ედვარდ ლუკასი

ერთ დროს “ყოვლისშემძლე შტირლიცი” დღეს ძალიან დასუსტებულია

თქვენი ბოლო წიგნი – Deception – Spies, Lies and How Russia Dupes the West (მზაკვრობა – ჯაშუშები და სიცრუე, ანუ როგორ აბრიყვებს რუსეთი დასავლეთს), დასავლეთში რუსული აგენტურის დიდი დოზით ინფილტრაციას ეხება და წარმოადგენს ერთგვარ გაფრთხილებას, რომელსაც, როგორც ვაცლავ ჰაველი გვირჩევს, “სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ”. რატომ? რა საფრთხის შემცველია რუსეთის მიერ “საიდუმლოებების ქურდობა”? რაში შეიძლება გამოიხატოს ის?

ვფიქრობ, უფრო შორიდან უნდა დავიწყოთ და ვთქვათ, რომ ჩვენს ქვეყანას (დიდ ბრიტანეთს) კვლავინდებურად აქვს სახელმწიფო საიდუმლოებები და ეროვნული ინტერესები, რომლებიც კონფლიქტშია რუსეთის ინტერესებთან. ბევრი ბრიტანეთში, და კიდევ უფრო მეტი კონტინენტურ ევროპაში, თვლის, რომ ჩვენ დასამალი აღარაფერი გვაქვს. ამდენად სანერვიულო არაფერია.

მაგრამ ეს ასე არ არის. რუსეთს აინტერესებს, როგორ მუშაობს ჩვენი თავდაცვის სისტემა, ფინანსური სექტორი, როგორ ვიკვლევთ ფულის გათეთრების შემთხვევებს, როგორ მუშაობს ლონდონის საფონდო ბირჟა და ასე შემდეგ. ამ კითხვებზე პასუხების მიღებას ისინი აგენტურის მეშვეობით ცდილობენ. გარდა ინფორმაციისა, მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენაც სურთ და ამას ახერხებენ კიდეც.

ასე მაგალითად, შესაძლოა ჯაშუში დაუმეგობრდეს თეთრ სახლში მიღებულ პირს და მისი მეშვეობით შეეცადოს ინფორმაციის მოპოვებას – 2010 წელს მსგავსი შემთხვევა მოხდა კიდეც, როდესაც რუსეთის აგენტურამ ჰილარი კლინტონის ნდობით აღჭურვილი პირი, ალან პატრიკოვი ამოიღო მიზანში. ამას გარდა, სავსებით შესაძლებელია რუსეთის ჯაშუში აღმოჩნდეს ევროკომისიის რიგითი თანამშრომელი, რომელსაც შეხება აქვს ევროკავშირსა და რუსეთს შორის ენერგეტიკულ საკითხებზე მოლაპარაკებებთან და ხელეწიფება, რომ ამ თემაზე ევროკავშირის პოზიციის შესახებ რუსეთს აცნობოს. ანდაც საქართველო ავიღოთ. ბუნებრივია, რუსეთს სურს იცოდეს, რა რეაქციას ელოდოს დასავლეთისგან იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ქვეყანაში კიდევ ერთ კრიზისს შექმნის – აღშფოთებას, შეშფოთებას თუ რაღაც სხვას, ანუ რა ფასი დაუჯდება. ის ამის გარკვევას თავისუფლად მოახერხებს აგენტურის მეშვეობით.

ამავე წიგნში თქვენივე კოლეგის, დონალდ ჯენსენის ციტატა მოგყავთ, რომელიც ამტკიცებს – რუსეთის მთავარი საექსპორტო საქონელი არა გაზი და ნავთობი, არამედ კორუფციაა. შეგიძლიათ ეს თემა გაშალოთ?

