საფრანგეთი

ოლანდის გზა

0 კომენტარი

მაისს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სოციალისტური პარტიის კანდიდატმა ფრანსუა ოლანდმა ექსპრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დაამარცხა. გამარჯვება ოლანდის მხარდამჭერებმა პომპეზურად აღნიშნეს, მაგრამ ახალ პრეზიდენტს ტრიუმფით ტკბობისთვის დიდი დრო არ ექნება. მისი ინაუგურაცია 16 მაისს შედგება, რის შემდეგაც პირველი ოფიციალური ვიზიტით გერმანიას ეწვევა. 18 მაისს ოლანდი ოკეანის გაღმა გაემგზავრება და კემპ დევიდში დიდი რვიანის ქვეყნების ლიდერებს გააცნობს თავს. 20-21 მაისს ოლანდს ჩიკაგოში NATO-ს სამიტი ელის, ივნისში კი საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე ოლანდის მთავრობის ფორმირება იქნება დამოკიდებული და რადგან საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ ორთვიანი შუალედით ტარდება, ივნისში ფავორიტად სოციალისტური პარტია ითვლება. იქამდე საფრანგეთის ახალმა პრეზიდენტმა სასურველი პრემიერმინისტრი უნდა მოიძიოს. პრემიერის პოსტზე უპირველეს კანდიდატად ქალაქ ნანტის მერი და საფრანგეთის პარლამენტში სოციალისტური პარტიის ჯგუფის ლიდერი ჟან-მარკ ეირო მოიაზრება. 62 წლის ეირო პარტიაში ავტორიტეტით სარგებლობს და გერმანიის პოლიტიკურ ელიტასთან ახლო ურთიერთობები აკავშირებს. პრემიერმინისტრის პოსტზე კიდევ ერთი კანდიდატი სოციალისტური პარტიის ლიდერი და ქალაქ ლილის მერი მარტინ ობრია. 61 წლის ობრი ოლანდის მენტორისა და 1985-1995 წლებში ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟაკ დელორის ქალიშვილია. სწორედ ის იყო 35-საათიანი სამუშაო გრაფიკის შემოღების ინიციატორი. 2008 წელს ობრიმ სოციალისტური პარტიის ლიდერის პოსტზე ოლანდი შეცვალა, 2011 წელს კი მასთან საპრეზიდენტო არჩევნების პრაიმერიზში დამარცხდა. ობრის პრემიერმინისტრად დანიშვნას პარტიის მარცხენა ფლანგი მიესალმება.

ოლანდი საფრანგეთის ეკონომიკაში გადასახადების გაზრდასა და ძვირი სოციალური უზრუნველყოფის სისტემის შენარჩუნებას აპირებს. არჩევნებში გამარჯვებისთანავე მან განაცხადა, რომ ქამრის შემოჭერის პოლიტიკა უკვე აღარ არის გარდაუვალი. ის უახლოეს 5 წელიწადში დამატებით 20 მილიარდი ევროს დახარჯვას გეგმავს. ექსპერტთა ვარაუდით, მასშტაბური ხარჯვითი პოლიტიკის გაგრძელება ინვესტორებს დააფრთხობს, რადგან საფრანგეთის საჯარო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 90 პროცენტს აღწევს. ამას

მდიდრებისთვის გადასახადების 75%-მდე გაზრდა ემატება.ოლანდის გამარჯვებასთან ერთად, დოლართან მიმართებაში ევროს კურსი კიდევ უფრო დაეცა.

გაზრდილი ხარჯების მიუხედავად, ოლანდი იმედოვნებს, რომ 2013 წლისთვის საფრანგეთი მოახერხებს ევროკავშირის მოთხოვნის შესრულებას და საბიუჯეტო დეფიციტის მშპ-ს 3 პროცენტამდე ჩამოყვანას. თუმცა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლებით, 2013 წლის ბოლოსთვის დეფიციტი მშპ-ს 3.9% იქნება. საფრანგეთის მთავრობას მოუწევს, რომ მხოლოდ შემდეგ წელს საკუთარი ხარჯები 18 მილიონი ევროთი შეამციროს. დაბალანსებული ბიუჯეტი საფრანგეთს ბოლოს 1974 წელს ჰქონდა. არაა გამორიცხული, გადასახადების ზრდასთან ერთად ქვეყნიდან კაპიტალის გადინება გაგრძელდეს. სავარაუდოდ, ფრანგული ფული ლონდონში აღმოჩნდება.

ოლანდის გაპრეზიდენტებით დაიშალა მერკელისა და სარკოზის დუეტი – მერკოზი. მერკელი არჩევნებზე ნიკოლა სარკოზის უჭერდა მხარს, ოლანდმა კი წინასაარჩევნო კამპანიისას განაცხადა, რომ გერმანია მთელი ევროპის ბედს არ უნდა წყვეტდეს. ოლანდსა და მერკელს თავდაპირველად ევროპის ფისკალურ აქტზე მოუწევთ მოლაპარაკება, რომელიც სამთავრობო ხარჯების შემცირებასა და ბიუჯეტების დაბალანსებას ისახავს მიზნად. ოლანდს სურს შეთანხმებაში მინიმალური ზრდის მიღწევის პუნქტი ჩადოს. აქტზე მოლაპარაკებების განახლება მის რატიფიკაციას ჩააგდებს. მერკელს არ სურს შეთანხმების გადახედვა და ამას 6 მაისამდეც ამბობდა. გერმანიის კანცლერმა საკუთარი პოზიცია საფრანგეთის ახალ პრეზიდენტს სატელეფონო მილოცვაშიც შეახსენა.

