საქართველო-საფრანგეთი

სააკაშვილმა ოლანდს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

მიხეილ სააკაშვილმა ფრანსუა ოლანდს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. საფრანგეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტსა და მის ქართველ კოლეგას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. 

საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ ხსენებულმა საარჩევნო კამპანიამ ინტერესი და იმედი საფრანგეთის საზღვრებს გარეთაც აღძრა.

მიხეილ სააკაშვილმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის ფუნდამენტურ როლს ევროპისა და განსაკუთრებით საქართველოსთვის და აღნიშნა, რომ საქართველოსა და საფრანგეთს საერთო ღირებულებები აკავშირებთ.

ფრანსუა ოლანდმა საქართველოს პრეზიდენტს მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ახალგაზრდა დემოკრატიის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა გამოთქვა.

საფრანგეთისა და საქართველოს ლიდერებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ფრანგულ-ქართულ ურთიერთობებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და უახლოეს მომავალში შეხვედრის სურვილი გამოთქვეს.

ფრანსუა ოლანდის ოფიციალური ინაუგურაცია ხვალ დილით გაიმართება.

კომენტარები