რა თქმა უნდა. ამისთვის საბჭოთა კავშირი გავიხსენოთ – ის კომუნიზმმა დააჩაჩანაკა. ყველა ხედავდა, რომ რადგან კომუნიზმი სახლში არ მუშაობდა, არც საზღვარგარეთ იმუშავებდა. ის მიმზიდველი არ იყო. ახლა სხვა რამ ხდება – რუსეთს მართავს КГБ-ს ყოფილ თანამშრომელთა ჯგუფი, რომლებმაც იქ კაპიტალიზმი დაამყარეს და საკითხი კარგად ესმით. შესაძლოა ჩვენზე უკეთესადაც. ისინი კარგად ხვდებიან, რომ დასავლური კაპიტალიზმის სუსტი წერტილი კორუფციაა და ეს ლოგიკურია, იმიტომ რომ კაპიტალიზმი გარკვეული წესებით მოქმედებს. წესებს ადამიანები ადგენენ, ადამიანები კი მოსყიდვადნი არიან. რუსეთი მიხვდა, რომ პოლიტიკური გავლენა საკმაოდ იაფია, ბიუროკრატები იყიდებიან. ასე რომ, რომელიმე ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს წევრად ქალიშვილის ან ძმისშვილის არჩევა, ან რომელიმე წევრის მოქრთამვა, გაზეთის ყიდვა ან კვლევითი ორგანიზაციის დაფინანსება მშვენიერი იარაღია შენი პოზიციის დასაცავად. ეს ტაქტიკა რუსებს არ მოუგონიათ. საუდის არაბეთი დიდი ხანია ასე მოქმედებს, მაგრამ გარკვეულ ფარგლებში. რუსები ბევრად აგრესიულები არიან და ზიანიც მეტი მოაქვთ.

ამის მიუხედავად, ბევრი თვლის, რომ რუსული საფრთხე რეგიონის ფარგლებს არ სცდება და გლობალურ საშიშროებას არ წარმოადგენს…

რუსეთი გლობალურ ძალად მხოლოდ საბჭოთა კავშირის დროს შეგვეძლო განგვეხილა. მიუხედავად თავდაცვის მიმართულებით სახელმწიფო ხარჯების მკვეთრი ზრდისა, რუსეთის სამხედრო ძალა საბჭოთა კავშირის თავდაცვის სისტემის უბადრუკი აჩრდილია. სადამდეც ტანკით მივა, მხოლოდ იმ ქვეყნებს თუ შეუტევს. ეს ცუდი ამბავია საქართველოსთვის, ბალტიის ქვეყნებისთვის, შესაძლოა მონღოლეთისთვის. აი, მაქსიმუმი, რასაც შესაძლოა მან მიაღწიოს. თუმცა წარმატებით ართმევს თავს დიპლომატიური “ამრევის” როლს: ბლოკავს გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებებს, ევროპაში მოქმედებს პრინციპით “დაყავი და იბატონე” – ცდილობს ევროპული ქვეყნები ერთმანეთს დაუპირისპიროს.

რუსეთის ანტიდასავლური განწყობის ერთ-ერთ მიზეზად მის არასრულფასოვნების კომპლექსს და დასავლური სიმდიდრით გამოწვეულ გაღიზიანებას ასახელებთ. ასე მარტივად დგას საქმე? რუსეთს შურს?

კი, ეს ჩეკისტური მსოფლაღქმის ნაწილია – ყველაფერი, რაც კარგია დასავლეთისთვის, ცუდია რუსეთისთვის. თუ დასავლეთი იგებს, რუსეთი აუცილებლად აგებს.

თქვენ ამბობთ, რომ ყოველივე ეს ფსიქოლოგიურია?

მთლიანად ფსიქოლოგიური არ არის, მაგრამ დიდწილად – კი. გაიხსენეთ წიგნიდან ჰერმან სიმის ისტორია – ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც რუსეთის ჯაშუში აღმოჩნდა. მას ესტონეთის ტერიტორიიდან რუსეთზე NATO-ს თავდასხმის საიდუმლო გეგმის მოპოვება დაავალეს. რუსეთს ვერ წარმოედგინა, თუ რატომ შეიძლებოდა, ბალტიის ქვეყნები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიეღოთ, თუ ეს უკანასკნელი რუსეთზე შეტევას არ აპირებდა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ იმ დროისთვის NATO-ს არამც თუ ესტონეთიდან რუსეთზე შეტევის გეგმა არ ჰქონდა, ბალტიისპირეთი როგორ დაეცვა რუსეთისგან, ისიც კი არ იცოდა.

რუსეთი ყველაფერს ვიღაცის ჯიბრით აკეთებს. თავისთავად, ძალაუფლებისთვის შეჯიბრში არანორმალური არაფერია და მასში ყველა ქვეყანაა ამა თუ იმ ფორმით ჩართული, მაგრამ უმეტესობა თანამშრომლობის სიკეთესაც ხედავს. რუსეთი – არა. ისინი მხოლოდ კონკურენციაში ხედავენ სიკეთეს და ბინძური წესებით თამაშობენ.

