსოლუტურად იდენტურია და განსხვავებას მხოლოდ ის გარემო განაპირობებს, რომელშიც ადამიანი იზრდება.

თავდაპირველად, ეს საბჭოთა იდეოლოგიის გავლენას მივაწერე, რომელშიც ორივე გავიზარდეთ და რომლის მიხედვითაც არანაირად არ შეიძლებოდა, ქალი და კაცი რამით, მით უმეტეს ტვინის აგებულებით, განსხვავებულნი ყოფილიყვნენ. შემდეგ, როდესაც დავფიქრდი, მივხვდი, რომ ამ სტერეოტიპის ჩამოყალიბებაში დასავლურმა ფემინიზმმაც არანაკლები როლი ითამაშა: ქალები არაფრით განსხვავდებიან მამაკაცებისგან, მათაც ზუსტად ისეთივე ფიზიკური და გონებრივი თვისებები უნდა ჰქონდეთ, როგორც მამაკაცებს. საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედი, რომ მთავარი აქ არც საბჭოური იდეოლოგიაა და არც ფემინისტური მოძრაობა – თავი და თავი ჩვენი მცდარი შეხედულებაა, რომლის მიხედვითაც განსხვავებული აუცილებლად გულისხმობს უკეთესს და უარესს. შესაბამისად, იმის თქმა, რომ ქალის და კაცის ტვინი განსხვავებულია, ბევრისთვის ავტომატურად გულისხმობს ერთის უპირატესობას მეორეზე.

ეს ასე არაა. ჩემი ბავშვობისდროინდელი ფილმი, “ღიმილის ბიჭები” მახსენდება – სახლის სახურავზე გამართული დიდი დისკუსია იმის თაობაზე, ერთ ორთქმავალს მეტი ძალა აქვს თუ ორს. ფილმში კამათის ერთ-ერთი მონაწილე ამ კითხვას ასე პასუხობს: “გააჩნია რა შემთხვევაში...”. მართლაც, გააჩნია, რა შემთხვევაში – გააჩნია, რას ვადარებთ, რას ვირჩევთ ათვლის ან შედარების წერტილად.

მაშ ასე, შევთანხმდეთ, რომ განსხვავებული არ გულისხმობს უკეთესს და უარესს. როდესაც ტვინებს ერთმანეთს ვადარებთ, განსხვავება შეიძლება იყოს სტრუქტურული – თუ როგორაა აგებული მთლიანობაში ტვინი ან მისი ცალკეული ნაწილები. განსხვავება შეიძლება იყოს ფუნქციურიც – თუ როგორ მუშაობს მთლიანად ტვინი ან მისი ცალკეული უბნები. ქალის და კაცის ტვინი განსხვავდება როგორც სტრუქტურული, ასევე ფუნქციური პარამეტრით. განსხვავების საჩვენებლად რამდენიმე დასაბუთებულ მაგალითს მოგიყვანთ:

კაცის ტვინი დაახლოებით 10%-ით უფრო დიდია, მაგრამ ქალებში ტვინის ქერქის მრავალი უბანი ფარდობითად უფრო სქელია. მამაკაცებში ტვინის ნერვული უჯრედების რაოდენობა მეტია, ვიდრე ქალებში, სამაგიეროდ ქალებს გაცილებით უკეთ აქვთ განვითარებული კავშირები ტვინის ნერვულ უჯრედებს შორის. საინტერესოა, რომ სტრუქტურა, რომელიც ტვინის ორ ნახევარსფეროს აკავშირებს, მამაკაცებში უფრო მცირეა. ეს კი შეიძლება ნიშნავდეს, რომ ქალებს ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევრებს შორის ინფორმაციის გაცვლა უფრო ადვილად შეუძლიათ. ტვინის ქერქის ის უბნები, რომლებიც მეტყველებაზეა პასუხისმგებელი, უფრო დიდი ზომისაა ქალებში – სწორედ ამის გამო, ქალებში სიტყვიერი აზროვნება უფრო გამოხატულია, ვიდრე მამაკაცებში.

ალბათ ბევრს სმენია გამოთქმა, რომ კაცებს მათემატიკური ტვინი აქვთ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ბევრმა არ იცის, რომ ტვინის ქერქის საფეთქელთან განლაგებული უბანი მამაკაცებში უფრო დიდია, ვიდრე ქალებში. ეს სწორედ ის უბანია, რომელიც ალბერტ აინშტაინის ტვინში ძალიან დიდი იყო და, ზოგადად, მკვეთრადაა გამოხატული ფიზიკოსებსა და მათემატიკოსებში.

