სომხეთი

სომხეთში მმართველი პარტია იმარჯვებს

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის პარტიამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ადგილების უმეტესობა მოიპოვა. საკუთარი პარტიის გამარჯვებამ, მომავალ წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში, მოქმედ პრეზიდენტს პოზიციები უფრო გაუმყარა.

საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ ხმების 44% მიიღო. მეორე ადგილზე 30%-ით ამჟამინდელ სამთავრობო კოალიციაში მყოფი აყვავებული სომხეთის პარტია გავიდა. პარლამენტში მოხვედრა ხმების 7%-ით ყოფილი პრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანის ცენტრისტულმა სომხეთის ეროვნულმა კონგრესმაც შეძლო. 5%-იანი საარჩევნო ზღვარის გადალახვა აგრეთვე სამმა პარტიამ მოახერხა: ლიბერალურ-ცენტრისტულმა მემკვიდრეობამ, ცენტრისტულმა კანონის ძალაუფლებამ და სოციალისტურმა სომხურმა რევოლუციურმა ფედერაციამ, იგივე დაშნაკცუტიუნმა.

სომხეთის ეროვნულ კრებაში 131 ადგილია. 90 დეპუტატი პარტიების პროპორციული სიებით ირჩევა, 44 კი – მაჟორიტარული სისტემით. წინა, 2007 წლის არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებულ სამთავრობო კოალიციაში შედიოდა ოთხი პარტია, რომელთაგან ერთი მას 2009 წელს გამოეყო საგარეო პოლიტიკაში განსხვავებული ხედვის გამო. წლევანდელი არჩევნები ნაკლებად იყო დამძიმებული ტრადიციული კონფლიქტებით მთავრობასა და ოპოზიციას შორის – ის უფრო მმართველი კოალიციის წევრებს შორის ადგილების გადანაწილებას მოგვაგონებდა.

მმართველი რესპუბლიკური პარტია ქვეყნის უდიდესი მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური ძალაა. მისი იდეოლოგია მეოცე საუკუნის დასაწყისში წარმოქმნილ ნაციონალისტურ წეგაკრონს (ითარგმნება, როგორც „ერი-რელიგია”) ემყარება, რომლის მიხედვით, სომხურ ეროვნულ იდენტობას აუცილებლად რელიგიური მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. ლევონ ტერ-პეტროსიანის სომხეთის ეროვნული კონგრესი ცამეტი ოპოზიციური პარტიის გაერთიანებაა, რომლის უშუალო წინამორბედი, ლიბერალური პანსომხური ეროვნული მოძრაობა, 1998 წელს ტერ-პეტროსიანის გადადგომამდე პარლამენტში დომინანტ ძალას წარმოადგენდა.

მეორე ადგილზე გასული კონსერვატორული აყვავებული სომხეთის პარტიის ლიდერი ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი გაგიკ ცარუკიანია. ის მთავრობასთან დაკავშირებულ ყველაზე გავლენიან ოლიგარქად და წინა პრეზიდენტის, რობერტ კოჩარიანის მთავარ ბიზნესპარტნიორად მიიჩნევა. ექსცენტრული ცარუკიანი ევროპის ყოფილი ჩემპიონია მკლავჭიდში და ცნობილია თეთრი ტანისამოსისა და ლომის ბოკვერების განსაკუთრებული სიყვარულით. წელს ცარუკიანმა, საარჩევნო კამპანიის დროს, ქველმოქმედების სახით 500 ტრაქტორი დაარიგა, ხოლო 2007 წელს სოფლის მცხოვრებლებზე დიდი რაოდენობით კარტოფილი გასცა. სომხეთში ხუმრობენ, რომ დროის გასვლასთან ერთად ცარუკიანის ქრთამი უმჯობესდება.

საარჩევნო კამპანიის მთავარ თემებს უმუშევრობა, სიღარიბე და ემიგრაცია წარმოადგენდა. ყარაბაღის კონფლიქტის ნაცვლად სოციალური პრობლემების პრიორიტეტულობა სომხეთისთვის უჩვეულოა. დიდი განსხვავება ორი წამყვანი მემარჯვენე პარტიის ეკონომიკურ პროგრამებს შორის არ ყოფილა და ყურადღება უფრო საშინაო მრეწველობის აქტიურ განვითარებას, ასევე რუსეთთან და საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაგრძელებას ეთმობა. 2008-2009 წლების გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა სომხეთს დიდი დარტყმა მიაყენა – მისი მშპ 14,2%-ით შემცირდა.

ტრადიციულ დარღვევებს მიჩვეული სომეხი ამომრჩეველი წლევანდელ არჩევნებს დემოკრატიის ათვლის წერტილად მიიჩნევს. პროცესის მშვიდობიანად ჩატარებას ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება 2008 წლის თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ტერ-პეტროსიანის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეტაკებებს ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თუ ევროპელი დამკვირვებლების მხრიდან დაბალი შეფასება იქნება, მაშინ ევროკავშირის დახმარების პროექტებში სომხეთის მონაწილეობას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას საფრთხე ემუქრება. წლევანდელ განცხადებაში ეუთომ საარჩევნო რეფორმების და ღია გარემოს შექმნისთვის სომხეთის მთავრობა კი შეაქო, თუმცა ხაზი გაუსვა პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებას შორის ნდობის ნაკლებობას.

შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები სომხეთში 2013 წლის თებერვალში გაიმართება და უმთავრესი კანდიდატები იქნებიან მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები, სერჟ სარგსიანი და ლევონ ტერ-პეტროსიანი. მათ გარდა, ბრძოლაში შესაძლოა კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ კოჩარიანი ჩაერთოს. მისი მთავარი მხარდამჭერი გაგიკ ცარუკიანის აყვავებული სომხეთის პარტია იქნება.

კომენტარები