ამას გარდა, არ უნდა დაგვავიწყდეს ისტორიული ანტიამერიკანიზმი. КГБ-ს ვეტერანები, მაგალითად ვლადიმირ პუტინი, აღიზარდნენ მაშინ, როცა ამერიკა “გლავნი ვრაგ” – მთავარი მტერი იყო. ისინი დღესაც ასე ფიქრობენ – ამერიკელების ხელს ხედავენ ყველა

პრობლემის უკან, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ამერიკა ფაქტორი სულაც არაა.

ლენინს დაესესხეთ და თქვენს წიგნში მთელი თავი მიუძღვენით “სასარგებლო იდიოტებს” დასავლეთში, რომლებიც პუტინის რეჟიმის გაძლიერებას უწყობენ ხელს. თუმცა მათ არ ასახელებთ. რატომ არ აკონკრეტებთ, ვის გულისხმობთ?

ცილისწამების შესახებ კანონმდებლობა ბრიტანეთში ძალიან მკაცრია. მე რომ დამესახელებინა წამყვანი გერმანული კვლევითი ორგანიზაცია (think tank), ან ამერიკული, ანდაც ბრიტანული, რომლებიც მუდმივად ამართლებენ პუტინს და ამავდროულად ბევრი ფული აქვთ, აუცილებლად სასამართლოში ამოვყოფდი თავს და შესაძლოა, ჩემს გამომცემელს ბევრი ფულის გადახდა დასჭირვებოდა იმიტომ, რომ ჩემი სიმართლის დამტკიცება გამიჭირდებოდა.

ამიტომ მხოლოდ მინიშნებას ვაკეთებ იმაზე, რომ დასავლეთში ბევრი გულწრფელი იდიოტია, რომელიც პუტინის რეჟიმს ამართლებს. ესენი პატიოსანი იდიოტები არიან და თავისუფლად ვამბობ, იმიტომ რომ ვიღაცისთვის იდიოტის წოდება ცილისწამებად არ ჩამეთვლება. მაგრამ არიან სასარგებლო ცინიკოსებიც, რომლებიც ფულს იღებენ და რეჟიმებზე მუშაობენ – იქნება ეს ჩინეთი, საუდის არაბეთი თუ ბელარუსი. მაგრამ რუსეთის შემთხვევა განსხვავებულია – მათ ყველა დონეზე შეაღწიეს. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენთან სხვებზე ახლოს არიან. საუდის არაბეთს არ ენაღვლება, ვინ გააკრიტიკებს, მათ იარაღის თემა აინტერესებთ და შესაძლოა, ამა თუ იმ უნივერსიტეტში ყურანის შესწავლა დააფინანსონ. რუსების შემთხვევა განსხვავებულია – ისინი ამ გზით ცდილობენ, აღკვეთონ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოება და მასში განხეთქილება შეიტანონ, გადაგვაფიქრებინონ მისი მეზობელი პატარა ქვეყნების დახმარება, მოშალონ ჩვენი ფინანსური სისტემა და ასე შემდეგ. ამისთვის ისინი იყენებენ მშვენიერ ასისტენტებს, რომლებიც ბრიტანელ პარლამენტარებთან იყოფენ საწოლს, ქრთამავენ მინისტრებს, რომლებიც თანამდებობებიდან წასვლისას, რუსულ კომპანიებში ინიშნებიან მაღალ პოსტებზე. ასე რომ, რუსეთის შემთხვევა ბევრად უფრო შემაშფოთებელია.

ბევრი საუბრობს ამერიკის ჰეგემონიის დაღმასვლასა და პოსტამერიკულ მსოფლიოზე. ზოგიერთი ამას გარდაუვალ რეალობად ასაღებს, თუმცა ამასწინათ გამოქვეყნდა ჩარლზ კრაუტჰამერის სტატია, სადაც ის ამტკიცებს, რომ ამერიკის დაღმასვლა მისი დღევანდელი ხელისუფლების არჩევანია. თქვენ რას ფიქრობთ?

პოსტამერიკული მსოფლიო ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ტრანსატლანტიკური ერთობა მართლაც შესუსტებულია. მგონი, ბუში ბოლო ატლანტისტი პრეზიდენტი იყო, არცთუ კარგი, მაგრამ ბოლო. ვფიქრობ, ერაყის და ავღანეთის ომების მთავარი მსხვერპლი ამერიკისთვის არიან ევროპელი მოკავშირეები, რომლებმაც მის ომში იბრძოლეს – ამის შედეგად ტრანსატლანტიკური ერთობა დაზარალდა. ამერიკამ ეს ომები ვერ მოიგო, მაგრამ დიდი ფასი გადაიხადა. სწორედ ამიტომ, როდესაც ევროპაში ამერიკის გავლენაზე ვსაუბრობთ, 2001 წლის 11 სექტემბერი წყალგამყოფი მგონია. ამერიკის ჰეგემონიამ ევროპაში იმ დროიდან დაიწყო დაღმასვლა. მან ევროპის სოლიდარობის რესურსი ერაყის და ავღანეთის ომების შედეგად ამოწურა.

თუმცა ცხადია, რომ დღესაც, ამერიკა და ევროპა ერთად მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ძალაა და მას შეუძლია მსოფლიოს მართვა, მაგრამ ეს უფრო იშვიათად ხდება. ამერიკული სამხედრო შენაერთები ევროპას ტოვებენ და ვერაფერს გავაწყობთ.

თქვენ გადატვირთვის პოლიტიკას მკაცრად აკრიტიკებთ, ამბობთ, რომ ის უშედეგოა. მაგრამ სხვა კუთხით რომ შევხედოთ, რა დაშავდა? პუტინი გადატვირთვამდეც ახერხებდა თავისის გატანას, მაშინ როდესაც ამერიკისა და რუსეთის ხელმძღვანელობის რიტორიკა მტრული იყო. მაგალითად, ბუქარესტის სამიტი ავიღოთ, სადაც საქართველოს და უკრაინას MAP-ზე უარი ეთქვა, ანდაც საქართველო-რუსეთის ომი…

გადატვირთვა ფანდი იყო და როგორც ფანდს შეეფერება, მან გარკვეული დიპლომატიური სივრცე შექმნა. კი, შეიძლება ითქვას, რომ უნგრეთის, პოლონეთის, ჩეხეთის თუ სლოვაკეთის ახალი ცივი ომის ფრონტის ხაზზე ყოფნა არცთუ კომფორტული იყო და ამერიკა-რუსეთს შორის რიტორიკის გამოსწორებამ, ამ ქვეყნებს კრემლთან ამოსუნთქვის და მცირე მანევრირების საშუალება მისცა. ვიღაცამ შეიძლება ისიც ამტკიცოს, რომ გადატვირთვის შედეგია ავღანეთში მიღწეული თანამშრომლობა და START-ი, მაგრამ მთავარია, რომ რუსეთმა დათმო მხოლოდ ის, რის დათმობასაც გადატვირთვის გარეშეც აპირებდა და მისივე ინტერესებში იყო. რუსეთს ხელს აძლევდა ამერიკის წარმატება ავღანეთში, ისევე როგორც სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმება. მეტი არაფერი მიგვიღია.

წიგნში ამბობთ, რომ ზოგიერთი ქვეყანა, განსაკუთრებით გერმანია, მცდარად მიიჩნევს, რომ რუსეთთან დაძაბულობა გაუგებრობის შედეგია და არა ფასეულობათა დაპირისპირების და ამიტომ რუსეთის შეკავებაზე კი არ უნდა ვიზრუნოთ, არამედ იმაზე, რომ მას უკეთ გავუგოთ. თვლით თუ არა, რომ ბუქარესტის სამიტი, სადაც გერმანიამ საქართველოსთვის და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭება დაბლოკა, ამის მაგალითი იყო?

ბუქარესტის სამიტის შედეგი უფრო ამერიკის “დამსახურებაა”, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყნის. მას NATO-ს ფარგლებში ყველაფრის მიღწევა შეუძლია, თუ საკმარის დროს და ძალისხმევას დაუთმობს. ამერიკელებს რომ კარგად ემუშავათ, ბუქარესტი ისევე დასრულდებოდა, როგორც პრაღა და დღეს მსოფლიო უკეთესი ადგილი იქნებოდა. მათ MAP-ი უკრაინისა და საქართველოს წევრობის გარანტიად წარმოაჩინეს, როდესაც ის მხოლოდ დაახლოების მექანიზმია. ამან ევროპელები დააფრთხო – მათ არ სურდათ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდების მე-5 მუხლი იმ ქვეყნებზე გავრცელებულიყო, სადაც ბევრი რამ ჯერ კიდევ გაურკვეველია. ამერიკელებმა გერმანელები საკითხის სერიოზულობაში ვერ დაარწმუნეს.

