რუსეთი

პუტინოკრატია

0 კომენტარი

ვლადიმირ პუტინი
ვფიცავ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებისას პატივს ვცემ და დავიცავ ადამიანისა და მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებებს”... ასე იწყება ფიცი, რომელიც ვლადიმირ პუტინმა ბოლო 12 წლის მანძილზე უკვე მესამედ წარმოთქვა და გამოგვიტყდა, რომ მისი ცხოვრების აზრი, სამშობლოს და ერის სამსახურია.

პუტინის მესამე (ფაქტობრივად, მეოთხე) ვადის დაწყება, უფრო თვითმპყრობელი ხელმწიფის კორონაციას ჰგავდა, ვიდრე არჩეული ლიდერის ინაუგურაციას. იმ განსხვავებით, რომ “მეფედ კურთხევის” ცერემონიამ მოზეიმე ხალხის გარემოცვის ნაცვლად, დაცარიელებულ ქალაქის ცენტრში ჩაიარა.

საქმე ისაა, რომ ერთი დღით ადრე, სანამ რუსეთის პრეზიდენტი ადამიანის უფლებების პატივისცემის აღთქმას დადებდა, პოლიცია გაუსწორდა მათ, ვინც პროტესტი სცადა. დაკავებები მეორე დღესაც გაგრძელდა – დაპატიმრებულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა. დაიჭირეს ყველა, ვისშიც აქციის გამართვის პოტენციალი დაინახეს. მათ შორის იყვნენ პოლიტიკური ლიდერები ბორის ნემცოვი, ალექსეი ნავალნი, სერგეი უდალცოვი. დაარბიეს რესტორანი, სადაც ოპოზიციის მხარდამჭერები იკრიბებოდნენ. ჩაიკეტა ყველა ქუჩა, რომელიც პუტინს უნდა გაევლო წითელ მოედნამდე მისასვლელად. დაკავებულთა უმეტესობა მცირედი თანხით დაჯარიმდა, ნავალნისა და უდალცოვს 15 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო ზოგიერთი ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ინაუგურაცია დასრულდა

ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებებზე დაყრდნობით, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის პრეზიდენტს გადაწყვეტილი აქვს “სამშობლოს სამსახურში”, ანუ რუსეთის სათავეში ყოფნის ხანგრძლივობით, ლეონიდ ბრეჟნევს აჯობოს. ამ უკანასკნელმა საბჭოთა კავშირის ლიდერის პოსტზე თვრამეტი წელი გაძლო. აშკარაა, რომ ვლადიმირ ვლადიმირის ძე, შემდეგი თორმეტი წელიც იქ აპირებს დარჩენას, სადაც წინა თორმეტი გაატარა. მაგრამ რამდენად მოახერხებს, ცალკე საკითხია.

ბევრი მიიჩნევს, რომ პუტინი ამ ვადასაც ვერ დაასრულებს, რადგან მისი პოპულარობა, რასაც რამდენიმე წლის წინ საბაზრო ეკონომიკისა და ნავთობის შემოსავლების მკვეთრი ზრდა უმაგრებდა ზურგს, დღეს სწრაფად ეცემა. თუმცა, სკეპტიკოსები ასეთ პროგნოზებს სასურველის რეალურად გასაღების მცდელობად ნათლავენ და მაგალითად სხვა დიქტატორები მოჰყავთ, რომელთაც მასობრივი უკმაყოფილების მიუხედავად, ხელისუფლებაში დიდხანს გაძლეს.

“მას არ სჭირდება მასობრივი მხარდაჭერა, – განაცხადა Wall Street Journal-თან საუბარში ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორმა ბუენო დე მესკიტამ, რომელიც თანაავტორია წიგნისა “დიქტატორის სახელმძღვანელო”, – მთავარია ნავთობიდან საკმარისი შემოსავალი მიიღოს საიმისოდ, რომ ვიწრო წრე დააკმაყოფილოს. პირველ რიგში, არმია და უშიშროების სამსახური”.

