ავტომობილი

ავტონომიური ავტომობილები საწვავის დაზოგვისთვის

საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომელთა მასშტაბებიც მზარდი ტემპით მატულობს, უკვე ავტოწარმოებაშიც ღრმადაა გამჯდარი. მათი მეშვეობით დღევანდელი ავტომობილები იმ მანქანების აჩრდილსღა წარმოადგენს, რომლებიც 100 წლის წინ დადიოდნენ ქუჩებში. საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT) მძღოლისთვის კარგ დამხმარედ იქცა, რაც არა მხოლოდ მგზავრობისას ფეისბუქელი მეგობრებისთვის მარშრუტის გაზიარებით შემოიფარგლება. IT-ის დახმარებით შესაძლებელია ავტომობილების უფრო მაღალეფექტური მოდელების შექმნა, რომლებიც დიდი ოდენობით საწვავის დაზოგვას შეძლებენ.

საწვავის ეკონომია და უსაფრთხო მგზავრობა ორი ყველაზე დიდი პრობლემაა, რომლებიც მომრავლებული ავტომობილების გამოა აქტუალური. მართალია, არსებობს ჰიბრიდული მანქანები, სადაც კომპიუტერით მართული ძრავა წვას შესამჩნევად ამცირებს, მაგრამ ამ სფეროში ლიმიტი უკვე თითქმის მიღწეულია. ახლა ჯერი ადამიანური ფაქტორის გამორიცხვაზეა. ამის შესახებ ჯერ კიდევ 15 წლის წინ თქვა Volvo-ს ერთმა ინჟინერმა. მან კითხვაზე „შესაძლებელია თუ არა ავტომობილების 100%-იანი უსაფრთხოების მიღწევა”, უპასუხა – „დიახ, თუკი მას ადამიანები არ მართავენ”.

პროექტი მთლიანად კომპიუტერიზებული ავტომობილის შესახებ დეტროიტელ ინჟინრებს ჰქონდათ General Motors-იდან, თუმცა მისი სირთულიდან გამომდინარე, ჩავარდა. ამ პროექტის მიხედვით, ყველა ავტომობილის ბორტი უნდა აღჭურვილიყო რთული კონსტრუქციის კომპიუტერით, რომელსაც ერთ, მთავარ კომპიუტერთან ექნებოდა კავშირი. სწორედ ის მოახდენდა მანქანების ავტომატურ მართვას. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ქუჩებში თითქმის იდეალურ მოძრაობას მივიღებდით – ყველა საგზაო საცობი ხომ ადამიანური ფაქტორითაა გამოწვეული, ცენტრალური მართვა კი ამ პრობლემას აგვარებს. თუმცა, მეორე მხრივ, ავტომფლობელს თავისუფალი გადაადგილების საშუალება ეზღუდება. სისტემის ამუშავებისთვის კი საჭიროა, რომ ყველა მანქანა საჭირო ტექნოლოგიით იყოს აღჭურვილი, რაც ძვირი და, ამავდროულად, რთულად მისაღწევი მიზანია.

არსებობს საწვავის დაზოგვისა და მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდის მეორე მიმართულებაც – როდესაც ყველა ავტომობილის ერთ, მთავარ კომპიუტერთან დაკავშირება სავალდებულო აღარ არის და ამ ტექნოლოგიების დანერგვა უფრო მარტივი და იაფია, ვინაიდან კომპიუტერების პროცესორების სიმძლავრე სწრაფად იზრდება, ტექნოლოგიები კი იაფდება. ამის გამო თანამედროვე მანქანების უმეტესობას უკვე აქვს კრუიზკონტროლის „ჭკვიანი” სისტემა, რომელიც გარემოს რადარით ამოწმებს, სახიფათო მანძილზე სხვა ავტომობილის აღმოჩენის შემთხვევაში მძღოლს აფრთხილებს, საჭიროების მიხედვით კი ავტომობილის მართვაშიც ერევა და სისწრაფეს ამცირებს.

ყველაზე დიდი წარმატება ავტონომიური ავტომანქანების შექმნაში მაინც Google-ს აქვს. ჯერ კიდევ შარშან, Google-ის ინჟინრებმა შექმნეს უმძღოლო ავტომობილის საცდელი მოდელი, რომელმაც როგორც გამოსაცდელ მოედანზე, ასევე რეალურ პირობებში საკმაო წარმატებით ჩააბარა გამოცდა. Google-ის უმძღოლო მანქანა, ინჟინრების მეთვალყურეობით, ამერიკის გზატკეცილებზე რამდენიმედღიან ტურნეში გაუშვეს. ამ ხნის განმავლობაში მას არ დაუშვია არცერთი შეცდომა, არ გადაუჭარბებია სისწრაფისთვის და არ შეუქმნია საავარიო სიტუაცია. ამ ექსპერიმენტმა დაამტკიცა, რომ ავტოტრეფიკის ოპტიმიზებისთვის სავალდებულო არაა, გზაზე მოძრავ ყველა ავტომობილს ავტომატური მართვის სისტემა გააჩნდეს.

სამომავლოდ იგეგმება ისეთი სისტემის შექმნა, რომლის დახმარებითაც მანქანა, GPS-ის მეშვეობით, ცენტრალურ კომპიუტერს გადასცემს მონაცემებს მდებარეობის, მიმართულების და სიჩქარის შესახებ. ცენტრალური კომპიუტერი კი სხვადასხვა ავტომობილებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავებით გამოთვლის საგზაო საცობის წარმოშობის ალბათობას და მისი თავიდან არიდების მიზნით, მძღოლს ოპტიმალურ მარშრუტს მიაწვდის.

საცობები, მძღოლის მიერ ზედმეტად გამოყენებული მუხრუჭი ან მანქანის აჩქარება საწვავის გაფლანგვის ყველაზე დიდი მიზეზებია. მხოლოდ ამერიკის მასშტაბით, საგზაო საცობებში ერთი წლის განმავლობაში 7.6 მილიარდ ლიტრზე მეტი საწვავი იხარჯება ტყუილად. BMW-ს ინჟინრის, კრუიზკონტროლის სისტემების დამუშავებაში ჩართული ვერნერ ჰუბერის გამოთვლებით, საკმარისია ყოველი მეხუთე მანქანის მსგავსი სისტემით აღჭურვა, რომ საცობების რაოდენობა მკვეთრად შემცირდეს, ყველა ავტომობილზე მისი დაყენებით კი საწვავის მოხმარებამ შეიძლება 83%-ით იკლოს.

 

კომენტარები