კი, მაგრამ საბოლოოდ ბუქარესტის სამიტი ისე დამთავრდა, რომ საქართველომ და უკრაინამ გარკვეული გარანტია მაინც მიიღეს – ბუქარესტის სამიტიდან მოყოლებული, ვიცით, რომ ჩვენ გავხდებით NATO-ს წევრები და რომ მისი კარი ჩვენთვის ღიაა…

ეს დიპლომატიური ილეთი იყო და არა რეალური პირობა. მე ეს ძალიან არ მესიამოვნა – ერთი იმიტომ, რომ ცარიელმა დაპირებამ ქართველები გაათამამა. ამას გარდა, რუსებმა ეს პირობა სერიოზულად აღიქვეს. ალბათ ეს ყველაზე უარესი შედეგი იყო. ცარიელ დაპირებას სჯობდა, გადაწყვეტილების მიღება შემდეგი სამიტისთვის გადაედოთ. ბუქარესტის სამიტის დასრულებისთანავე მივხვდი, რომ ომი დაიწყებოდა. აგვისტოს ომს მე ბუქარესტის სამიტს ვაბრალებ.

თქვენს წიგნში წუხილს გამოთქვამთ რუსული შპიონაჟის მიმართ დასავლეთის ინდიფერენტული დამოკიდებულების გამო. ამან 2006 წელი გამახსენა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ რუსი ჯაშუშები გამოააშკარავა და საჯაროდ შეარცხვინა. ეს ნაბიჯი ბევრმა არაკონსტრუქციულად ჩათვალა და საქართველოს ხელისუფლება გაკიცხა. თქვენ როგორ ფიქრობთ?

როგორც წესი, სხვა ქვეყნის ჯაშუშებს ისევე ექცევი, როგორც შენსას გინდა მოექცნენ. ამიტომ წყნარად ყრი ქვეყნიდან და დიდ აჟიოტაჟს არ ტეხ. თუმცა, ხანდახან საჯარო სიგნალის გაგზავნა გჭირდება იმის სათქმელად, რომ შენს ქვეყანაში ასეთი მოქმედება დაუშვებელია – მაგალითად მაშინ, როცა ეს ხალხი ტერორისტულ აქტს გეგმავს.

როცა საქმე კლასიკურ შპიონაჟთან გაქვს – დაზვერვის თანამშრომლებთან, რომლებიც საელჩოს საფარქვეშ მუშაობენ და ინფორმაციის მოპოვებას ცდილობენ, ერთია. მაშინ წესებით თამაშობ. მაგრამ როცა უცხო ქვეყნის დაზვერვა შენს ქვეყანაში გადატრიალებას ან აფეთქებებს გეგმავს – საჯარო სიგნალის გაგზავნის სასარგებლო არგუმენტის წონა მკვეთრად იმატებს. ამასთან, შენ თუ დასავლური მოწყობის ქვეყანა ხარ, რუსეთის ტერიტორიაზე იმავე მოქმედებებს არ დაგეგმავ, შესაბამისად, იმავე საქმიანობისთვის შენს ჯაშუშებს რუსეთში ვერ დაიჭერენ.

ასე რომ, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა განვიხილოთ. ვფიქრობ, 2006-ში დაბრუნება რომ შეეძლოს, საქართველოს ხელისუფლება იგივენაირად არ მოიქცეოდა.

რა გაძლევთ ასე ფიქრის საფუძველს?

ინსტინქტი მკარნახობს. შეიძლება ვცდები. ზოგადად, შურისძიება ისეთი კერძია, რომ ცივად უკეთ იჭმევა. როდესაც მშვიდად მოქმედებ, უფრო მეტს მიიღებ, ვიდრე მყისიერი, ცხელი რეაქციით.

სააკაშვილის პოლიტიკური ოპონენტების მთავარი პირობა რუსეთთან ურთიერთობის “დალაგებაა”, თანაც საქართველოს დასავლური კურსის შეცვლის გარეშე. რამდენად რეალისტურად გესახებათ ეს დაპირება? ჯორჯ კენანი ამტკიცებდა, რომ რუსეთთან კეთილმეზობლობა შეუძლებელია, ან მისი ვასალი უნდა იყო, ან მტერი. თქვენ რას ფიქრობთ?

ამ კითხვაზე ერთი კარგი წიგნი გამახსენდა – “მოლაპარაკება საბჭოთა კავშირთან” (Negotiating with Soviets), ასე ჰქვია. ვფიქრობ, კენანი მართალია, რუსეთთან ურთიერთობაში ან „ია ნაჩალნიკ, ტი დურაკ” უნდა იყოს, ანდაც პირიქით. მასთან თანასწორი ურთიერთობა აბსურდია. საქართველო ვერ იმეგობრებს რუსეთთან.

ამას გარდა, გაიხედ-გამოიხედეთ, მაჩვენეთ ქვეყანა, რომელთანაც რუსეთს ნორმალური ურთიერთობა აქვს – გნებავთ დიდი, გნებავთ პატარა. ერთადერთი შროდერის გერმანია მახსენდება, ვისთანაც რუსეთმა ნორმალური ურთიერთობა შეძლო, ისიც იმიტომ, რომ შროდერს თავიანთ ჭკუაზე ატარებდნენ. მაგრამ თქვენ ვერ დამისახელებთ ვერცერთ ქვეყანას, რომელიც რუსეთთან ურთიერთობით კმაყოფილია.

მაგალითად, დანია და გერმანია, ან ნიდერლანდები და გერმანია ავიღოთ. მათ ისტორიული საფუძველი აქვთ იმისთვის, რომ დაპირისპირებულნი იყვნენ, მაგრამ გერმანია ყველაფერს აკეთებს, რომ ამ ქვეყნებთან ნორმალური ურთიერთობა იქონიოს. რუსეთის შემთხვევაში, ასეთ ქვეყანას ვერ იპოვით – ვენესუელას თუ არ ჩავთვლით, ისიც იმიტომ, რომ იქაურ დიქტატორს რუსული ავტოკრატია მოსწონს.

ასე რომ – არა, თუ რუსეთში რეჟიმი არ შეიცვალა, საქართველო-რუსეთის ნორმალური ურთიერთობა რეალისტურად არ მეჩვენება.

რადგან რეჟიმის ცვლილება ახსენეთ, შეგეკითხებით – რუსეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მოწმობს, რომ საზოგადოების ნაწილს მოთმინება ამოეწურა და მდგომარეობის შეცვლას ცდილობს. როგორ შეაფასებდით ამ პროცესს?

ერთი რამ ცხადია, ჩვენ ვერაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ რუსეთის შიგნით მიმდინარე პროცესებზე გავლენა მოვახდინოთ. მაგრამ შეგვიძლია მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველო და ბალტიის ქვეყნებია. მეორე, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ისაა, რომ საკუთარი თავების კორუმპირება შევწყვიტოთ – შემოვიღოთ ფულის გათეთრების მკაცრი რეგულაციები, რაც რუსებს ფულით მანიპულირების არეალს შეუზღუდავს.

მოახერხებს კი უკმაყოფილო საშუალო ფენა რუსეთის დემოკრატიის გზით წაყვანას? მეეჭვება.

ჩვენ პუტინის პერსონა რეჟიმისგან უნდა გავაცალკევოთ. პუტინი მძიმე დღეშია. ერთ დროს “ყოვლისშემძლე შტირლიცი” დღეს ძალიან დასუსტებულია, რუსული პოლიტიკა კი სუსტებს ვერ ეგუება. მან გაძლიერება უნდა იჩქაროს, თუმცა მგონია, რომ ამას ვერ შეძლებს – ძველ ავტორიტეტს ვეღარ აღიდგენს.

თავი ამოწურა იმ ბიზნესმოდელმაც, რომლის ფარგლებშიც ბუნებრივ რესურსებში აღებული ფულით ყიდულობ პოლიტიკურ კეთილგანწყობას – მონსტრის გამოკვებას ეგ ფული აღარ ყოფნის.

რეჟიმს რაც შეეხება, ის უფრო დიდხანს გაძლებს, თუკი განდევნის პუტინს და შეცვლის იმ ბიზნესმოდელს, რომლითაც მოქმედებს, გადადგამს ნაბიჯებს მოდერნიზაციისკენ, მოიშორებს რამდენიმე ოლიგარქს და შეეცდება ეკონომიკის დივერსიფიკაციას. მაგრამ ის კვლავინდებურად КГБ-ს რეჟიმად დარჩება და კეთილ მეზობლად არ იქცევა.

ჩემი ვარაუდი ასეთია და ვშიშობ, რომ დასავლეთს ისე გაუხარდება პუტინის წასვლა, ზედმეტი ფიქრის გარეშე ჩავიხუტებთ გულში ახალ, მაგრამ რეალურად ძველ რეჟიმს. იმის გაუაზრებლად, რომ არსებითად არაფერი შეცვლილა.

კომენტარები