1999 წლის მიწურულს, ელცინის გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, პუტინმა ლუბიანკაზე შეკრებილ ФСБ-ს თანამშრომლებს განუცხადა, რომ უშიშროების ოფიცერთა ჯგუფი, რომელიც ფარულად ჩაინერგა ხელისუფლებაში, წარმატებით ახორციელებდა თავის მისიას. როცა ეს ამბავი გახმაურდა, ბევრმა ხუმრობად მიიჩნია. თუმცა დღეს ყველასთვის ცხადია, რომ თანამედროვე რუსეთი მართლაც საბჭოთა უშიშროების პროდუქტია, სახელწოდებით „Кооператив Озеро”. ეს ამხანაგობა პუტინმა და მისმა მეგობრებმა 1996 წელს შექმნეს, როცა ერთმანეთის მახლობლად, სანკტ-პეტერბურგის შემოგარენში აგარაკები შეიძინეს. დღეს რუსეთს სწორედ ამ ამხანაგობის წევრები განაგებენ. ზოგი უშუალოდ მთავრობაშია, დანარჩენები Газпром-ს, ნავთობის ექსპორტს და სხვა მნიშვნელოვან ბიზნესმიმართულებებს მართავენ და მილიარდერები არიან.

ქვეყანა, რომელსაც საკუთარი მოქალაქეების უფლებები არ ადარდებს, ვერც მეზობლების თავისუფლებას სცემს პატივს. ისტორია გვიჩვენებს, რომ ქვეყნების საშინაო და საგარეო ქცევას შორის ურთიერთკავშირი არსებობს – ფაქტია, რომ დემოკრატიული სახელმწიფოები ერთმანეთთან არ ომობენ. მაგრამ დღეს, რუსეთის დემოკრატიზაციაზე ზრუნვა, საერთაშორისო პრიორიტეტების რიცხვში ვერ ხვდება.

პუტინი თავის მთავარ დამსახურებად რუსეთის ეროვნული ღირსების აღდგენას მიიჩნევს. რუსეთის ხელისუფლებას რომ ღირსებაზე თავისებური წარმოდგენა აქვს, ყველა თანხმდება. ისინიც კი, ვინც პუტინის ფიგურის ერთგვარ რომანტიზებაშია შემჩნეული.

“ვცდილობდი, მისთვის ამეხსნა, თუ რატომ არ ენდობოდა რუსეთს დასავლეთი, – ჰყვება კრემლის ყოფილი მრჩეველი და BBC-ს ყოფილი ჟურნალისტი ანგუს როქსბურგი, – დემოკრატიას არ ახარებთ, მედიას აკონტროლებთ, საბჭოთა წარსულის დაგმობაზე უარს ამბობთ, სტალინსაც კი ნორმალურ პოლიტიკოსად მიიჩნევთ. ეს ყველაფერი საკმარისია იმისთვის, რომ დასავლეთმა შიშით შემოგხედოთ. პასუხი ყოველთვის ერთი იყო – დასავლეთის ლექციები დემოკრატიაზე არავის სჭირდება, ჩვენ ყველაფერს ჩვენებურად გავაკეთებთ”.

მართლაც, პუტინი ყველაფერს თავისებურად აკეთებს, ზუსტად ისე, როგორც КГБ-ში ასწავლეს – მას შემდეგ, რაც კომუნიზმი ჩაფლავდა, შექმნა კაპიტალისტური, მაგრამ ტოტალურად კორუმპირებული სახელმწიფო. სადაც უშიშროების სამსახური აკონტროლებს ეკონომიკას, ბანკებს და მედიას. ხოლო მათ, ვინც კონტროლს არ ექვემდებარება – კლავს ან ციხეში ალპობს.

უფრო მეტიც, უკვე არაერთი მკვლევარი აღნიშნავს, რომ რუსეთი იქით კარნახობს დასავლეთს თამაშის წესებს. “200 ათასი რუსი ცხოვრობს დიდ ბრიტანეთში, – წუხს ბრიტანელი ჟურნალისტი და ისტორიკოსი, სერ მაქს ჰასტინგსი, – მათი სახით ბრიტანულ ყოფაცხოვრებაში განგსტერთა კულტურა მკვიდრდება. საეჭვო გზებით ნაშოვნი ფულით ყიდულობენ სასახლეებს და ფეხბურთის გუნდებს – მთავრობა ამაზე თვალს ხუჭავს. ლონდონი ფულის გათეთრების მსოფლიო დედაქალაქად იქცა”.

“მზაკვრობა – ჯაშუშები და სიცრუე, ანუ როგორ აბრიყვებს რუსეთი დასავლეთს”, ასე ჰქვია The Economist-ის საერთაშორისო სექციის რედაქტორის, ვეტერანი ჟურნალისტის, ედვარდ ლუკასის წიგნს, რომელიც პუტინის ინაუგურაციამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნდა.

ავტორი, რომელსაც რუსეთში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, კონკრეტული მაგალითების მეშვეობით, ზუსტად აღწერს, თუ როგორ მოქმედებს პუტინის ავტორიტარული და კორუმპირებული რეჟიმის დაზვერვა და რა მეთოდებს იყენებს ის დასავლეთზე გავლენის მოსახდენად.