მერკელის კოალიციამ (ქრისტიან-დემოკრატიული პარტიისა და თავისუფალ დემოკრატთა ალიანსი) შლეზვიგ-ჰოლშტაინის ადგილობრივ არჩევნებში ვერ გაიმარჯვა, რის შემდეგაც მას კიდევ უფრო ნაკლები სურვილი ექნება, რომ კომპრომისზე წავიდეს. მეორე მხრივ, ვერც საბერძნეთის არჩევნებში გაიმარჯვეს იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც ევროკავშირის ფინანსური დახმარების პროგრამასა და რეფორმების გატარებას ეთანხმებოდნენ. გერმანელებმა ფრანგებს შეიძლება ეკონომიკური ზრდის მიღწევის ალტერნატიული მექანიზმების შემუშავება (და არა ფისკალური აქტის შესწორება) შესთავაზონ.

ფისკალური რეფორმებიდან გადახვევამ შეიძლება გამოიწვიოს ევროსკეპტიკოსების – პირველ რიგში კი ბრიტანეთის – ევროკავშირის

ეკონომიკურ პოლიტიკასთან კიდევ უფრო გაუცხოება. მიუხედავად იმისა, რომ ფისკალურ შეთანხმებას არ შეუერთდა, ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კამერონი სამთავრობო ხარჯების შემცირებას ემხრობა, რაც შესაძლოა ბრიტანეთისა და გერმანიის დაახლოების წინაპირობა გახდეს.

როდესაც ოლანდი და მისი თანამოაზრეები ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობენ, ისინი კეინსიანურ პოლიტიკას – შიდა ბაზრების წახალისებას, ინფრასტრუქტურული პროექტებისა (ოლანდს სურს ევროკავშირში ისინი ევროპის ცენტრალურმა ბანკმა დააფინანსოს) და მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებას (ევროპის საინვესტიციო ბანკიდან) გულისხმობენ. ევროპის საინვესტიციო ბანკი თანხებს სამთავრობო გარანტიების საფუძველზე გასცემს, სამხრეთის ქვეყნებს (პორტუგალია, ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი) კი დამატებითი ფინანსური პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლიათ.

ინფრასტრუქტურული პროექტები კიდევ უფრო მეტ სამთავრობო ხარჯებს გულისხმობს. ექსპერტთა მოსაზრებით, ხარჯვის პოლიტიკის გაგრძელებას (რამაც ევროკავშირი კრიზისამდე მიიყვანა) ფინანსური ბაზრები უარყოფითად უპასუხებენ, გარკვეული პოტენციური ეკონომიკური ზრდის დაფიქსირების მიუხედავად კი, საბოლოო შედეგი გადასახადების, საბიუჯეტო დეფიციტის, საჯარო ვალისა და ინფლაციის გაზრდა იქნება.

ევროპის ქვეყნების პრობლემა, გადახარჯვის გარდა, კონკურენტუნარიანობის დაკარგვაა. ევროპა მსოფლიო ეკონომიკის ტემპს ვერ აყვა: 1974 წელს დასავლეთ ევროპის ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკის 36 პროცენტს შეადგენდა, 2011 წლისთვის ეს მაჩვენებელი 26 პროცენტამდე დავარდა, 2020 წლისთვის კი 15 პროცენტამდე დაიწევს. 1970-იანი წლების შემდეგ ამერიკის მაჩვენებელი (26%) არ შემცირებულა.

ოლანდის წინასაარჩევნო პროგრამის 60 პუნქტიდან საგარეო პოლიტიკას 10-ზე ნაკლები ეთმობოდა, ანუ სავარაუდოდ, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ ოლანდი სარკოზიზე ნაკლებად აქტიური იქნება. ამ უკანასკნელის მარცხი ეწყინათ ლიბიაში, სადაც საფრანგეთის ექსპრეზიდენტი NATO-ს ინტერვენციის ინიციატორი იყო და ამან აფრიკული ქვეყანა მუამარ კადაფისგან გაათავისუფლა. სამაგიეროდ, ოლანდის გამარჯვება გაუხარდათ სირიაში, სადაც ბაშარ ასადის ავტორიტარული რეჟიმი ჯერ კიდევ ინარჩუნებს ხელისუფლებას, სარკოზი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალან ჟუპე კი მისი დისკომფორტის მიზეზები იყვნენ.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სარკოზი საფრანგეთის ყველაზე პროამერიკულ პრეზიდენტად ითვლებოდა, ოლანდი კი ავღანეთიდან საფრანგეთის ჯარების სასწრაფოდ გამოყვანას აპირებს. მას ექნება საშუალება, რომ ეს გადაწყვეტილება 18 მაისს, დიდი რვიანის ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას პირადად ამცნოს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თამუნა აქსანდერი

კომენტარები