ვგონებ, დიდი დისკუსია არ სჭირდება, რომ ქალები და კაცები ემოციურობით და გრძნობების გამოხატვის უნარით განსხვავდებიან. ზოგადად, ქალებს უკეთ შეუძლიათ ემოციების კონტროლი და მათი გადმოცემა, ამასთან, სხვა ადამიანებთან კონტაქტის დამყარების უკეთესი უნარი აქვთ. ეს ყოველივე კი გამოწვეულია იმით, რომ ტვინის ზოგი ნაწილი (მაგალითად, ლომბური სისტემა), რომელიც ემოციებს განაგებს, ქალებში უფრო დიდია, ვიდრე კაცებში.

მრავალი მკვლევარი ემხრობა მოსაზრებას, რომ სქესზე დამოკიდებული ყველა განსხვავება სასქესო ჰორმონების დონის სხვაობით აიხსნება. უდავოა, სასქესო ჰორმონებს დიდი გავლენა აქვს ადამიანების ტვინზე და ქცევაზე. თუმცა უკანასკნელ ხანებში გამოქვეყნდა მრავალი ნაშრომი, სადაც მითითებულია – არსებობს სქესთა შორის განსხვავებული ქცევა, რომელიც არანაირად არაა დაკავშირებული ჰორმონებთან.

როგორც წესი, ადამიანის გარკვეული ტიპის ქცევას ტვინის განსაზღვრული უბანი განაპირობებს. ამის დადგენა დღეს საკმაოდ მარტივად შეიძლება ფუნქციური კომპიუტერული ტომოგრაფიით, რომელიც აჩვენებს, ტვინის რომელი უბნები აქტიურდება ამა თუ იმ ფუნქციის დროს. ამ მეთოდის გამოყენებით, ქალებს და კაცებს შორის ძალიან საინტერესო განსხვავებები გამოვლინდა. მაგალითად, მკვლევრებმა ჩაატარეს ექსპერიმენტები, რომ გამოეკვლიათ, როგორ იხსენებენ განსხვავებული სქესის ინდივიდები საკუთარი წარსულიდან ემოციურ ფაქტებს, ან როგორ ცნობენ ადრე ნანახ სურათს. აღმოჩნდა, რომ ქალებსა და კაცებში ეს ფუნქციები იდენტურად ხორციელდება, თუმცა ამ დროს ტვინის განსხვავებული უბნები აქტიურდება.

როგორც ჩანს, ტვინის სტრუქტურაში არსებული სქესობრივი განსხვავებები, თავის მხრივ, განაპირობებს განსხვავებებს ქალის და კაცის ქცევაში. საკუთარი წვლილი აქვს იმასაც, რომ ქალები და კაცები ერთნაირად არ აღიქვამენ დროს და საგნების მოძრაობის სიჩქარეს, არათანაბარ დროს ანდომებენ მათემატიკურ გაანგარიშებას, აქვთ მათი სქესისთვის დამახასიათებელი სივრცითი ორიენტაციის და საგნების სამ განზომილებაში აღქმის უნარი, განსხვავებულად ახდენენ სიტყვიერი ინფორმაციის გადამუშავებას.

თავს აღარ შეგაწყენთ სხვა უამრავი სამეცნიერო მონაცემის აღწერით, რომლებიც ქალის და კაცის ტვინებს შორის არსებულ განსხვავებებს ადასტურებს. მსურველებს შეუძლიათ, შესაბამისი მასალა სამეცნიერო ლიტერატურაში მოიპოვონ. ერთ რამეს კი გირჩევთ: როდესაც გაიგონებთ ფრაზებს, რომ „ამ ქალს კაცის ტვინი აქვს” ან „ის კაცი ქალივით იქცევა”, ნუ ჩათვლით, რომ ან პირველია მაგარი, ან მეორე იქცევა ცუდად. უბრალოდ გაიხსენეთ – ქალის და კაცის ტვინები განსხვავებულია და ეს განსხვავება სულაც არ ნიშნავს, რომ ერთი სჯობს მეორეს.

 

 

 

 

კომენტარები