თანამედროვე რუსი ჯაშუში ძველი საბჭოთა შპიონისგან განსხვავდება. განსხვავების აღსაწერად ლუკასი, ამერიკის ცენტრალური საგამოძიებო სააგენტოს დირექტორთან, ჯეიმს უოლსისთან საუბარს იხსენებს – “თუ შეხვდი ინგლისურად ბრწყინვალედ მოლაპარაკე რუსს, რომელიც თავს ბიზნესმენად წარმოგიდგენს, 3000-დოლარიანი კოსტიუმი და Gucci-ს ფეხსაცმელი აცვია, ოთხი ვარიანტი განიხილე: მართლაც ის არის, რადაც თავს ასაღებს; რუსეთის დაზვერვის აგენტია და ბიზნესის საფარქვეშ მუშაობს; დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფის წევრია; მაგრამ მეოთხე და ყველაზე საინტერესო ისაა, რომ შეიძლება სამივე ერთად იყოს. იმიტომ რომ რუსეთში ეს სტრუქტურები უპრობლემოდ ითავსებენ ერთმანეთს”.

პუტინის დაზვერვის თანამშრომელი, ხშირად საკუთარი სახელით და გვარით, რომელიმე კვლევით ორგანიზაციაში, ანაც გავლენიანი პერსონის სამსახურში ეწყობა და, ერთი მხრივ, ინფორმაციას აგროვებს, მეორე მხრივ – გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენას ცდილობს. თუ ქალია, შესაძლოა მეტსაც მიაღწიოს. ამის მაგალითი კატია ზატულივეტერია – ახალგაზრდა ქალბატონმა ჯერ მუშაობა დაიწყო, ხოლო შემდეგ, უფრო მეტად “დაუახლოვდა” თავისზე 40 წლით უფროს ბრიტანელ პარლამენტარს, მაიკ ჰენკოკს, რომელიც ამავდროულად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრიც იყო. როგორც გაირკვა, ზატულივეტერის მიზანს, ბრიტანეთის თავდაცვის შესახებ ინფორმაციის მოპოვება წარმოადგენდა. თუმცა უარს არც სხვა სერვისებზე ამბობდა.

ასე მაგალითად, რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჰენკოკი თავგამოდებით უხდიდა მადლობას რუსეთის ხელისუფლებას სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდის შეჩერებისთვის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასაც იმავესკენ მოუწოდებდა.

ავტორის მტკიცებით, დასავლური საზოგადოება კრემლის აგენტურის სამოთხეა – “მიუხედავად მეტალოდეტექტორისა ყველა კუთხე- კუნჭულში, ჩვენ განსაცვიფრებელ, თვითმკვლელობის ტოლფას ნდობას ვიჩენთ, როცა საქმე რეალურ უსაფრთხოებას ეხება… გავრცელებული აზრია, რომ ჩვენ საიდუმლოებები აღარ გაგვაჩნია, რომც გვქონდეს, რუსეთს ისინი არ აინტერესებს და არც იმის უნარი აქვს, რომ მოიპოვოს… ეს არასწორია!”.

მნიშვნელოვანი განსხვავება რუსულ და დასავლურ დაზვერვას შორის ისაა, რომ დასავლეთის მოტივაციას საჭიროება წარმოადგენს. თუ სჭირდება ინფორმაცია, ინვესტირებას ახდენს მის მოპოვებაში. რუსები სხვაგვარად მოქმედებენ: მათ შპიონები ყოველი შემთხვევისთვის ჰყავთ ყველგან, სადაც ხელი მიუწვდებათ. ისინი ყიდულობენ ყველას, ვინც იყიდება და ვინც გავლენის გავრცელებასა და მიმდინარე დისკუსიის რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ შემობრუნებაში შეუწყობს ხელს.

ამას ემატება უანგარო “სასარგებლო იდიოტთა” არმია და, რაც მთავარია, ის, რომ რუსეთს მკაფიო განზრახვა აქვს, რომელსაც გულისყურით ეკიდება, განსხვავებით დასავლეთის ქვეყნებისაგან, რომლებიც პუტინის რეჟიმს არაადეკვატურად და არასერიოზულად აღიქვამენ – რუსეთი ხომ საბჭოთა კავშირი არაა.

ლონდონში ყოფნისას საშუალება მომეცა, ედვარდ ლუკასს თავად შევხვედროდი და მისი ახალი წიგნის შესახებ გვესაუბრა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები