კოსმოსური შატლი

შატლი Discovery კოსმოსიდან მუზეუმში

აპრილს ვაშინგტონის ცაზე უცნაური მფრინავი ობიექტი გამოჩნდა. ეს იყო სპეციალურად მოდიფიცირებულ, დიდი სიმძლავრის ბოინგ 747-ზე მოთავსებული კოსმოსური შატლი Discovery. დისქავერის ფლორიდიდან, კენედის ცნობილი კოსმოსური პოლიგონიდან უკანასკნელ გზაზე მიაცილებდნენ. ამიერიდან ის სმიტსონის ნაციონალურ, კოსმოსური ფრენების მუზეუმში დაიდებს ბინას. დისქავერი პირველი შატლია, რომელიც, განადგურების ნაცვლად, მუზეუმში აღმოჩნდა.

Discovery მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური შატლია, რომელიც დედამიწის მახლობელ ორბიტაზე ტვირთების ასაზიდად და ასტრონავტების ასაყვანად გამოიყენებოდა. მისი ისტორია 1984 წლის 30 აგვისტოს დაიწყო. NASA-ს კოსმოსური შატლების პროგრამაში ის რიგით მესამე მრავალჯერადი ხომალდი აღმოჩნდა, რომლის წინამორბედები, Columbia და Challenger-ი იყვნენ. ბოლო სამუშაო გაფრენა შატლმა 2011 წლის მარტში შეასრულა და მას შემდეგ კენედის ცენტრში ინახებოდა. მრავალწლიანი ისტორიის მანძილზე Discovery ორბიტაზე 39-ჯერ აფრინდა, რაც კოსმოსური შატლებისთვის ყველაზე დიდი მაჩვენებელია. სწორედ მისი საშუალებით მოხერხდა ჰაბლის ცნობილი ტელესკოპის ორბიტაზე გაშვების მისიის წარმატებით დასრულება. ჯამში დისქავერიმ კოსმოსში 365 დღე დაჰყო, რაც არც ისე შთამბეჭდავი რიცხვი იქნებოდა კოსმოსური სადგურისათვის, მაგრამ სარეკორდოა სატრანსპორტო შატლისთვის. ამ ხნის განმავლობაში მან დედამიწას 5830-ჯერ შემოუარა.

როდესაც NASA-მ კოსმოსური შატლების პროგრამა გაუშვა, ვარაუდობდნენ, რომ მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდები, შატლები, საშუალოდ 100 გაფრენას მაინც შეასრულებდნენ ექსპლუატაციის ვადის გასვლამდე. შატლი ორბიტაზე რაკეტის დახმარებით ადის, დედამიწაზე კი დამოუკიდებლად, თვითმფრინავივით ბრუნდება. დიდი სიჩქარეები, რაც შატლის ორბიტაზე შენარჩუნებას სჭირდება (წამში 8 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობს) და შემდგომ ამ სიჩქარის მკვეთრი დამუხრუჭება, უზარმაზარ რისკთანაა დაკავშირებული – მცირედი უზუსტობა და შატლი, მასში მოთავსებული ტვირთიანად და ასტრონავტებიანად ფერფლად იქცევა. ამიტომ, NASA-ს გადაწყვეტილებით, რამდენიმე ათეული გაფრენის შემდეგ კოსმოსური ხომალდის გამოყენება აღარ შეიძლება. ამ მხრივ Discovery-მ ყველაზე დიდხანს გაძლო და მხოლოდ 39-ე მისიის შემდეგ (როდესაც თითქმის 240 მილიონი კილომეტრი ჰქონდა დაფარული) გახდა „ჩამოსაწერი”.

Discovery პირველი, თუმცა არა ერთადერთი შატლია, რომელიც ვადის გასვლის შემდეგ, 2011 წელს, მუზეუმში მოათავსეს. იგივე ბედი გაიზიარეს Endeavour-მა და Atlantis-მა. თუმცა Atlantis-ი ფლორიდაში, კენედის ცენტრში დარჩება და დამთვალიერებლებს მიიღებს, Endeavour-ს კი მოგვიანებით ლოს ანჟელესში, კალიფორნიის სამეცნიერო ცენტრში გადაიტანენ.

სანამ ბოინგ 747-ის ზურგზე მოათავსებდნენ და ბოლოჯერ გაუშვებდნენ ჰაერში, დისქავერის სანახავად ფლორიდაში რამდენიმე ათასი ადამიანი მივიდა. NASA-ს ვეტერანი შატლის ფრენას უამრავი ხალხი აღელვებით ადევნებდა თვალს, ხოლო ვისაც მისი ხილვის ბედნიერება არ ხვდა წილად, შეუძლიათ ინტერნეტში მოძებნონ ვიდეოები – როგორც თვითმხილველების მიერ სამოყვარულო კამერებითა და ტელეფონებით გადაღებული, ასევე NASA-ს ოფიციალური Youtube-ის არხის მიერ გავრცელებული. სანახაობა მართლაც შთამბეჭდავია. ვაშინგტონის თავზე გადაფრენისას პილოტებმა თვითმფრინავი სპეციალურად მინიმალურ სიმაღლეზე დასწიეს, კაპიტოლიუმის თავზე გადააფრინეს და ვაშინგტონის მონუმენტის გარშემო სამი საპატიო წრეც დაარტყეს. ასე დასრულდა NASA-ს ისტორიაში ყველაზე ცნობილი შატლის, Discovery-ს ფრენა. ახლა ის მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატია, რომელიც ახალი თაობებისთვის შეიძლება შთაგონების წყაროდაც იქცეს.

 

კომენტარები