არჩევნები

ნეოფაშისტები და კომუნისტები საბერძნეთის პარლამენტში

0 კომენტარი

კვირას, 6 მაისს, ფინანსური კრიზისის შემდეგ პირველად, საბერძნეთმა ახალი პარლამენტი აირჩია. თუმცა არაა გამორიცხული, რომ მომავალ თვეში ბერძნებს არჩევანის გაკეთება ერთხელაც მოუწიოთ – მთავრობის ფორმირებისთვის მანდატი არცერთ პარტიას არ ყოფნის, პოლიტიკურ შეხედულებებში ფუნდამენტური სხვაობა კი კოალიციის შექმნის შანსებს ამცირებს.

2009 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანას კონსერვატორების (ახალი დემოკრატია, ND) და სოციალ-დემოკრატების (საერთობერძნული სოციალისტური მოძრაობა, PASOC) კოალიცია მართავდა. მაშინ მათ ამომრჩეველთა ხმების 77% მოიპოვეს (ND – 33%, PASOC – 44%). 6 მაისს გამართულ არჩევნებში კი ყოფილმა კოალიციამ ხმების დაახლოებით მესამედს მოუყარა თავი ( ND – 18,85%, PASOC – 13,18%). თუ შევაჯამებთ, სამი წლის განმავლობაში მათ 3.3 მილიონი ამომრჩევლის მხარდაჭერა დაკარგეს.

მოსახლეობის იმედგაცრუების ახსნა ერთი წინადადებითაც შეიძლება: როდესაც უმუშევრობა, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით 25%-მდეა, ხოლო ახალგაზრდებში 45%-ს აღწევს, უკეთესი შედეგის მიღწევა ნაკლებად მოსალოდნელია. ამას ემატება ბრიუსელთან თებერვალში გაფორმებული ანტიკრიზისული პაკეტით ნაკისრი ვალდებულებები სახელმწიფო დანახარჯების შემცირების შესახებ, რისი შესრულებაც ხელფასებისა და პენსიების კლებისა და უმუშევრობის გაზრდის ხარჯზე უნდა მოხდეს.

ND-მ და PASOC-მა პოპულარობა სწორედ სახელმწიფო დანახარჯების – ხელფასების, პრემიებისა და პენსიების „ულიმიტო გაზრდის” საშუალებით მოიპოვეს. მაშინ ამის შედეგებს არავინ უფიქრდებოდა, რადგან მომავლის საქმედ თვლიდნენ. ახლა კი, როცა ეს მომავალი შეიძლება ძალიან ახლოს იყოს გაბანკროტების სახით, სწორედ ეს ორი პარტია უჭერს მხარს „ქამრების შემოჭერის” პოლიტიკას, რომელიც მოსახლეობაში, ცხადია, მეტად არაპოპულარულია.

6 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე ბერძნებმა ზუსტად ამ პოლიტიკის წინააღმდეგ გაილაშქრეს. პოლიტიკური მიმომხილველების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ამომრჩევლების მთავარი მიზანი არა ახალი მთავრობის ფორმირება, არამედ პროტესტის გამოხატვა იყო.

უმუშევრობის ზრდამ, ხელფასებისა და პენსიების შემცირებამ და მუდმივმა ეკონომიკურმა პრობლემებმა მოსახლეობის რადიკალიზება გამოიწვია. შედეგად, პარლამენტში ექსტრემისტული ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი მოხვდა. ოქროს განთიადი (Golden Dawn), არსებობის მანძილზე პირველად, პარლამენტში 21 წევრს წარადგენს. პარტია ღიად ეწინააღმდეგება ინდუსტრიულ რევოლუციას, აპირებს „გაანადგუროს” საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ყველა, ვინც მსოფლიოს უზურპირება მოახდინა. პარტიის ლიდერმა, ნიკოს მიჩალოლიაკოსმა პარლამენტში შესვლა შემდეგი სიტყვებით აღნიშნა: „შიშის დრო დადგა”.

ახალი მოწვევის პარლამენტში 52 ადგილი შეხვდა რადიკალ მემარცხენეთა კოალიციას – სირიზა. კოალიციის არსზე ბევრს მეტყველებს მასში შემავალი პარტიების სახელწოდებები: AKOA (განახლებული კომუნისტური ეკოლოგიური მემარცხენეები), KOE (საბერძნეთის კომუნისტური ორგანიზაცია), DEA (ინტერნაციონალური მუშა მემარცხენეები) და ასე შემდეგ.

პარლამენტში ასევე მოხვდნენ დამოუკიდებელი ბერძნები 10.6%-ით, საბერძნეთის კომუნისტური პარტია – 8.48% და დემოკრატიული მემარცხენეები – 6.11%.

ამ პარტიების მთავარი გამაერთიანებელი „ქამრების შემოჭერის” პოლიტიკის წინააღმდეგობაა და მოსალოდნელია, რომ ისინი პარლამენტში სირიზას ირგვლივ გაერთიანდებიან. ამ უკანასკნელს მნიშვნელოვანი როლი აქვს, რადგან სწორედ მისმა ლიდერმა უნდა შექმნას კოალიცია ახალი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად. ამ მიმართულებით უშედეგო აღმოჩნდა კონსერვატორების ლიდერის, ანტონის სამარასის მცდელობა, როგორც თავად ამბობს – „ევროზონაში დარჩენისა და „ქამრების შემოჭერის” პოლიტიკის მხარდაჭერის გამო”.

ბერძნულ პოლიტიკაში ექსტრემისტებისა და რადიკალი მემარცხენეების დაწინაურებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი პრობლემები წარმოშვას. თუ კრედიტორები ჩათვლიან, რომ საბერძნეთმა ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, მომდევნო დახმარებას არ გამოყოფენ, რასაც შეიძლება საბერძნეთის საბოლოო გაბანკროტება მოჰყვეს. ეს კი მთელ ევროკავშირს შეუქმნის პრობლემებს.

ევროპულ პოლიტიკაში ექსტრემისტული ძალების პოპულარობის ზრდა ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, და ეს გამოწვევა მხოლოდ საბერძნეთის შემთხვევაში არ არსებობს. საფრანგეთში, ისევე როგორც საბერძნეთში, ამომრჩეველთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა მხარი ექსტრემისტულ ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე პარტიებს დაუჭირა. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ნაციონალისტი ლე პენი და ტროცკისტი მელანშონი ხმების დაახლოებით ერთ მესამედს იყოფდნენ. ლე პენის ანტიიმიგრაციული და ნაციონალისტური რიტორიკა ყველასთვის ცნობილია, მელანშონის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი გზავნილი კი მდიდრებისთვის შემოსავლების კონფისკაცია იყო.

მნიშვნელოვანწილად სწორედ მელანშონის ამომრჩევლებმა განაპირობეს მეორე ტურში ოლანდის გამარჯვება. „სანაცვლოდ”, ოლანდი მდიდრებისთვის გადასახადების 75%-მდე გაზრდას და ევროპის ფისკალური პაქტის იდეის გადახედვას გეგმავს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები